პარტია “ქართულ ოცნებას“ ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. კობახიძის კანდიდატურა პარტიის პოლიტსაბჭომ წარადგინა, თავმჯდომარის პოსტზე კი მას ყრილობა დაამტკიცებს, რომელიც ამ წუთებში სასტუმრო “პარაგრაფში“ მიმდინარეობს.
„დღეს სამყარო ურთულესი გამოწვევების წინაშე დგას. ვხედავთ, როგორ ცდილობენ გავლენიანი ძალები, სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი დაათმობინონ ყველაზე ძლიერ სახელმწიფოებსაც კი; ვხედავთ, როგორ ანგრევენ მრავალი ქვეყნის ეკონომიკას; ვხედავთ, როგორ თელავენ ფეხქვეშ დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს ელემენტარულ პრინციპებს იმ ქვეყნებშიც კი, რომლებიც ამ პრინციპების სამშობლოდ მიიჩნევიან; ვხედავთ, როგორ ცდილობენ ეროვნული და რელიგიური იდენტობა წაუშალონ უძველესი კულტურის მქონე ქვეყნებს; ვხედავთ, როგორ ებრძვიან ქრისტიანობას და სხვა ტრადიციულ რელიგიურ აღმსარებლობებს; ვხედავთ, როგორ ებრძვიან და აუფერულებენ კულტურის ყველა სფეროს; ვხედავთ, როგორ იყენებენ სხვადასხვა ქვეყანას საზარბაზნე ხორცად საკუთარი მანკიერი პოლიტიკური ინტერესების მისაღწევად; ვხედავთ, როგორ ცდილობენ წაშალონ ადამიანების პიროვნული იდენტობა, როგორ უპირისპირდებიან მორალს და ტრადიციულ ღირებულებებს, ნერგავენ უამრავ მანკიერებას, რომელთა ნორმად წარმოჩენა, თუნდაც, 10-15 წლის წინ, თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან რთულად წარმოსადგენი იქნებოდა.
ბუნებრივია, ამ არაჯანსაღი გლობალური პოლიტიკური პროცესების მიღმა ვერც საქართველო აღმოჩნდებოდა და შესაბამისად, მთელი 13 წლის განმავლობაში, ჩვენ გვიწევდა და გვიწევს უკომპრომისო ბრძოლა საქართველოს სუვერენიტეტისთვის, ქართველი ხალხის კეთილდღეობისთვის, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობისთვის; გვიწევს ბრძოლა ქრისტიანობის დასაცავად, მშვიდობის შესანარჩუნებლად, ტრადიციული ღირებულებებისა და საზოგადოებრივი მორალის განსამტკიცებლად. ეს არის უთანასწორო ბრძოლა, სადაც უპირატესობის შენარჩუნების შესაძლებლობას მხოლოდ სიმართლე გაძლევს. ეს არის ურთულესი ბრძოლა, სადაც სიმტკიცის შენარჩუნების ძალას გაძლევს რწმენა, რომ ნებისმიერი სისუსტის გამოვლენა შენს ქვეყანას განადგურებად შეიძლება დაუჯდეს და შესაბამისად, ნებისმიერი უკან დახევა არის დანაშაული საკუთარი ქვეყნის წინაშე. დიდი მადლობა ქართველ ხალხს, რომელმაც გასული რამდენიმე წლის მანძილზე გამოავლინა განსაკუთრებული გამოცდილება და სიბრძნე და მყარად დადგა საქართველოს ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე. სწორედ ქართველი ხალხის, საზოგადოების ნდობა და მხარდაჭერა იყო მთავარი, რაც ჩვენ ყველაზე რთულ მომენტებში ყველაზე რთული გამოწვევების გადალახვის საშუალებას გვაძლევდა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ეროვნული მიზანია როგორც ქართული საზოგადოების, ასევე საქართველოს ფიზიკურ გაერთიანება.
"ჩვენ გვაქვს მკაფიო სახელმწიფოებრივი ამოცანები. ეს არის დემოკრატიული სისტემისა და სამართლის უზენაესობის კიდევ უფრო განმტკიცება, საქართველოს დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების გაძლიერება, ქართული ეკონომიკის განვითარება, საქართველოს საგარეო პოლიტიკური პოზიციების გამყარება, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება. სახელმწიფოებრივ ამოცანებთან ერთად, ჩვენ გვაქვს ორი ეროვნული მიზანი, ორი ეროვნული ქართული ოცნება. ჩვენი მიზანია კეთილდღეობა შევიდეს თითოეულ ქართულ ოჯახში. ამიტომ, ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ გაგრძელდეს საქართველოს სწრაფი ეკონომიკური განვითარება, რომელმაც გასული 4 წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკის გაორმაგების შესაძლებლობა მოგვცა; ჩვენი ეროვნული მიზანია საქართველოს გამთლიანება. გამთლიანებაში, ერთი მხრივ, ვგულისხმობთ ქართული საზოგადოების გაერთიანებას.
ჩვენ ვხედავთ, როგორ ცდილობენ ქართველებს გარედან თავს მოგვახვიონ ერთმანეთის სიძულვილი, როგორ ცდილობენ დათესონ სიძულვილი ყველაფერი ქართულის, მათ შორის ქართული სახელმწიფოს და ჩვენი დედა ეკლესიის მიმართ. ქართული პოლიტიკიდან რადიკალების ჩამოშორების შემდეგ, რაც ძალიან მალე მოხდება, ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ სიძულვილს, დავიბრუნებთ გზასაცდენილ თანამოქალაქეებს და გავაერთიანებთ ჩვენს საზოგადოებას. ეს არის ჩვენი ეროვნული ამოცანა. ჩვენ ვერავის მივცემთ უფლებას, სიძულვილით გახლიჩოს ქართული საზოგადოება და გავაერთიანებთ ადამიანებს სიყვარულით ერთმანეთის და საკუთარი სამშობლოს მიმართ. მეორე მხრივ, გამთლიანებაში ჩვენ ვგულისხმობთ საქართველოს ფიზიკურ გაერთიანებას. აფხაზეთისა და აფხაზების, ცხინვალისა და ოსების დაბრუნებას ერთიან ქართულ სახელმწიფოში. გვჯერა, რომ მშვიდობით, პრინციპულობით, სიყვარულითა და მოთმინებით, აუცილებლად აღვადგენთ ნდობას და ნდობასთან ერთად, ერთიანობას და ამით, ავასრულებთ ჩვენს უმთავრეს ეროვნულ, ქართულ ოცნებას ერთიან საქართველოზე.
ქალბატონებო და ბატონებო, სიძულვილს ძლევს სიყვარული, ბოროტებას ძლევს სიკეთე და სიცრუეს ძლევს სიმართლე. ჩვენ კიდევ ბევრჯერ გავიმარჯვებთ, რადგან გვამოძრავებს სიყვარული საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მიმართ, გვინდა მეტი სიკეთე ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის და ვართ მართლები სამშობლოსთვის ბრძოლაში. ღმერთმა გაგვაძლიეროს ყველა საქმეში, რომელიც საქართველოს წინსვლას ემსახურება. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს პრინციპულობისთვის და ერთსულოვნებისთვის. ღმერთი ფარავდეს საქართველოს!“ - განაცხადა კობახიძემ.
პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა პარტიიდან და პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისი განცხადება ღარიბაშვილმა 25 აპრილს გააკეთა.