ავტორი:

შეკვეთილი მკვლელობის მცდელობა 500 000 დოლარის სანაცვლოდ - აშშ-ში საქართველოს მოქალაქე დამნაშავედ ცნეს: რა განცხადებას ავრცელებს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი?

შეკვეთილი მკვლელობის მცდელობა 500 000 დოლარის სანაცვლოდ - აშშ-ში საქართველოს მოქალაქე დამნაშავედ ცნეს: რა განცხადებას ავრცელებს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი?

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ირანის მთავრობამ ამერიკელი ჟურნალისტის, მასიჰ ალინეჯადის მკვლელობის მომზადებისთვის, ორი პირი დაიქირავა. მათ შორის ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქეა. 500 000 დოლარის სანაცვლოდ მათ ნიუ იორკში მცხოვრები ჟურნალისტი უნდა მოეკლათ.

  • დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ეს პირები არიან ფოლად ომაროვი და რაფათ ამიროვი, რომელთა შორის, ფოლად ომაროვი არის საქართველოს მოქალაქე. მათ მიმართ ფედერალურმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.
ფოლად ომაროვი

რაფათ ამიროვი

40 წლის ფოლად ომაროვი ცნობილია ასევე როგორც არაზ ალიევი, ფოლად ქაქა და ჰაჯი ქაქა. ბრალდებულები გაასამართლეს შეკვეთილი მკვლელობისთვის და მკვლელობის მცდელობისთვის. მათ მიმართ შეფარდებული სასჯელი კი 17 სექტემბერს გამოცხადდება.

მასიჰ ალინეჯადი

"ირანის რეჟიმის თავხედური შეთქმულება ამერიკელების მოსაკლავად და გასაჩუმებლად, არ იქნება შეწყნარებული. ეს განაჩენი აჩვენებს იუსტიციის დეპარტამენტის ვალდებულებას, მოძებნოს და პასუხისგებაში მისცეს ის, ვინც საფრთხეს უქმნის ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენს თავისუფლებას. ჩვენ ახლა ერთი დიდი ნაბიჯით მივუახლოვდით სამართლიანობას“, - აცხადებს დეპარტამენტის ეროვნული უსაფრთხოების განყოფილების ხელმძღვანელი.

  • სასამართლო დოკუმენტების თანახმად, ომაროვი და ამიროვი იყვნენ აღმოსავლეთ ევროპის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის, the Organization-ის მაღალი რანგის წევრები, რომლებიც ორგანიზაციის სხვა წევრებთან ერთად მუშაობდნენ მასიჰ ალინეჯადის მოკვლის საქმეზე და ისინი მოქმედებდნენ ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის მითითებით.

მასიჰ ალინეჯადი ადრეც ყოფილა მსგავსი შეთქმულების სამიზნე, ის მუშაობს ირანში ადამიანის უფლებების თემაზე და აშუქებს იქ არსებულ ვითარებას.