ზურაბ ჯიბუტი შეიარაღებული ძალების თადარიგის ოფიცერი და რუსეთ-უკრაინის ომის მონაწილეა, თუმცა ქართველმა ხალხმა ის 2024 წლის ნოემბერში დაწყებული საპროტესტო აქციების დროს გაიცნო.
Ambebi.ge-სთვის ცოტა ხნის ცნობილი გახდა, რომ ზურა ჯიბუტი ისევ უკრაინაში დაბრუნდა და ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლა გააგრძელა. საქართველოში ჩამოსვლისა და უკრაინაში დაბრუნების მიზეზებზე, ბრძოლის მოტივსა და ბევრ საინტერესო საკითხებზე ზურა თავად გვიამბობს.
- უკრაინიდან საქართველოში ზუსტად არჩევნების წინა დღეს ჩამოვედი. უკრაინაში საარჩევნო უბანი არ გახსნეს, მე კი ჩემი კონსტიტუციური უფლების გამოყენება მინდოდა. მეგონა რომ ჩემს ერთ ხმასაც კი მნიშვნელობა ექნებოდა, მაგრამ... ერთი კი არა, ასი ხმას ვერაფერს იზამდა, „ქართულ ოცნებას“ გაყალბების ისეთი მასშტაბები ჰქონდა... იმ დღეს, როდესაც პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განცხადება გააკეთა ევროკავშირთან გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე შეჩერებასთან დაკავშირებით ჩემს სახლში ვიყავი - ჩოხატაურში. გულმა არ მომისმინა, იმ დღესვე ჩავჯექი მანქანაში თბილისში ჩამოვედი. იმ დღის მერე დიდხანს ვიდექი რუსთაველის გამზირზე.
- უკან რატომ დაბრუნდით?
- მე სამხედრო ვარ, 2012 წლის 26 მაისს ფიცი დავდე ჩემი ქვეყნისა და უმაღლესი მთავარსარდლის წინაშე, რომ ვემსახურებოდი ჩემს სამშობლოს. დღემდე ვრჩები ამ ფიცის ერთგული. შესაბამისად, სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ვიბრძოლებ რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ, უკრაინაში იქნება ეს თუ სხვაგან, მტერი ყველგან მტერია.
- უკრაინაში ომის დაწყებისთანავე წახვედით?
- როგორც კი გავიგე რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, მაშინვე მინდოდა წასვლა, მაგრამ დიდი მიგრაციის გამო საზღვარზე დაბრკოლებები იყო. მერე გავიგე რომ "ქართული ლეგიონი" ახალ ქვედანაყოფს ქმნიდა და ხელმძღვანელებს დავუკავშირდი. დღეს "ქართული ლეგიონი" ჩემი ოჯახია... მე ვნახე ბუჩა და ჰოსტომელი, ვნახე და დავრწმუნდი რა საშინელებების და არაადამიანობის ჩადენა შეუძლიათ რუსებს. ისინი არ არიან მეომრები, ისინი ჩვეულებრივი მანიაკები არიან. შეუძლებელია იმ ჯოჯოხეთის აღწერა და გადმოცემა რას ამ ხალხმა უკრაინელებს გაუკეთეს. რაც იქ ვნახე მხოლოდ იმის მერე გავიაზრე, რა საშინელება გამოატარეს ქართველებს აფხაზეთის, აგვისტოს ომების დროს, აღარაფერს ვამბობ უფრო ადრეულ წარსულზე, როდესაც ქართველები მეფის რუსეთის თავის დაღწევას ცდილობდნენ. მნიშვნელობა არა აქვს, ოპოზიციას ვუჭერთ მხარს თუ ხელისუფლებას, ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ რუსეთი ყველაზე ვერაგი და დაუნდობელი მტერია.
- სამხედრო საქმე რატომ აირჩიეთ?
