რუსეთის ციხეში დაღუპული უკრაინელი ჟურნალისტის ვიქტორია როშჩინას ცხედარი სამშობლოში ორგანოების გარეშე დააბრუნეს - ჟურნალისტი 2023 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე გაუჩინარდა.
რუსულ სიაში ნაპოვნი უჩვეულო აღნიშვნა „SPAS“, რაც შესაძლოა „გულის არტერიების სრულ დაზიანებას“ ნიშნავდეს, შესაძლოა, სიკვდილის ოფიციალურად მიზეზად დასახელდეს.
ცხედარი უკრაინულ მხარეს თებერვალში გადასცეს. ვინიცის მორგმა მიიღო პოლიეთილენის ტომარაში ჩადებული სხეული, წარწერით "ამოუცნობი მამაკაცი", რომელსაც მუხლზე გამობმული ჰქონდა ნიშანი „7390 როშჩინა ვ.ვ.“ ექსპერტიზამ დაადგინა, რომ დნმ ვიქტორია როშჩინას მშობლების დნმ-ს ემთხვევა.
"გვამზე წამების აშკარა კვალი იყო, მათ შორის ნაკაწრები, სისხლჩაქცევები, მოტეხილი ნეკნი და შესაძლოა ელექტროშოკის კვალიც" - განუცხადა „პრავდას“ უკრაინის გენერალური პროკურატურის ომის დანაშაულების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, იური ბელუსოვმა.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ მის კისერზე არსებული სილურჯეები შესაძლოა დახრჩობაზე მიუთითებდეს.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ცხედრის მუმიფიცირებული მდგომარეობის გამო, გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია და უკრაინის გენერალური პროკურატურა დამატებით ანალიზებს გეგმავს.
რუსეთმა როშჩინას დაკავება მხოლოდ 2024 წლის მაისში, მისი გაუჩინარებიდან ცხრა თვის შემდეგ დაადასტურა.
„ადამიანის უფლებების მედია ინიციატივის“ ცნობით, ის აღმოსავლეთ უკრაინაში, ბერდიანსკში, სასტიკ სასჯელაღსრულების კოლონიაში გადაიყვანეს, რომელიც რუსეთში უკრაინელებისთვის ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ დაწესებულებად არის ცნობილი.
2024 წლის 10 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ როშჩინა ტაგანროგიდან მოსკოვში ტრანსპორტირების დროს გარდაიცვალა. უკრაინის დაზვერვის მთავარმა სამმართველომ აღნიშნა, რომ ჟურნალისტი გაცვლის ფარგლებში მალე უკრაინაში უნდა დაბრუნებულიყო.
უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ როშჩინას გარდაცვალების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.