"ლა ლიგის" 30-ე ტურში "ვალენსიამ" "რეალი" სტუმრად, "ბერნაბეუზე" დაძაბულ ბრძოლაში 1:2 დაამარცხა, რაშიც გიორგი მამარდაშვილის დიდი დამსახურებაა. შესაბამისად, გულშემატკივრებმა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ გიორგი მამარდაშვილი დაასახელეს.
მე-12 წუთზე საჯარიმოში ტარეგამ მბაპე წააქცია, მე-13 წუთზე ვინისიუსის დარტყმული პენალტი კი მამარდაშვილმა ფეხით მოიგერია, რის შემდეგაც სტუმრები დიახაბიმ დააწინაურა, რომელმაც 19 წლის გონსალესის კარი დალაშქრა. ცოტა ხანში დიახაბიმ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი, მაგრამ თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა. მასპინძლებმა შეტევები გააგრძელეს, მბაპეს დარტყმული ბურთი „ცხრიანიდან“ ისევ გიორგიმ "გამოაძრო“, მერე რუდიგერმა ბურთი ძელს გაარტყა, ბელინგემმა ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გაიტანა და პირველი ტაიმი 0:1 დასრულდა.
მეორე ტაიმი "რეალის" უპირატესობით დაიწყო და 50-ე წუთზე ვინისიუსმა სხვაობა აღადგინა, ამის შემდეგ ანჩელოტის გუნდმა შეტევები გააგრძელა, გიორგი მამარდაშვილმა ფედე ვალვერდეს ახლოდან დარტყმული მოიგერია და "ვალენსია" გაშვებული გოლისგან იხსნა. 94-ე წუთზე "ღამურებმა" ბრწყინვალე კონტრშეტევა განახორციელეს, უგო დურომ "ვალენსია" წინ გაიყვანა და მთელი ძალებით შეტევაში წასული მადრიდის "რეალი" დასაჯა. 96-ე წუთზე რუდიგერი "მამარდასთან" პირისპირ დარჩა, თუმცა ქართველმა მასაც აჯობა და საკუთარ გუნდს გამარჯვება მოუტანა.
მამარდაშვილის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: Flashscore - 8.5; Whoscored - 8.4; Sofascore - 8.5.
"ვალენსია“ 34 ქულით მე-15 ადგილზეა და 11 აპრილს "სევილიას“ უმასპინძლებს. "რეალი" 63 ქულით მე-2 ადგილზეა და პირველობისთვის ამ მატჩის გამარჯვება ძალიან სჭირდებოდა.