- ყოველთვის მინდოდა, რომ სამხედრო გავმხდარიყავი, მაგრამ დედისერთა ვარ და ჯარში არ გამიწვიეს. ჩოხატაურიდან ვარ, თბილისში სკოლის დამთავრების შემდეგ ჩამოვედი საბანკო-საფინანსო ინსტიტუტში ჩავაბარე - ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე. სხვათა შორის, ერთი პერიოდი ბიძინა ივანიშვილის ბანკში ვმუშაობდი და ჩემი ხელმძღვანელი გიორგი კვირიკაშვილი იყო. ყველაფერი იმაზე მეტყველებდა, რომ წარმატებული კარიერა მელოდა, მაგრამ ჯარზე ფიქრი მოსვენებას არ მაძლევდა. როდესაც გავიგე, რომ დავით აღმაშენებლის თავდაცვის ეროვნული აკადემია გაიხსნა, გადავწყვიტე იქ მესწავლა. სწავლის დასასრულს ლეიტენანტის წოდება მივიღე და მესამე ბრიგადის 33-ე ბატალიონის რიგებში ჩავდექი. ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაშიც ვიყავი, როგორც ოცეულის მეთაური... 2015 წელს 31-ე ბატალიონის ეგიდით ქაბულში წავედით. ვიყავი ცენტრალურ ბაზაში, საიდანაც მთელ ავღანეთში ოპერაციები იმართებოდა. 2017 წელს კონტრაქტის ვადა ამოიწურა. იმხანად უკვე დავრწმუნდი, რომ ნაცნობობის გარეშე ამ სისტემაში წინ ვერ წახვიდოდი და წამოვედი შეიარაღებული ძალებიდან.
- სამხედრო გამოცდილების მიუხედავად, ალბათ ოჯახს მაინც არ უნდოდა ომში რომ წასულიყავით...
- რა თქმა უნდა, არც უნდოდათ და არც სჯეროდათ, თუ წავიდოდი, ვიდრე ტაქსი არ მოვიდა და აეროპორტში არ გავემგზავრე. მეც გამიჭირდა 8 თვის შვილი და მეუღლის დატოვება ადვილი არ არის, არც მშობლების მაგრამ ეს ნაბიჯი აუცილებლად უნდა გადამედგა, რომ თუნდაც ჩემი შვილების წინა პირნათელი ვყოფილიყავი. ახლა ჩემი უფროსი შვილი 4 წლისა არის, უმცროსი - 2-ის. ახლა უფრო რთული იყო მათი დატოვება, მაგრამ...
- ომში მიღებული ტრავმის გამო ომში წასვლის გადაწყვეტილებას ხომ არ ნანობთ?
- სამშობლოს დაცვა, მისი სახელის მსოფლიოში გატანა და ჩვენი მტრის წინააღმდეგ ბრძოლა პატივია, ეს როგორ უნდა ვინანო? ჩემს დღევანდელ მდგომარეობასაც ძალიან მშვიდად ვუყურებ, ამას ვიღებ როგორც ჩვეულებრივ მოცემულობას. ფორმას რომ იცვამ, მით უფრო, ომში მიდიხარ, ყველაფრისთვის, მათ შორის სიკვდილისთვისაც მზად უნდა იყო და ოჯახის წევრებიც უნდა შეაგუო ამ აზრს.
- არც იმ მომენტის გახსენება გიჭირთ, როდესაც ორივე ფეხი დაკარგეთ?
- ვერ გეტყვით, რომ მსიამოვნებს ამ თემაზე საუბარი, თუმცა არც დეპრესიაში ვარდები, ამბავი კი ასეთი იყო - 2023 წლის მაისი იყო, „ქართული ლეგიონი“ ხარკოვის ერთ-ერთ მიმართულებაზე ვიყავით. ოპერაციის დროს ჩემი მეგობარი აფეთქდა და მის დასახმარებლად გავიქეცი... ამ დროს მეც ავფეთქდი. ჩემი აფეთქების დროს გამოსროლილმა ნაღმის ნამსხვრევებმა კიდევ ორი კაცი დაჭრა. მეგობარი, რომლის გადასარჩენადაც მივრბოდი გადარჩა, უბრალოდ ცალი ფეხი დაკარგა.
- ახლა უკრაინას რთული დღეები უდგას, ჯერ არავინ იცის, როგორ გადაწყდება ამერიკის მიერ უკრაინის დახმარების საკითხი, "ქართული ლეგიონის მეთაურს" კი გადაწყვეტილი აქვს, ნებისმიერ ვითარებაში დარჩეს და ბოლომდე იბრძოლოს უკრაინელების გვერდი. თქვენ რას აპირებთ?
- "ქართულ ლეგიონს" ჰყავს გამოცდილი და ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მებრძოლი უკრაინაში. მამუკა მამულაშვილი 2014 წლიდან ხელმძღვანელობს ქართველების ბრძოლას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ და დღემდე ერთგულად ემსახურება როგორც საქართველოს, ასევე უკრაინას. ჩემთვის პატივია ვიყო მის გვერდით და დიახ, ჩვენ ვიყავით და ვართ ყველა მნიშვნელოვან ოპერაციაში და ეს ასე გაგრძელდება ბოლომდე.ხათუნა ბახტურიძე