ვლადიმერ პუტინისა და სტივ უიტკოფის შეხვედრის თემა უკრაინის კონფლიქტის მოგვარების ასპექტები იყო, - ამის შესახებ განცხადებას კრემლი ავრცელებს.
სანქტ-პეტერბურგში, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინსა და ახლო აღმოსავლეთში დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს შორის შეხვედრა ოთხსაათნახევარს გაგრძელდა.
რას აცხადებენ თეთრ სახლში?
"პრეზიდენტმა სრულიად მკაფიოდ განაცხადა, რომ ამ კონფლიქტის ორივე მხარის მიერ გამუდმებით იმედგაცრუებულია. მას სურს, რომ ბრძოლა შეწყდეს და ომი დასრულდეს. გვჯერა, რომ სამშვიდობო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებზე გავლენის მოსახდენად ბერკეტები გვაქვს და ჩვენ ამ ბერკეტების გამოყენებას ვაპირებთ“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა ბრიფინგზე.
მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის რუსეთში ვიზიტი და რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა დიპლომატიურ პროცესში მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს.
შეგახსენებთ, გუშინ, სტივ უიტკოფი სანქტ-პეტერბურგში ვლადიმერ პუტინს შეხვდა. შეხვედრა ოთხსაათნახევარს გაგრძელდა და კრემლის ინფორმაციით, განხილვის „თემა უკრაინის კონფლიქტის მოგვარების ასპექტები იყო.
სტივ უიტკოფი რუსეთიდან ომანში გაფრინდა, სადაც აშშ-სა და ირანს შორის მაღალი დონის არაპირდაპირი მოლაპარაკებები გაიმართება.