მაისის დადგომასთან ერთად ქართველი მელომანების გულისცემამ იმატა, რადგან 30 მაისს ლეგენდარული როკ-ბენდი Guns N’ Roses საქართველოში პირველ კონცერტს გამართავს და ამავდროულად, ეს იქნება ჯგუფის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივი პერფორმანსი. კონცერტი დაახლოებით 3 საათი და 15 წუთი გაგრძელდება. 2025 წელი კი ქართულ მუსიკალურ ისტორიაში ოქროს ასოებით შევა.
Guns N’ Roses არ არის უბრალოდ ჯგუფი. ეს ცოცხალი ისტორიაა, რომელიც 1985 წელს ლოს-ანჯელესში დაიწყო. ლეგენდა ორი ბენდის Hollywood Rose-ისა და L.A. Guns-ის გაერთიანებით შეიქმნა. სადებიუტო ალბომი Appetite for Destruction 1987 წელს გამოვიდა და მოკლე პერიოდში 30 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. განსაკუთრებული პოპულარობა კი სამმა ჰიტმა მოიპოვა. ესენია: Sweet Child o’ Mine, Welcome to the Jungle და Paradise City.
„მთელი ალბომი ლაივში ჩაიწერა: დრამი, გიტარა და ყველა საბაზისო ინსტრუმენტი ერთ ოთახში ერთდროულად უკრავდა. შესაბამისად, ყველას მიკროფონში ყველა ბგერა აღწევდა. ძალიან რთული იყო ისეთი პროდიუსერის პოვნა, როგორიც ჩვენ გვჭირდებოდა, ამიტომ მაქსიმალურად ვეცადეთ თითოეული სიმღერისთვის ის ენერგია გვეჩუქებინა, რომელსაც ის ჩვენში იწვევდა“.
სულ მალე ლოს ანჯესელი ბიჭების ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა და სიმართლე რომ ვთქვათ, არა მხოლოდ მათი, არამედ - სრულიად როკის ისტორია. ბენდის მუსიკამ, ენერგიამ და ქარიზმამ როკის სტანდარტები შეცვალა. ისინი ანგრევდნენ სტანდარტებს და ქმნიდნენ სამყაროს, სადაც სახელი Guns N’ Roses ხმაურით ჟღერდა.
ხმაურითვე გაგრძელდა ბენდის შემოქმედება. 1991 წელს ერთდროულად ორი ალბომი Use Your Illusion I და Use Your Illusion II გამოვიდა. ახალი ჰიტი November Rain დღემდე ერთ-ერთ ყველაზე მხატვრულ და ემოციურ კლიპად რჩება როკის ისტორიაში.
წარმატება ძალიან სწრაფად მოვიდა, მაგრამ გზა მარტივი არ ყოფილა. შიდა კონფლიქტები და ნარკოტიკებთან ბრძოლა მათ კარიერაში მუდმივად არსებობდა. ხელის შემშლელი ფაქტორი იყო ბენდის წევრების არასტაბილურობაც.
1990-იანებში ჯგუფის დაშლა დაიწყო. წევრები ერთმანეთის მიყოლებით ტოვებდნენ ბენდს. რთული მდგომარეობის მიუხედავად Axl Rose მუშაობას არ წყვეტდა და 2008 წელს გამოვიდა ალბომი Chinese Democracy. ეს არის 14-წლიანი მუშაობის შედეგი, რომელმაც არაერთგვაროვანი და საკმაოდ კრიტიკული შეფასებები მიიღო. Chinese Democracy ალბომის გამო Guns N' Roses ოფიციალურად აკრძალეს ჩინეთში. მიზეზი პოლიტიკური თემატიკა გახლდათ.
2016 წელს Slash და Duff ჯგუფს დაუბრუნდნენ და დაიწყო მასშტაბური მსოფლიო ტურნე სახელად Not in This Lifetime... Tour (2016–2019). ის ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ტურნე გამოვიდა. ბენდმა 580 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო. Guns N’ Roses-მა კიდევ ერთხელ დაუმტკიცა მსოფლიოს, რომ ისინი შეუჩერებლები არიან.
2025 წელი კი ბენდის ისტორიის სრულიად ახალი საფეხურია. ამ ისტორიის ნაწილი მალე საქართველო და ქართველი მელომანებიც გახდებიან. დაგეგმილია 30 კონცერტი 26 ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც. ტურნე სახელწოდებით Because What You Want & What You Get Are Two Completely Different Things 31 ივლისს გერმანიაში დასრულდება. აღსანიშნავია, რომ ბენდს ახალი დრამერი ჰყავს. ფრენკ ფერერი აიზეკ კარპენტერმა შეცვალა.
ტურნეს გახსნის კონცერტზე, ჯგუფმა პირველად 2016 წლის შემდეგ შოუ სიმღერით Welcome to the Jungle გახსნა. სეტლისტი მოიცავს ლეგენდარულ ჰიტებს, როგორიცაა Sweet Child o’ Mine, November Rain და Paradise City.
საქართველოში დაგეგმილი კონცერტი შეკვეთილში, ციცინათელას პარკში, პროექტ Starring Georgia-ს ფარგლებში ჩატარდება. პროექტის მიზანი საქართველოში მუსიკალური კულტურის და ტურიზმის განვითარებაა. Guns N’ Roses კი ამ მნიშვნელოვანი პროექტის საეტაპო ნაწილია. ღონისძიებაზე ასევე გამოვა ამერიკული როკ-ბენდი Rival Sons, რომელიც სპეციალურად ამ ტურნესთვისაა მოწვეული. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც კონცერტის მთავარ არტისტს მოჰყავს ბენდი, რომელიც მის კონცერტამდე დაუკრავს.
Guns N’ Roses არის ჯგუფი, რომელზე საუბარიც რთულია. ის უბრალოდ უნდა იგრძნო და შეიყვარო. თუმცა ფაქტებს ვერსად გავექცევით:
შეკვეთილში დაგეგმილი კონცერტი აუცილებლად გახდება ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მუსიკალური ღონისძიება საქართველოში. ეს იქნება დღე, როცა ქართველი მელომანებისთვის დაიწერება ისტორია, დღე, რომლის ემოციაც სამუდამოდ დარჩება მათ მეხსიერებაში და თამამად იტყვიან, რომ ისინი როკის ლეგენდის ნაწილები არიან.
კონცერტზე დასასწრები ბილეთების შეძენა ჯერ კიდევ შესაძლებელია მითითებულ ბმულზე.