აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმება უახლოეს მომავალში უნდა გაფორმდეს და თუ ეს არ მოხდება, ვაშინგტონი მოლაპარაკების პროცესიდან გავა. მისი თქმით, საკითხზე გადაწყვეტილებას აშშ ამ კვირის განმავლობაში მიიღებს. ამასობაში, რუბიოს რუსმა კოლეგამ, საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კვლავ წამოაყენა ზავის პირობები და განაცხადა, რომ მოლაპარაკებებს სიჩქარე მხოლოდ შეაფერხებს.
"ეს სწრაფად უნდა მოხდეს. ჩვენ აღარ შეგვიძლია ამაზე დროისა და რესურსების დახარჯვა, თუ შედეგი არ იქნება“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კვირას NBC-თან ინტერვიუში. "ეს კვირა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, მოგვიწევს გადაწყვეტილების მიღება იმის შესახებ, გვინდა თუ არა ამ წამოწყებაში შემდგომი მონაწილეობა, თუ დროა სხვა საკითხებზე გადავერთოთ“.
ამ კვირაში, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ხელმოწერის საბოლოო ვადასთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხისას, ტრამპმა თქვა, რომ "მას თავისი საკუთარი ვადა აქვს“, მაგრამ არ უთქვამს, რამდენხნიანია ეს ვადა. ამერიკული მხარის თქმით, "ეს ძალიან მნიშვნელოვანი კვირაა"...
პრესის ცნობით, აშშ-მა უკრაინასა და რუსეთს სამშვიდობო მოგვარების გეგმა შესთავაზა, რომლის მიხედვითაც ფრონტის ხაზი გაიყინება, კიევი ნატოში გაწევრების პერსპექტივას დაკარგავს, ხოლო ვაშინგტონი იურიდიულად აღიარებს ყირიმის რუსულ ანექსიას და მოსკოვის ფაქტობრივ კონტროლს ოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიებზე. სანაცვლოდ, უკრაინამ უსაფრთხოების გარკვეული გარანტიები უნდა მიიღოს, თუმცა დოკუმენტში არ არის მითითებული, კონკრეტულად რა.
მედია წერს, რომ საპასუხოდ, უკრაინამ და მისმა ევროპელმა მოკავშირეებმა საკუთარი გეგმის ვარიანტი წარადგინეს, სადაც გაძლიერებულია გარანტიები კიევისთვის და გათვალისწინებულია ქვეყნის აღდგენა გაყინული რუსული აქტივების ხარჯზე.
სერგეი ლავროვს CBS News-ის გადაცემაში "Face the Nation“ სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა რუბიოსა და ტრამპის მუქარებზე მოლაპარაკების პროცესიდან გასვლის შესახებ, თუ სწრაფი შედეგების მიღწევა ვერ მოხერხდება.
"ჩვენ გვესმის, გვესმის მოუთმენლობა, რადგან ეს ამერიკულ კულტურაშია, თქვენ ქმნით მოლოდინებს და ზრდით დაძაბულობას ამ მოლოდინების გარშემო. ეს არ ეხმარება რეალური პოლიტიკის კეთებას. მაგრამ ჩვენს შემთხვევაში, როგორც უკვე ვთქვი, მზად ვართ დიალოგისთვის, მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის და არ გვინდა დავიწყოთ წარუმატებლობაზე ფსონის დადებით. ეს ცუდი გარიგების მახასიათებელი იქნება“.
ლავროვმა პირდაპირ არ უპასუხა კითხვას, თუ რა კომპრომისებზეა მოსკოვი მზად, თუმცა სიცრუე უწოდა ჟურნალისტის მტკიცებას, რომ რუსეთს რეალურად არ სურს რაიმე დათმობაზე წასვლა.
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ასევე თანახმაა უპირობო ზავზე, მაგრამ "ჩვენ გვინდა გარანტიები, რომ ცეცხლის შეწყვეტა ხელახლა არ იქნება გამოყენებული უკრაინის არმიის გასაძლიერებლად. იარაღის მიწოდება უნდა შეწყდეს“.
ლავროვის თქმით, ევროპამ "პირდაპირ განაცხადა, რომ შეუძლია მხარი დაუჭიროს მხოლოდ იმ გარიგებას, რომელიც საბოლოოდ უკრაინას უფრო ძლიერს გახდის, უკრაინას გამარჯვებულად აქცევს. თუ ეს არის ამ ცეცხლის შეწყვეტის მიზანი, არ ვფიქრობ, რომ ეს არის ის, რაც პრეზიდენტ ტრამპს სურს. ეს არის ის, რისი გაკეთებაც ევროპელებს ზელენსკისთან ერთად სურთ პრეზიდენტ ტრამპის ინიციატივიდან“.
CBS-თან ინტერვიუში ლავროვს ასევე ჰკითხეს, მზად არის თუ არა რუსეთი მოუსმინოს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თხოვნას, რომელმაც კიევზე ბოლოდროინდელი მასიური სარაკეტო თავდასხმების შემდეგ ვლადიმერ პუტინს "გაჩერებისკენ“ მოუწოდა.
24 აპრილის ღამეს რუსეთის არმიამ უკრაინის დედაქალაქზე კომბინირებული დარტყმა მიიტანა დრონებითა და რაკეტებით, რის შედეგადაც მთელი საცხოვრებელი კვარტალი განადგურდა. დაიღუპა 12 მშვიდობიანი მოქალაქე, 90-ზე მეტმა მიიღო დაზიანებები.
ამის შემდეგ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ზე დაწერა: "ვლადიმერ, გაჩერდი!“ რამდენიმე დღის შემდეგ, ვატიკანში უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, თეთრი სახლის ხელმძღვანელმა ასევე დაუშვებლად მიიჩნია უკრაინის სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმები და გამოთქვა ეჭვი, რომ პუტინს რეალურად არ სურს მშვიდობა.
"ჩვენ გავაგრძელებთ დარტყმებს იმ ობიექტებზე, რომლებსაც იყენებს უკრაინის არმია, ზოგიერთი დაქირავებული სხვა სახელმწიფოებიდან და ინსტრუქტორები“, - განაცხადა ლავროვმა.
კითხვაზე, იყო თუ არა კიევზე თავდასხმა შეცდომა, ლავროვმა განაცხადა: "ეს იყო სამიზნე, რომელსაც იყენებდნენ უკრაინელი სამხედროები, თავდაცვის სამინისტრო, ბრძოლის ველზე მეთაურებს აქვთ მათზე თავდასხმის უფლება“.
რაიმე მტკიცებულება ან დადასტურება იმისა, რომ კიევზე თავდასხმის შედეგად სწორედ სამხედრო ობიექტები დაზიანდა, არ ჩანს. გამოქვეყნებული კადრებიდან კი ვხედავთ, რომ რუსული რაკეტები კიევის საცხოვრებელ კვარტალში მოხვდა.
ლავროვს ასევე ჰკითხეს, მზად არის თუ არა მოსკოვი აშშ-ს გადასცეს კონტროლი უკრაინის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, რომელიც ამჟამად რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფება. პრესის ცნობით, ეს პირობა ვაშინგტონის მიერ შეთავაზებული სამშვიდობო გეგმის ერთ-ერთი პუნქტი იყო.
"არა, ჩვენ არასდროს მიგვიღია ასეთი წინადადება, მაგრამ თუ მივიღებთ, მაშინ ავხსნით, რომ ელექტროსადგურს, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს მართავს რუსული სახელმწიფო კორპორაცია "როსატომი“, - უპასუხა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და დასძინა, რომ ის "ძალიან საიმედო ხელშია“.