რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ კრივოი როგზე იერიში რაკეტებით განახორციელეს. მედიის ინფორმაციით, რაკეტა საცხოვრებელ კორპუსებს მოხვდა. არიან გარდაცვლილები, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები.
რაკეტა საბავშვო მოედანთან ახლოს ჩამოვარდა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილთა და დაშავებულთა უმეტესი ნაწილი მოზარდია.
ტელეგრამარხებზე საზარელი კადრები ვრცელდება. მშვიდობიანი მოქალაქეების ნაწილი საკუთარ სახლთან დაიღუპა, ნაწილი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
უკრაინული მედია აქვეყნებს კადრებს სადაც ჩანს, რომ წყვილი საკუთარ მანქანაში ცოცხლად დაიწვა.
“რუსულმა რაკეტამ დაარტყა ჩვეულებრივ, მშვიდობიან ქალაქს, ქუჩებს, სადაც საცხოვრებელი კორპუსები დგას. წინასწარი ვარაუდით, ეს იყო ბალისტიკური რაკეტა.
ამ დროისთვის, დადასტურებულია 14 სასიკვდილო შემთხვევა, მათ შორის ექვსი ბავშვია. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს და ახლობლებს.
სამაშველო სამუშაოები გრძელდება, დაზიანებულია სულ მცირე ხუთი საცხოვრებელი კორპუსი.
რუსული დარტყმები ყოველ დღე ხდება. ადამიანები ყოველდღე კვდებიან. არსებობს მხოლოდ ერთი მიზეზი, რის გამოც ეს გრძელდება: რუსეთს ცეცხლის შეწყვეტა არ უნდა, და ამას ვხედავთ. მთელი მსოფლიო ხედავს ამას. თითოეული რაკეტა, ყველა თავდასხმის დრონი ამტკიცებს, რომ რუსეთს მხოლოდ ომი სურს. და მხოლოდ მსოფლიოს ზეწოლას რუსეთზე, უკრაინის გასაძლიერებლად მიმართულ მთლიან ძალისხმევას, ჩვენი საჰაერო თავდაცვას და ჩვენ ძალებს - შეუძლიათ განსაზღვრონ როდის დამთავრდება ომი.
შეერთებულ შტატებს, ევროპას და დანარჩენ მსოფლიოს აქვს შესაძლებლობა, რომ რუსეთი აიძულონ შეწყვიტოს ტერორი და ომი და ეს უნდა იყოს უზრუნველყოფილი - საჭიროა მშვიდობა,“ - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.