ავტორი:

შეხვედრა ალიევთან - რა თქვა ყაველაშვილმა პრესკონფერენციაზე? (ვიდეო)

შეხვედრა ალიევთან - რა თქვა ყაველაშვილმა პრესკონფერენციაზე? (ვიდეო)

აზერბაიჯანში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ყაველაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.

„პირისპირ შეხვედრაზე ლიდერებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებული სამაგალითო სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას. საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით.

საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანელ კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. მიხეილ ყაველაშვილმა დაადასტურა მზადყოფნა, რომ საქართველომ მომავალშიც განაგრძოს წვლილის შეტანა სამხრეთ კავკასიაში დიალოგისა და დიპლომატიის ხელშეწყობის პროცესში.

ლიდერებმა პირისპირ შეხვედრისას განიხილეს ერთობლივი მასშტაბური სტრატეგიული პროექტები და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.

შეხვედრის შემდეგ, საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა მედიისათვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს“, - ნათქვამია მიხეილ ყაველაშვილის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“საქართველოს პრეზიდენტის რანგში ეს არის ჩემი პირველი საგარეო ვიზიტი, რაც ხაზს უსვამს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ განსაკუთრებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობას. მოხარული ვარ, რომ ბატონ ალიევთან შეხვედრის შესაძლებლობა უკვე მომეცა, ჩვენ გავუზიარეთ ერთმანეთს მოსაზრებები და შეხედულებები, საქართველო-აზერბაიჯანს მრავალგანზომილებიანი სანიმუშო ურთიერთობის, სამხრეთ კავკასიის რეგიონის გამოწვევებისა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.

კარგად გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია ნდობა ურთიერთობაში და ვიცით სიტყვის ფასი. ჩვენ გვაქვს დაუწერელ კანონთა და ღირებულებათა ერთობლიობა, რამაც გადაგვარჩინა და მოგვიყვანა დღემდე. სწორედ ამიტომ არის ქართულ-აზერბაიჯანული მეგობრობა ასეთი განსაკუთრებული და სამაგალითო,“ - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.