ავტორი:

აშშ-ის უსაფრთხოების სამსახურის სკანდალი გრძელდება - ამჯერად ირკვევა, რომ მაიკ უოლცი და ეროვნული უსაფრთხოების გუნდის სხვა წევრები საქმიანი მიმოწერისთვის Gmail-ს იყენებდნენ

აშშ-ის უსაფრთხოების სამსახურის სკანდალი გრძელდება - ამჯერად ირკვევა, რომ მაიკ უოლცი და ეროვნული უსაფრთხოების გუნდის სხვა წევრები საქმიანი მიმოწერისთვის Gmail-ს იყენებდნენ

The Washington Post-ის ინფორმაციით, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩეველი, მაიკ უოლცი და ეროვნული უსაფრთხოების გუნდის სხვა წევრები ოფიციალური საქმიანი სამთავრობო კომუნიკაციისთვის Gmail-ის პერსონალურ ანგარიშებს იყენებდნენ.

  • შეგახსენებთ, რომ ამ ინფორმაციის გავრცელებას წინ უსწრებდა ე.წ. სიგნალგეითის სკანდალი - როდესაც მაიკ უოლცმა გამოცემა The Atlantic-ის რედაქტორი შემთხვევით დაამატა Signal-ის ჩათში, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი თანამდებობის პირები "ჰუსიტებზე" თავდასხმის საკითხს განიხილავდნენ.

Gmail კიდევ უფრო ნაკლებად უსაფრთხოა, ვიდრე Signal.

როგორც The Washington Post წერს, უოლცის მთავარი თანაშემწეც იყენებდა Gmail.-ის ანგარიშს სამთავრობო კომუნიკაციისთვის, რომელიც მოიცავდა ინფორმაციას სენსიტიურ სამხედრო პოზიციებზე და შეიარაღების სისტემებზე. ასევე ირკვევა, რომ მაშინ, როცა ეროვნული უშიშროების საბჭოს თანამდებობის პირი იყენებდა Gmail-ის ანგარიშს კომუნიკაციისას, კოლეგები სხვა უწყებებიდან, მასთან სასაუბროდ იყენებდნენ სპეციალურად შექმნილ სამთავრობო ანგარიშებს

"პერსონალური ელ.ფოსტის ანგარიშების გამოყენება, თუნდაც არასაიდუმლო ინფორმაციისთვის, სახიფათოა, რადგან უცხოური დაზვერვის სამსახურები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ უმაღლესი თანამდებობის პირების კომუნიკაციებსა და განრიგს", - განუცხადეს ექსპერტებმა Washington Post-ს.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერი, ბრაიან ჰიუზი ამბობს, რომ უშიშროების საბჭოს თანამშრომლებს აქვთ მითითება, რომ გამოიყენონ უსაფრთხო პლატფორმები საიდუმლო ინფორმაციაზე სასაუბროდ.

ჰიუზის მტკიცებით, Signal-ის გამოყენება დამტკიცებულია უსაფრთხოების სამსახურის მიერ, თუმცა საიდუმლო ინფორმაციაზე სასაუბროდ არა. მისი მტკიცებით, უოლცს ეს არასდროს არ გაუკეთებია.

  • "სიგნალგეითის" სკანდალის დროს მედია წერდა, რომ დონალდ ტრამპი მაიკ უოლცს დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლებდა, თუმცა ტრამპმა მხარი დაუჭირა უოლცს და საჯარო გამოსვლისას ის დაიცვა.

არსებული ინფორმაციით, მაშინ უოლცის საკითხზე ტრამპი ესაუბრა ჯეი დი ვენსს და სხვა მაღალჩინოსნებს და განიხილა, დაეტოვებინა თუ არა ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე.

ჯერჯერობით, უცნობია როგორი იქნება დონალდ ტრამპის რეაქცია ახალ ინფორმაციაზე, რომელიც აშშ-ის უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნების მხრიდან საქმიანი მიმოწერისთვის Gmail-ის გამოყენებას გულისხმობს.