ავტორი:

რუსეთში 24 წლის ილია კატუკიას 13 წლით პატიმრობა მიუსაჯეს - ის 11 წელს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გაატარებს: რას ედავება ბრალდება

რუსეთში 24 წლის ილია კატუკიას 13 წლით პატიმრობა მიუსაჯეს - ის 11 წელს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გაატარებს: რას ედავება ბრალდება

ჩიტას მე-2 საოლქო სამხედრო სასამართლომ 24 წლის ილია კატუკია სახელმწიფო ღალატისა და ტერაქტის მცდელობის საქმეზე 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ "მედიაზონა" სასამართლოს პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს.

  • კატუკიას საქმის შესახებ საჯაროდ არ გავრცელებულა ინფორმაცია. ბრალდებისა და სასამართლო პროცესის დეტალები ასევე არ კონკრეტდება. რუსეთში სახელმწიფო ღალატის საქმეები, როგორც წესი, გასაიდუმლოებულია, სასამართლო სხდომები კი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

განაჩენის თანახმად, მსჯავრდადებული პირველი ორი წელი ციხეში გაატარებს, დანარჩენ 11 წელს - მკაცრი რეჟიმის კოლონიაში. მას ასევე 100 ათასი რუბლის ჯარიმა დაეკისრა, იუწყება ადგილობრივი მედია.

  • კატუკია რეგისტრირებული იყო იოშკარ-ოლაში, სწავლობდა ტომსკის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში.

ტერორისტების ან ექსტრემისტების მიერ აღიარებულ პირთა სიაში, რომელსაც როსფინმონიტორინგი აწარმოებს, კატუკია 2024 წლის დეკემბერში შეიყვანეს. 2024 წლის ბოლოს უფლებადამცველებმა დაითვალეს, რომ რუსეთში, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, 792 ადამიანი გახდა ბრალდებული სახელმწიფო ღალატის, ჯაშუშობისა და უცხო სახელმწიფოსთან კონფიდენციალური თანამშრომლობის საქმეებზე.

საშუალოდ, გათვლებით, რუსეთში ამჟამად დღეში ერთი სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება მსგავს საქმეებზე - ანუ წელიწადში 350-ზე მეტი. უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ აღძრული მრავალი ასეთი საქმე დაკავშირებული იყო ეფ-ეს-ბეს პროვოკაციებთან, ხოლო მათი მსხვერპლი ხდებიან სოციალური ქსელების მომხმარებლები, რომლებიც ანტისაომარ და ოპოზიციურ ჯგუფებში არიან გაწევრიანებულნი.