საქართველოში მძიმე პოლიტიკური კრიზისის მეშვიდე თვე დაიწყო. ვითარება ჩიხში შევიდა - ხელისუფლებას ვადამდელი არჩევნების გაგონებაც არ უნდა, ოპოზიცია კი ახალი საარჩევნო პროცესის გარდა, სხვა საკითხის განხილვას არ აპირებს. პარალელურად, მეტ-ნაკლები ინტენსივობით, ქვეყანაში საპროტესტო აქციები გრძელდება. დასავლეთში მძიმე სანქციებს უკვე სერიოზულად განიხილავენ.
თუ ასეთი მდგომარეობა კიდევ დიდხანს შენარჩუნდა, დიდი ალბათობით, მოგვიკაკუნებს ეკონომიკური კრიზისიც - მისგან გამომდინარე ყველა სავალალო შედეგით. ცალკე სერიოზული პრობლემაა ის, რომ მძიმე პოლიტიკურმა ვითარებამ ახალი ბიძგი მისცა ემიგრაციას (განსაკუთრებით ახალგაზრდებში), რაც წლების შემდეგ უფრო კატასტროფულ შედეგს მოუტანს ქვეყანას, ვიდრე პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი ერთად აღებული.
გამოუვალი ვითარება არ არსებობს - მთავარია პოლიტიკური ნება. ქვეყანაში ვითარების ნორმალიზება, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხია.
ვფიქრობთ, პოლიტიკური კრიზისი განმუხტვის ერთ-ერთი ყველაზე ოპტიმალური გზა 2025 წლის ოქტომბერში ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად, პლებისციტის ჩატარებაა. პლებისციტი პრემიერ-მინისტრმა უნდა დანიშნოს. ასეთ შემთხვევაში, საარჩევნო ბიულეტენში მოქალაქეებს პარტიების ჩამონათვალთან ერთად, დახვდებათ კითხვა (პირობითად): „გსურთ თუ არა, რომ უახლოეს 6 თვეში საქართველოში ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები?“
დადებითი პასუხის შემთხვევაში, ხელისუფლებას მოუწევს ვადამდელი არჩევნების ჩატარება. თუმცა ქულებს დაიწერს - კერძოდ, საკუთარი მოქალაქეებისა და დასავლეთის თვალში ის იქნება პოლიტიკური ძალა, რომელმაც ხალხს აზრი ჰკითხა და პირდაპირი დემოკრატიის პრინციპებიდან გამომდინარე, მიიღო გადაწყვეტილება.
თუ პლებისციტის შედეგების მიხედვით აღმოჩნდა, რომ ხალხს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ სურს, პოლიტიკური კრიზისი მაინც განიმუხტება. კერძოდ, ხელისუფლება დასავლეთიდან მიიღებს ლეგიტიმაციას, ოპოზიციას კი მოუწევს ბედთან შეგუება და მოემზადება მომავალი არჩევნებისთვის. საპროტესტო აქციებსაც მთავარი საფუძველი გამოეცლება.
ორივე შემთხვევაში, საქართველოში დაცხრება პოლიტიკური კრიზისი, ქვეყანა დაუბრუნდება ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს, რაც სახელმწიფოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
აუცილებელია, რომ მხარეები პლებისციტის ჩატარების პირობებზე შეთანხმდნენ, რომ შედეგები გაყალბებისგან დაცული იყოს.
თუ „ქართული ოცნება“ პლებისციტის სცენარს არ განიხილავს, მაშინ ინიციატივა თავის თავზე ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა აიღონ. ამისთვის საჭიროა, რომ ყველა ოპოზიციურმა პარტიამ მონაწილეობა მიიღოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ( დღევანდელი მდგომარეობით, ნაწილი ბოიკოტს აპირებს, ნაწილს კი საბოლოო პოზიცია ჯერ არ დაუფიქსირებია)
ერთიანი ფრონტით თუ ცალ-ცალკე (მაგრამ კოორდინირებულად), მათ შეუძლიათ, ეს არჩევნები ერთგვარ არაოფიციალურ საყოველთაო რეფერენდუმად აქციონ და გასცენ პასუხი კითხვას - ვის უჭერს ხალხი მხარს?
თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით, საქართველოს მასშტაბით პირველ ადგილზე ოპოზიცია გავიდა, ამას ერთდროულად რამდენიმე შედეგი ექნება.
პირველ რიგში, გამარჯვებულ ოპოზიციას, თავის მომხრეებთან ერთად და დასავლეთის მხარდაჭერით, უფრო გაუადვილდება დასუსტებული ხელისუფლების „დათანხმება“ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე.
თუნდაც ვერ დაითანხმოს...
მაინც პოზიტიური იქნება ის, რომ ქვეყანაში დაგროვილი პროტესტი კონკრეტულ შედეგში აისახება. ნიჰილიზმი და უიმედობა უკან დაიხევს. ნათლად გამოჩნდება, რომ საზოგადოების განწყობას პარლამენტის შემადგენლობა არ შეესაბამება.
დასავლეთში დაინახავენ, რომ საქართველოში რეალური პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს და იქნებ გადავრჩეთ უვიზო მიმოსვლის შეჩერებას და სხვა ისეთ პროცესებს, რომელიც ქვეყანას საერთაშორისო იზოლაციისკენ მიაქანებს.
რაც მთავარია - ასეთ შემთხვევაშიც, ქვეყანა ცხოვრების ნორმალურ კალაპოტს დაუბრუნდება.
ასევე, გამოფხიზლდება ხელისუფლება. დაინახავს მოსახლეობის განწყობას და იგრძნობს ძალაუფლების დაკარგვის საფრთხეს. შესაბამისად, პირველ ეტაპზე, ალბათ, ცოტათი მოთოკავს ძალოვნებს და შეეშვება „უცნაური“ კანონების თავის ნებაზე ჭრა-კერვას.
თუ ოპოზიციამ წააგო, ესეც პასუხი იქნება ზემოხსენებულ მთავარ კითხვაზე. ხელისუფლება დასავლეთისგან ლეგიტიმაციას მიიღებს, ოპოზიცია თავის შეცდომებზე იფიქრებს.
ერთი ან მეორე ვარიანტის განხორციელებით, ქართულ პოლიტიკაში დაფიქსირდება იშვიათი პრეცედენტი - პოლიტიკურ კრიზისს ჩვენ თვითონ განვმუხტავთ. აქამდე ან უცხოელი მეგობრები გვარიგებდნენ ხოლმე ან რაიმე ისეთი უბედურება ხდებოდა, რომ პოლიტიკა მეორე პლანზე გადადიოდა (!).
ორივე სცენარის შემთხვევაში, ოპოზიცია და მოსახლეობა აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში, რაც პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღებისთვის აუცილებელია.
„იმ მხარესაც“ და „ამ მხარესაც“ უნდა ესმოდეს - თუ დაძაბულობა სწრაფად არ ჩაცხრა, მოვლენების მძიმე სცენარით განვითარება მხოლოდ დროის ამბავია და შესაბამისი პროპორციით, პასუხისმგებლობა ამ კრიზისის ყველა აქტორზე გადანაწილდება.
ავტორი: გიორგი კვიტაშვილი