შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინის ბუნებრივ რესურსებზე წვდომის შესახებ. ინფორმაცია უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა, იულია სვირიდენკომ დაადასტურა.
იულია სვირიდენკოს თქმით, კიევი და ვაშინგტონი შექმნიან უკრაინის აღდგენის საინვესტიციო ფონდს, რომელიც ქვეყანაში გლობალურ ინვესტიციებს მოიზიდავს.
1. რესურსებზე სრული საკუთრება და კონტროლი რჩება უკრაინას. უკრაინის ტერიტორიასა და ტერიტორიულ წყლებში არსებული ყველა რესურსი უკრაინის საკუთრებაა. სახელმწიფოს ეკუთვნის გადაწყვეტილება, რა და სად მოიპოვოს.
2. თანაბარი პარტნიორობა - ფონდი სტრუქტურირებულია 50/50 პრინციპით. მას ერთობლივად მართავენ უკრაინა და შეერთებული შტატები.
3. ეროვნული აქტივები დაცულია. შეთანხმება არ ცვლის პრივატიზაციის პროცესებსა და სახელმწიფო კომპანიების მართვის წესებს, ისინი რჩება უკრაინის საკუთრებაში, ლაპარაკია ისეთი კომპანიებზე, როგორიცაა "უკრნაფტა“ და "ენერგოატომი“.
4. შეთანხმება არ შეიცავს ვალდებულებებს ვალის სახით. მისი განხორციელება ორივე ქვეყანას საშუალებას აძლევს, თანაბარი თანამშრომლობისა და ინვესტიციების გზით, გააფართოონ ეკონომიკური პოტენციალი.
5. შეთანხმება შეესაბამება კონსტიტუციას და ევროპული ინტეგრაციის კურსს. ის შეესაბამება ეროვნულ კანონმდებლობას და არ არღვევს უკრაინის საერთაშორისო ვალდებულებებს.
6. ფონდი დაფინანსდება მხოლოდ ახალი ლიცენზიებისგან მიღებული შემოსავლებით. კერძოდ, ფონდის შექმნის შემდეგ, კრიტიკული მასალების, ნავთობისა და გაზის სფეროში ახალი ლიცენზიებით მიღებული შემოსავლის 50% ჩაირიცხება იქ.
7. შეერთებული შტატები დაეხმარება უკრაინას ინვესტიციებისა და ტექნოლოგიების მოზიდვაში. ფონდი მხარდაჭერილია აშშ-ის მთავრობის მიერ DFC სააგენტოს (აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაცია) მეშვეობით. ეს დაეხმარება უკრაინას მოიზიდოს ინვესტიციები და ტექნოლოგიები აშშ-დან, ევროკავშირიდან და სხვა პარტნიორებისგან.
8. შეთანხმება უზრუნველყოფს საგადასახადო გარანტიებს. ფონდის შემოსავლები და შენატანები არ დაიბეგრება არც შეერთებულ შტატებში და არც უკრაინაში.
აშშ ფონდში გააკეთებს შენატანს. გარდა პირდაპირი ფინანსური დახმარებისა, ის შეიძლება მოიცავდეს სხვა ტიპის მხარდაჭერასაც. მაგალითად, საჰაერო თავდაცვით სისტემებს უკრაინისთვის.
უკრაინა ფონდისთვის გადარიცხავს ახალი ლიცენზიების იჯარიდან მიღებული შემოსავლების 50%-ს. სურვილის შემთხვევაში უკრაინა დამატებით შენატანებსაც განახორციელებს. თავის მხრივ, ფონდი განახორციელებს ინვესტიციებს კრიტიკული მასალების, ნავთობისა და გაზის მოპოვებაში, ასევე შესაბამის ინფრასტრუქტურასა და გადამამუშავებელ საწარმოებში. კონკრეტულ საინვესტიციო პროექტებს უკრაინა და აშშ ერთობლივად შეარჩევენ. მნიშვნელოვანია, რომ ფონდის ინვესტიციები განხორციელდება მხოლოდ უკრაინაში.
იხილეთ ასევე: