ავტორი:

40 000 ევროს ჯარიმა და... - ცნობილი ხდება UEFA-ს გადაწყვეტილება საქართველო-სომხეთის მატჩზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ: დაესწრება თუ არა გულშემატკივარი თურქეთთან თამაშს?

40 000 ევროს ჯარიმა და... - ცნობილი ხდება UEFA-ს გადაწყვეტილება საქართველო-სომხეთის მატჩზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ: დაესწრება თუ არა გულშემატკივარი თურქეთთან თამაშს?

ცნობილი ხდება UEFA-ს სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება საქართველო-სომხეთთან მატჩის დროს მომხდარი ინციდენტის შემდეგ.

  • უეფას გადაწყვეტილებით, საქართველოს ნაკრები უეფას ეგიდით დაგეგმილ ერთ მატჩს უმაყურებლოდ ჩაატარებს.

დისკვალიფიკაცია ერთა ლიგის ახალი, 2026-2027 წლების სეზონის პირველ საშინაო მატჩზე გავრცელდება⁠⁠. სასჯელი არ ეხება მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებსა და ფიფას საერთაშორისო ამხანაგურ თამაშებს. ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აქვეყნებს.

"უეფას კონტროლის, ეთიკისა და სადისციპლინო კომიტეტის სხდომაზე, რომელიც 9 აპრილს, ნიონში შედგა, 23 მარტს, საქართველო - სომხეთის მატჩის მიმდინარეობისას და თამაშის დასრულების შემდეგ მომხდარი ინციდენტების შესახებ იმსჯელეს.

უეფას გადაწყვეტილებით, გულშემატკივართა მხრიდან მოედანზე შევარდნის, ლაზერული სანათებისა და პიროტექნიკის გამოყენებისთვის, აგრეთვე გასასვლელების ბლოკირებისთვის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაჯარიმდა 40 000 ევროთი და ერთ საშინაო მატჩს საქართველოს ნაკრები უმაყურებლოდ გამართავს.

აღნიშნული სასჯელი ეხება იმ გათამაშებებს, რომელზეც უეფას სადისციპლინო კომპეტენცია ვრცელდება. შესაბამისად, სასჯელი არ ვრცელდება ამხანაგურ მატჩებსა და 2025 წლის შემოდგომაზე გასამართ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებს.

უეფას გადაწყვეტილება ასევე მოიცავს ორწლიან გამოსაცდელ ვადას. ორი წლის განმავლობაში მსგავსი დარღვევების განმეორების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს კვლავ უმაყურებლოდ ითამაშებს", - ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

  • საზოგადოებას განსაკუთრებით აინტერესებდა ხომ არ შეეხებოდა სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება 4 სექტემბერს, თურქეთთან გასამართ მატჩს და როგორც გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ჩანს, საქართველო - თურქეთის მატჩს გულშემატკივრები დაესწრებიან, რადგან სასჯელი არ ეხება მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს.