უკრაინა 9 მაისს მოსკოვში სხვა ქვეყნების წარმომადგენლების უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„ჩვენი პოზიცია ძალიან მარტივია ყველა იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც 9 მაისს მიდის ან წასვლას აპირებს: არ შეგვიძლია პასუხისმგებლობა ავიღოთ იმაზე, რაც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ხდება. თქვენს უსაფრთხოებას ისინი უზრუნველყოფენ და ჩვენ ვერანაირ გარანტიას ვერ მოგცემთ, რადგან არ ვიცით, რას გააკეთებს რუსეთი ამ დღეებში“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
„მე, როგორც პრეზიდენტს მჯერა და ეს საგარეო საქმეთა მინისტრსაც ვუთხარი, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენ გვიკავშირდებიან, ვუთხრათ: ჩვენ არ გირჩევთ უსაფრთხოების თვალსაზრისით რუსეთის ფედერაციაში ვიზიტს და თუ ასე მოიქცევით, ჩვენ რაიმეს ნუ მოგვთხოვთ. ეს თქვენი პირადი გადაწყვეტილებაა. უკრაინას ნამდვილად არ ეკისრება პასუხისმგებლობა იმაზე, რაც დღეს რუსეთში ხდება“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 9 მაისთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებულ სამდღიან ზავს „თეატრალური წარმოდგენა“ უწოდა.
„უპირობო ცეცხლის შეწყვეტა ამერიკელების მიერ შემოთავაზებული მოდელია. ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ. მოდით, 30 დღე ვცადოთ. რატომ 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა? რადგან სამ, ხუთ ან შვიდ დღეში რაიმეზე შეთანხმება შეუძლებელია“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.