პავლე ნოზაძე ემიგრანტია, ოჯახთან ერთად, ლამის უკვე სამი ათეული წელია, რაც ამერიკაში ცხოვრობს. უცხო ქვეყანაში რთული გზის გავლა მოუხდა, თუმცა პროფესიამ, რომელიც საქართველოში არცთუ ურიგოდ ჰქონდა ნასწავლი, ფაქტობრივად, გადაარჩინა.
პავლე ნოზაძე:
- პროფესიით სამთო ინჟინერი ვარ. სამთო საინჟინროზე დონეცკში ვსწავლობდი. საქართველოში 1975 წელს დავბრუნდი. ვმუშაობდი ჟინვალჰესზე, არაგვისპირიდან ბოდორნამდე გვირაბი გამყავდა. მერე ინციდენტი მოხდა, - გვირაბი ჩამოიშალა და მეც მოვყევი, მაგრამ ღმერთის წყალობით, გადავრჩი. ეს იყო მესამე შემთხვევა - 2-ჯერ დონეცკში, პრაქტიკებზე რომ დავდიოდი, მაშინ მოვყევი. ჟინვალის შემთხვევის შემდეგ მივხვდი, რომ ეს საქმე აღარ უნდა გამეგრძელებინა. გვირაბში აღარ ჩავალ-მეთქი და იქ მუშაობას თავი დავანებე. თავის დანებებას ასევე ხელი ჩემმა დაოჯახებამაც შეუწყო... სიმამრი "ინტურისტის" სამშენებლო ნაწილში მუშაობდა, პარკეტის ხელოსანი იყო და "ინტურისტის"' სასტუმროებს ემსახურებოდნენ. სიმამრმა პარკეტის დაგება მასწავლა და 80-იან წლებში მეც იქ დავიწყე მუშაობა... ისეთი სიტუაცია იყო, რომ საკუთარი თავის უფროსი ვიყავი. როცა "ინტურისტში" საქმე არ მქონდა, კერძო შეკვეთებსაც ვიღებდი. 20 წელიწადი საქართველოში ამ საქმეს ვემსახურებოდი.
- პარკეტის ხელოსნობა ამერიკაში ჩასვლის შემდეგაც განაგრძეთ?
- კიდევ კარგი, რომ ეს ხელობა ვიცოდი. აქ სამთო ინჟინერი არავის სჭირდება. შეიძლება კიდეც სჭირდება, მაგრამ მაღალანაზღაურებადი საქმე არ არის, თან სხვა შტატში უნდა გადავსულიყავი, სადაც მიწისქვეშა საბადოებია, თან ეს საქმე აქ ცოტა სხვანაირადაა. ვცხოვრობ ვაშინგტონიდან 20 წუთის სავალზე, მერილენდის შტატში. კარგი ადგილია, გარშემო სულ სიმწვანეში ვარ, ჩემ უკან ტყეა, მის უკან - პატარა ტბა და მერე მდინარე. ბორჯომელი კაცი ვარ და ტყეს და სიმწვანეს შეჩვეული ვარ და ეს ადგილიც ამის მიხედვით შევარჩიე. თავიდან ვაშინგტონში ვცხოვრობდით, ბინა იქ ვიქირავეთ. ტურისტებად ჩამოვედით და ცოტა რთული გზა გავიარეთ... აქ კი უკვე "მწვანე ბარათი" მოვიგეთ. ჯერ მეუღლე ჩამოვიდა, მერე ჩემი ბიჭი გამოვუშვი - 1995 წელს ჩამოვიდნენ. მე საქართველოდან 1996 წელს წამოვედი (44 წლის ვიყავი)... მოკლედ, მოგვიანებით ვაშინგტონიდან აქეთ გამოვედით. ნიუ-იორკისგან განსხვავებით ვაშინგტონი ცოტა კონსერვატიული ქალაქია, თუ საბუთები არ გაქვს, სამუშაოს ვერ იშოვი. რაც „მწვანე ბარათი“ მოვიგეთ, მუშაობა უკვე თავისუფლად დავიწყე... ერთ-ერთ ადამიანთან ვმუშაობდი, რომელმაც თავის დამხმარედ ამიყვანა.
- სამსახურს რომ იწყებდით თავს ალბათ წარადგენდით ვინ იყავით და საიდან, ხომ?
- კარგი შეკითხვაა - აქ არავინ გეკითხება ვინ ხარ და საიდან ხარ. სამუშაოს უფლებას გაძლევენ და მერე სადაც გინდა, იქ იმუშავე... "თეთრ სახლში" პარკეტი რომ დავაგე, არავის უკითხავს, გუშინდელი ემიგრანტი ვარ, თუ წლების... ნებისმიერ ადგილას ხელოსანი უნდათ, პროფესიონალი, რომელიც ისეთ სამუშაოს შესარულებს, რაც ყველას არ შეუძლია. ისე გამოვიდა, რომ ამერიკაში 24 წელიწადი პარკეტის დაგებაზე ვიმუშავე. აქ ფიგურულად პარკეტს არა და ვერ აკეთებენ, თან ძვირიც ჯდება. ამასთან უდიდეს ყურადღებას მოითხოვს, ყველაფერი მილიმეტრებში სწორად უნდა გაითვალოს. პატარა აცდენა შემდეგ დიდ დარღვევას იძლევა. აქ მოკლედ, ქართველ ემიგრანტებთან ვიმუშავე, რუსთაველები იყვნენ - საშა იმედაშვილი მერე გარდაიცვალა. მისმა მეუღლემ ერთ-ერთ ძველ კომპანიას დაურეკა და ჩემი თავი წარუდგინა. არის ასეთი და ასეთი პროფესიონალი, რომელმაც ჩვენთან სახლში პარკეტი დააგოო. მერე იმ კომპანიაში მივედი. მაშინ ინგლისურად 2 სიტყვაც არ ვიცოდი, რადგან ახალი ჩამოსული ვიყავი.
- ენის ბარიერი შეგექნათ?
- ენის ბარიერი იყო, მაგრამ ჩემ შემთხვევაში ეს ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო. კომპანიამ სამუშაოდ ამიყვანა და ერთ-ერთ ხელოსანს დამხმარედ მიმაბარა. აქ ასეა, - დამხმარე ხელოსანთან რამდენიმე თვე მუშაობს, რომ საქმე კარგად შეისწავლოს. ხელოსანი კი მას თავის გამომუშავებიდან 25%-ს უხდის. სამუშაოს დაწყებიდან მეოთხე დღეს უფროსმა გამომიძახა, ვინერვიულე, ეტყობა, რაღაც არ მოეწონა-მეთქი. ის ამერიკელი ხელოსანი მისულა და უთქვამს - ეს ვინ მომიყვანეთ, პროფესიონალიაო. არადა, თავისუფლად შეეძლო, 3-4 თვე დამხმარედ ვემუშავებინე. საერთოდ, ამერიკელები სინდისიერი ხალხია - ამას თავიდანვე მივხვდი. მოკლედ, მომცეს დიდი მანქანა, საქმე და მითხრეს, ამა და ამ მისამართზე სამუშაოდ წახვალო. წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში აღმოვჩნდი - მაშინ არც მობილური ტელეფონები იყო, არც ჯიპიესი, მხოლოდ პეიჯერი და რუკა. იმ რუკის კითხვა ნორმალურად არ ვიცოდი. მისამართი მეწერა და ისიც, რა უნდა გამეკეთებინა. მერე მასალით დატვირთული მანქანით დავდიოდი და მისამართს რუკაში ვეძებდი... მოკლედ, ერთი რაც ვიცოდი, ეს იყო საქმე და ხელობა უმაღლეს დონეზე, რისი იმედიც მქონდა. ენის ბარიერი ამან გადამალახვინა.
- მოკლედ, თუ პროფესიონალი ხარ, საქმეს მაღალ დონეზე ასრულებ, არ დაიკარგები...
- კი, ასეა. ძალიან მიყვარს ჩემი საქმე, - როცა ვასრულებ და ვატყობ, რომ კარგად გამომდის, მსიამოვნებს, შინაგანად კმაყოფილი ვარ. თუ ამაში კიდევ ფულს მიხდიან, მეტად კმაყოფილი ვრჩები. მეკითხებიან, ამერიკაში რომ ჩახვედი, რამ გაგაკვირვაო? ვპასუხობ, არც ცათამბჯენები გამკვირვებია, არც მანქანები, მხოლოდ ერთ-ერთ მაღაზიაში ნანახმა ინსტრუმენტებმა, რომ დავინახე, თვალები გამიფართოვდა. როგორი ხერხები არ იყო, ვიფიქრე, ეს რომ საქართველოში მქონოდა, მილიონერი ვიქნებოდი-მეთქი. ხელით ვჭრიდით, ვწვალობდით, იმდენ ძალას და ენერგიას ვხარჯავდით. არადა, თაროზე იმ მაღაზიაში საოცარი ჩაქუჩები, კომპრესორები, სასწაული იარაღები ეწყო - ყველაფერი ასარჩევად იყო.
- პარკეტის ხელოსნისთვის რა არის მთავარი?
- ხელობის სიყვარული და საქმე არასდროს უნდა მიაფუჩეჩო. პარკეტს რომ გავხსნიდი, ვახარისხებდი, მერე კლიენტს ვეკითხებოდი, საძინებელში საწოლი სად გიდგათ, რომ ცოტა აჭრელებული პარკეტი იქ დამეგო, კორიდორსა და მთავარ ოთახში კი უფრო ლამაზ პარკეტს ვანაწილებდი.
- "თეთრ სახლამდე“ როგორ მიხვედით?
- ბალტიმორში პარკეტის ხელოსნების შეჯიბრება გაიმართა, - მთელი ამერიკის შტატებიდან იყვნენ მონაწილეები. ფიგურული ბორდიურისა გაკეთება და შუაში დიზაინის ჩასმა დაგვევალა. ჩვენი კომპანიიდან 2 ხელოსანი გაგვგზავნეს და მე პირველი ადგილი დავიკავე. იმდენ შტატს შორის პარკეტის ხელოსნების შეჯიბრებაში გავიმარჯვე. პარკეტის დაგებისას სისწრაფეს, ხარისხს და სილამაზეს ექცეოდა ყურადღება. ამ კონკურსით ჩვენი კომპანია პრესტიჟულ გაერთიანებაში მოხვდა და მე 5 ბრილიანტი მომანიჭეს. მოკლედ, აქედან დაიწყო ყველაფერი. ჩვენი კომპანია "თეთრ სახლში" პარკეტის დასაგებად მიიწვიეს და მე გამიშვეს, სადაც ორი სამუშაო ჩავატარე. ერთ-ერთი სივრცე საახალწლო ნაძვის ხის დარბაზი იყო და მეორე - ოვალური ოფისი.
ჩემი იქ მუშაობის პერიოდში შემოდიოდნენ კონგრესმენები, სპიკერები, საპატიო პერსონები, მელაპარაკებოდნენ, ზოგი მეკითხებოდა, საიდან ვიყავი. ზოგს, სანამ მკითხავდა, ვეუბნებოდი, რომ საქართველოდან ვარ. საქართველოს შესახებ ზოგმა იცოდა, ზოგმა - არა... საერთოდ, არ იყო ისეთი დამოკიდებულება და განწყობა, რომ ვინმეს ჩემთვის ზემოდან შემოეხედა. ერთი საინტერესო ამბავი ისაა, რომ იქ 100 წლის შემდეგ პარკეტს თუ აყარიან, დიდი ასოებით ბეტონზე ქართულად ჩემი სახელი და გვარი წერია. ჩემი ხელით დავწერე. ნახავენ, რომ ის პარკეტი ქართველს დაუგია. მუშაობის პროცესში მუდმივად ჩემ გვერდით დაცვა იყო, სულ იქ ისხდნენ. დღეში საჭმელად ორჯერ - დილას და საღამოს გავყავდით. თავისუფალი ატმოსფერო იყო, ვერ ვგრძნობდი, რომ „თეთრ სახლში“ ვიყავი. ჩემთვის იქ ყოფნა ძალიან დიდი ემოციური განცდა იყო.
