თბილისის საქალაქო სასამართლოს ერთ-ერთ ოთახში, დიდი ოდენობით თანხების მითვისებაში ბრალდებული ბიზნესმენის, ირაკლი პაპიაშვილის გადაუდებელი ჩხრეკა ჩატარდა. ამასთან, პაპიაშვილის ინფორმაციით, პარალელურად ჩხრეკა ტარდება ქსნის ქუჩაზე მდებარე მის საცხოვრებელ სახლშიც.
როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა, ბრალდებულის ადვოკატს, გიორგი ყაველაშვილს განუცხადა, ჩხრეკა შესაბამისი დადგენილების საფუძველზე ტარდება.
თავის მხრივ, ადვოკატის ინფორმაციით, დადგენილებაში წერია, რომ მასთან, შესაძლოა, საქმისთვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა სახის ნივთები, ელექტრონული ინფორმაციები და მოწყობილობები ინახებოდეს, ამიტომ მისი გადაუდებელი ჩხრეკა უნდა ჩატარებულიყო.
“კონკრეტული მტკიცებულებების შინაარსზე ვერ ვისაუბრებ - წარდგენილი იყო შესაბამისი ინფორმაცია და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები. ეს გახლავთ ოპერატიული ინფორმაციის დამადასტურებელი ე.წ. პატაკი, ასევე მოწმეთა გამოკითხვის ოქმი“, - აღნიშნულის შესახებ პროკურორმა გიორგი ჯავარაშვილმა ჟურნალისტებთან სასამართლო გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა, რომლის თანახმადაც დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებულ ბიზნესმენს, გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა.
როგორც საქმის პროკურორმა აღნიშნა, საქმესთან დაკავშირებით აქტიური საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები მიმდინარეობს.
“ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მიღებული იქნა ინფორმაცია, რომ ბრალდებულები გეგმავდნენ საქართველოს სახელმწიფოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას, რასთან დაკავშირებითაც დაიწყო გამოძიება და დღეის მდგომარეობითაც გრძელდება შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები. შესაბამისი მტკიცებულებების და ინფორმაციის წარდგენის მიუხედავად, სასამართლოს მიერ ბრალდების მხარის მიერ დადგენილი შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მხოლოდ გიორგი ჩიკვაიძის მიმართ მოხდა აღკვეთის ღონისძიების შეცვლა, კერძოდ გირაო - პატიმრობით, პაპიაშვილის მიმართ არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა.
წარდგენილი იყო შესაბამისი ინფორმაცია და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები. ეს გახლავთ ოპერატიული ინფორმაციის დამადასტურებელი ე.წ. პატაკი, მოწმეთა გამოკითხვის ოქმი. კონკრეტული მტკიცებულებების შინაარსზე ვერ ვისაუბრებ. დღეის მდგომარეობით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. ამ მომენტისთვის, საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, ვინაიდან საქმეზე გამოძიება გრძელდება, კვლავ არსებობს დანაშაულის ჩადენის საფრთხე, მტკიცებულებების შინაარსზე ვერ მოგახსენებთ“, - აღნიშნა გიორგი ჯავარაშვილმა.
ინფორმაციისთვის, დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებულ ბიზნესმენს, გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა. რაც შეეხება მეორე ბრალდებულ ირაკლი პაპიაშვილს, მისთვის შეფარდებული გირაო ძალაში დარჩა. მოსამართლის განმარტებით, პაპიაშვილის მიმართ სასამართლომ დასაბუთებული არგუმენტი ვერ მოისმინა, თუ რატომ უნდა შესცვლოდა მას გირაო პატიმრობით. რაც შეეხება ჩიკვაიძეს, იზა კელენჯერიძის თქმით, საფუძველი არსებობს გამოძიების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაში, რომ შესაძლოა, მან მართლმსაჯულებას თავი აარიდოს. გიორგი ჩიკვაიძე სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს. მან მოსამართლეს “მურუსიძის მონა“ უწოდა და აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს მის დასასანქცირებლად“.
იხილეთ ასევე: