პეტერბურგელ სტილისტს, ანა ალექსანდროვას, რუსეთის არმიის შესახებ ყალბი ამბების გავრცელების ბრალდებით, ხუთი წლითა და ორი თვით პატიმრობა მიუსაჯეს. პროკურატურაში ალექსანდროვას მეზობელმა იჩივლა და ამტკიცებდა, რომ სტილისტმა მის ქალიშვილს უკრაინაში ომის ამსახველი ფოტოები გაუგზავნა. რუსულმა გამოძიებამ კი შემდეგ დაადგინა, რომ ქალი სოციალურ ქსელშიც აქვეყნებდა პოსტებს, სადაც ყალბი ინფორმაცია იყო რუსული არმიის შესახებ.
ანა ალექსანდროვა 47 წლის არის და ორი შვილის დედაა. ის თავდაპირველად 2023 წლის ნოემბერში დააკავეს მას შემდეგ რაც გააზიარა რვა პოსტი ორი ანონიმური ანგარიშიდან რუსულ სოციალურ ქსელ Vkontakte-ში. როდესაც BBC-ის რუსული ბიუროს რედაქტორი, სასამართლოს ეწვია, ალექსანდროვას ადვოკატმა უთხრა, რომ საქმე თავდაპირველად მიწის გამო დავას უკავშირდებოდა.
გაირკვა, რომ ანა ალექსანდროვა და მისი მეზობელი თავდაპირველად ერთ მხარეს იყვნენ და ისინი ეწინააღმდეგებოდნენ ტყეების გაჩეხას პეტერბურგის სამხრეთით, ერთ-ერთ სოფელში. მაგრამ საბოლოოდ, ისინი სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ და დაპირისპირება უფრო და უფრო მწვავდებოდა. საბოლოოდ კი, როდესაც მიწასთან დაკავშირებული დავის გამო საქმე არ აღიძრა, მეზობელმა იჩივლა ჯარის შესახებ ყალბი ინფორმაციების გავრცელებისთვის.
ცნობისთვის, შეიარაღებული ძალების დისკრედიტაცია და სამხედროების შესახებ ყალბი ამბების განზრახ გავრცელება, რუსეთში დანაშაულად ითვლება. ომის დაწყების დღიდან კრემლმა გააძლიერა განსხვავებული აზრების შეზღუდვა, დააკავა ასობით ოპონენტი და კრიტიკოსი, გააჩუმა დამოუკიდებელი მედია.