- რომელი წელი იყო და ვინ იყო მაშინ ამერიკის პრეზიდენტი?
- ჯორჯ ბუში უმცროსი. მისი პრეზიდენტობის ბოლო პერიოდი იყო. 2008 წელი გახლდათ... ერთხელაც, სამუშაო დავამთავრე და შემოვიდა. გაიხედა, გამოიხედა და მერე მეკითხა, - რა გქვია? პოლი-მეთქი, - ვუპასუხე (ამერიკულად ასეა ჩემი სახელი). მხარზე ხელი დამკრა და წარმატებული შრომა მისურვა... ხუმრობა მიყვარს ხოლმე და როცა გავიდა, დაცვას ვუთხარი - ახლა ხელს ვერ დავიბან-თქო. რატომო? - მკითხეს. ბუშმა ხომ ხელი ჩამომართვა-მეთქი. დაცვასთან მეორედაც გავიხუმრე - სამუშაოს ვამთავრებდი, კარი უნდა გამეღო, რომ ბოლო პარკეტები ჩამესვა, გავაღე, კომპრესორი ხმამაღლა მუშაობდა, საღამო იყო, პრეზიდენტის ოჯახი აგარაკიდან ჩამოფრინდა. დაცვა შემოვიდა და მითხრა, ცოტა ჩუმად, ლორა იძინებს, დაღლილიაო. გავიხუმრე - მე უნდა ვიმუშაო და მაგან უნდა დაიძინოს-მეთქი?! თვალები გაუფართოვდა, - ვხუმრობ, ვხუმრობ-მეთქი. იქ ყოფნის პერიოდში, რა თქმა უნდა, დამათვალიერებინეს მთელი "თეთრი სახლი", ერთ-ერთ ოთახში ლურჯი ველვეტი იყო გაკრული, ისინი იმ სივრცეს „ლურჯ ოთახს“ ეძახიან. ნახე, როგორი ოთახიაო, - ჩამეცინა. რა გაცინებსო? არ გეწყინოთ, მაგრამ 1982 წელს, საქართველოში "გაის" უფროსს ბინას რომ ვუკეთებდით, მხატვრულ პარკეტს ვუგებდით, ჩვენი ასირიელები კედელზე აბრეშუმს ჭიმავდნენ-მეთქი. ველვეტით როგორ მაკვირვებთ-მეთქი. ასე ვხუმრობდი ხოლმე... დაცვა მაფრთხილებდა, არ გინდა, არ ეწყინოთო. არადა, რა ვქნა, მთელი ცხოვრება ასე ვარ, მიყვარს ხუმრობა.
- ნოსტალგია არ გქონდათ?
- პირველი სამი წელი გვიჭირდა, ნოსტალგიაც მოგვეძალა, სახლში გვინდოდა დაბრუნება. მერე ერთმა მოხუცმა ამერიკელმა მითხრა, - ამერიკა არ არის სამოთხე, მაგრამ აქედან ხალხი უკან არ ბრუნდება. რაღაცნაირად დაგვამშვიდა, გაუძელით და ყველაფერი წინ არისო... სამუშაო, შენი ხელობა თუ გიყვარს, თუ საქმეს კარგად ასრულებ, ამერიკაში ყველაფერს შეძლებ. არც ნაცნობობა გინდა, არც რაიმე მხარდაჭერა, სადაც არ უნდა მიხვიდე, თუ შესაბამისი განათლება, ცოდნა გაქვს და შენი საქმე კარგად იცი, მიზანს ყველგან მიაღწევ.
- ალბათ უკვე ამერიკის მოქალაქეებიც ხართ, ხომ?
- კი, მთელი ოჯახი, მაგრამ ამერიკაში ყველა მაინც ემიგრანტია. აქ ადამიანები ხომ სხვადასხვა ქვეყნიდან არიან ჩამოსული... საქართველოში მე და მეუღლე 2012 წელს პირველად ჩამოვედით. განცვიფრებული ვიყავი, სხვა საქართველო დავტოვე და სხვა დამხვდა. ორკვირიანი შვებულება მქონდა და რაც მოვასწარი, ვეცადე, ბევრი რამ მენახა - ვიყავი სიღნაღში, ბორჯომში, ბათუმში. ძალიან მომეწონა... ადამიანმა კარგზე კარგი უნდა თქვა... ახლა შვილი აქ მყავს, შვილიშვილი აქ არის, ეგენი საქართველოში არ დაბრუნდებიან. შვილიშვილი ლოს-ანჯელესში სწავლობს, 22 წლისაა, ერთი შვილიშვილი დონეცკიდან აქ ჩამოვიყვანე...
- 29 წლის წინ ამერიკაში რომ მიდიოდით, ე.ი. საკუთარი თავის იმედი გქონდათ, ხომ?
- კი, მქონდა იმედი... ამას ჩემი საქართველოში ცხოვრების გამოცდილება მაძლევდა. 4 წელიწადი უკრაინაში შახტში ვმუშაობდი, მერე ჟინვალჰესზე, სადაც ურთულესი სამუშაო იყო. პარკეტზე რომ გადავინაცვლე, და არც ეს აღმოჩნდა ადვილი. წარმოიდგინეთ, წლების განმავლობაში მუხლებზე დგომა. თუ ადამიანი შრომასაა მიჩვეული, სადაც არ უნდა წავიდეს, რა საქმესაც არ უნდა მოჰკიდოს ხელი, თუ ზარმაცი არ არის და ვიღაცის დახმარებას არ ელის, ყველაფერს შეძლებს. აქ მე რომ არ ჩამოვსულიყავი, ჩემი შვილი და მეუღლე საქართველოში დაბრუნდებოდნენ. ჩემი ბიჭი მაშინ 17 წლის იყო. ახლა 46 წლისაა, ბარმენად დიდ ამერიკულ რესტორანში მუშაობს... მისი მეუღლეც დასაქმებულია, - სახელმწიფო სამსახურში პროგრამისტია. ჩემი მეუღლეც მუშაობს. მე უკვე პენსიაზე ვარ, პენსიას ბევრს არ მიხდიან, მაგრამ მაინც ნორმალურია. მოკლედ, ვართ ასე ნელ-ნელა.
- რას ეტყვით მათ, ვისაც ამერიკაში წასვლა უნდა. რა უნდა იცოდნენ, როდესაც ქვეყნიდან გადიან და სხვა ქვეყანაში სამუშაოდ, საცხოვრებლად მიდიან?
- სადაც არ უნდა წავიდეთ, პირველ რიგში, იმ ქვეყნის კანონები და წესები უნდა მივიღოთ. მეორე - არ უნდა მოვიტყუოთ, რადგან რაც არ უნდა მოხდეს, ის ტყუილი მაინც უკან დაგვიბრუნდება, მესამე - როგორც არ უნდა გაგვიჭირდეს, არაფერი უნდა მოვიპაროთ, მეოთხე - როცა მანქანის საჭესთან დავჯდებით, ალკოჰოლი არ უნდა დავლიოთ, - ეს საქციელი ამერიკაში ძალიან მკაცრად ისჯება... კარგი იქნება, თუ ამ რჩევებს ადამიანები ყურად იღებენ და გაითვალისწინებენ.