ქალაქ კრივი-რიჰზე გუშინ საღამოს რუსული ძალების მიერ ბალისტიკური რაკეტით განხორციელებული დარტყმის შედეგად, დაღუპულთა რაოდენობა 19-მდე გაიზარდა, მათ შორის 9 ბავშვია.
რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად კრივი-რიჰში 61 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 12 ბავშვი. თავდასხმის ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლი 3 თვისაა. უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ თავდასხმა ბავშვთა სათამაშო მოედნის მახლობლად მდებარე საცხოვრებელ ზონაში მოხდა.
ბალისტიკური რაკეტის ერთ-ერთი მსხვერპლი 3 წლის ბიჭია - როგორც გაირკვა, იგი ბებიასთან ერთად სათამაშო მოედნიდან სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც თავდასხმა მოხდა.
„საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების კიდევ ერთი დარღვევით, მზაკვრული მტერი ცხადყოფს, რომ იგი სულაც არ ისწრაფვის მშვიდობისთვის, არამედ მიზნად ისახავს განაგრძოს აგრესიული დამანგრეველი ომი უკრაინისა და ყველა უკრაინელის წინააღმდეგ“, - ნათქვამია გენერალური შტაბის განცხადებაში.
რუსული ძალების მიერ განხორციელებულ სარაკეტო დარტყმას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „რუსეთს ომი სურს და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე უარს პუტინი ამბობს“.
„რუსეთის ყოველი დაპირება რაკეტებით ან დრონებით მთავრდება. მათთვის დიპლომატია არაფერს ნიშნავს. ამერიკის, ევროპისა და სხვა პარტნიორების იმედი გვაქვს, რათა ამ ომის ერთადერთ მიზეზზე ზეწოლა მოახდინონ: რუსეთის სურვილზე მოკლას და გაანადგუროს“, - დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა X-ზე.