სულ რაღაც ერთი საათის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძისთვის მანამდე შეფარდებული 20 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეცვალა. გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ მიიღო, რითაც დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა. ჯაფარიძე სასამართლო დარბაზშივე დააკავეს, ხოლო მისი საქმის განხილვა არსებით ეტაპზე გადავიდა.
აღნიშნული საქმე უკავშირდება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებასა და წარდგენილ ბრალდებას. ცნობილია, რომ ზურაბ ჯაფარიძე არ გამოცხადდა აღნიშნულ კომისიაზე, რის შემდეგაც იგი ჩვენების მისაცემად მაგისტრატ მოსამართლესთან დაიბარეს და ბრალდებაც ოფიციალურად წარუდგინეს. მანამდე, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლი, რომლითაც მიმდინარეობს გამოძიება, გულისხმობს "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" და ითვალისწინებს სასჯელის სახით ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით, ასევე თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას სამ წლამდე ვადით.
დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე, პოლიტიკოსმა "ნეტგაზეთთან" ისაუბრა და აღნიშნა, თუ როგორ მიიღო სავარაუდო დაკავების ამბავი მისმა ოჯახმა:
"შვილებს დილას ველაპარაკე უკვე და დავემშვიდობე... ოჯახში მძიმედ მიიღეს [სავარაუდო დაკავება]. მეუღლე გამძლე მყავს, პატარას გაუჭირდა ყველაზე მეტად. 7 წლისაა და რაღაცების ახსნა რთულია. არასდროს ვატყუებ, ვეცადე ამეხსნა, მაგრამ მაინც არ ესმის, ჯერჯერობით რა ხდება მის თავს... აქციის მონაწილეებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს აქ მოვიდა, დიდ მადლობას ვუხდი..."
ზურაბ ჯაფარიძეს მეუღლე, ნატა ქორიძე და სამი შვილი ჰყავს. დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიტიკოსი მეუღლესთან ერთად გამოცხადდა, რისი ამსახველი ემოციური კადრებიც მედიის საშუალებით მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა.
რამდენიმე წლის წინ, ზურაბ ჯაფარიძე AMmbebi.ge-სთან ინტერვიუში იხსენებდა მეუღლესთან ურთიერთობის ისტორიას:
"ჩემი მომავალი მეუღლე - ნატა ქორიძე 1999 წელს გავიცანი. ისე მოხდა, რომ ჩვენ ორი წელი ვიყავით ერთად, მერე გავიყარეთ და ჩვენ-ჩვენი ცხოვრება გვქონდა. 2012 წელს ისევ გადავიკვეთეთ ერთმანეთთან, დავქორწინდით და სამი შვილიც გვეყოლა... შეიძლება ასეც ითქვას, რომ განშორება ნაწილობრივ დაგვეხმარა იმის გაცნობიერებაში, რომ ერთმანეთისთვის მოვედით... ნატა საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრია, დამთავრებული აქვს კოლუმბიის უნივერსიტეტი... ვცდილობ, როგორც კი თავისუფალი დრო გამომიჩნდება, ეგრევე სახლში გავიქცე... თუმცა მაინც მაქვს მათთვის კვირა დღე გადადებული, ვახერხებ დიდი ნაწილი დავუთმო ბავშვებს და მთელი ოჯახი ვსეირნობთ."
ცნობილია ისიც, რომ 2022 წელს ნატა ქორიძე გაათავისუფლეს საგარეო საქმეთა სამინისტროდან, სადაც 17 წლის განმავლობაში მუშაობდა. მისი განცხადებით, გათავისუფლების მიზეზად მისი თანამდებობის გაუქმება დასახელდა.
წაიკითხეთ ასევე: