ავტორი:

კომბინირებული თავდასხმა უკრაინაზე - რუსეთმა 8 ოლქსა და კიევს დრონებით, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით შეუტია: გარდაიცვალა 10-ზე მეტი მოსახლე, დაშავებულთა რიცხვი 50-ს აღემატება

კომბინირებული თავდასხმა უკრაინაზე - რუსეთმა 8 ოლქსა და კიევს დრონებით, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით შეუტია: გარდაიცვალა 10-ზე მეტი მოსახლე, დაშავებულთა რიცხვი 50-ს აღემატება

რუსებმა უკრაინაზე დრონებით და რაკეტებით მასშტაბური შეტევა განახორციელეს. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია 13 და 50-ზე მეტი დაშავებული.

კერძოდ, კიევსა და ხმელნიცკში ოთხ-ოთხი ადამიანი დაიღუპა, მიკოლაივში - ერთი, ჟიტომირში სამი ბავშვი, დაშავდა ათობით ადამიანი

  • რუსეთმა 25 მაისის ღამეს უკრაინაზე მასშტაბური კომბინირებული თავდასხმა განახორციელა, დრონების, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

თავდასხმის შედეგად კიევის ოლქში 4 ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა, მათ შორის სამი ბავშვი. ინფრასტრუქტურისა და საცხოვრებელი შენობების ნგრევა და დაზიანება ოლქის ხუთ რაიონში დაფიქსირდა.

ამასთან, ხმელნიცკის ოლქზე განხორციელებული სარაკეტო შეტევის შედეგად 4 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 5 დაშავდა. მნიშვნელოვნად დაზიანდა საცხოვრებელი და სოციალური ინფრასტრუქტურა.

მასშტაბური თავდასხმის შედეგად ჟიტომირის ოლქში 3 ბავშვი დაიღუპა და კიდევ 12 ადამიანი დაშავდა.

“სუმის ოლქში, კონოტოპზე განხორციელდა ყველაზე მასირებული იერიში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ“, - აცხადებს ქალაქის მერი. დანგრეულია ინფრასტრუქტურული ობიექტი, ნაწილობრივ გამორთულია ელექტროენერგია რამდენიმე ქუჩაზე. ამ დროისთვის მსხვერპლი არ დაფიქსირებულა.

რუსების დრონი მიკოლაივში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას დაეჯახა. თავდასხმის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი. შენობის ორი სართული მთლიანად განადგურდა, სამი კი - დაზიანდა.

რუსებმა რაკეტების, „კამიკაძე“ დრონების, საჰაერო ბომბებისა და არტილერიის გამოყენებით შეტევა განახორციელეს დნეპროპეტროვსკის ოლქზეც. დაზიანდა სამრეწველო ობიექტები, საცხოვრებელი შენობები და ინფრასტრუქტურა.

რუსულმა ძალებმა უკრაინაზე წუხელ კომბინირებული თავდასხმა 367 დრონით და რაკეტით განახორციელეს, მათგან 310-ზე მეტი განადგურდა ან დაიკარგა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსებმა სტრატეგიული ავიაციის Ту-95 და Ту-160 ტიპის თვითმფრინავებიდან „ისკანდერ-M/KN-23“ ტიპის 9 ბალისტიკური რაკეტა და “X-101“ და „კალიბრის“ ტიპის 55 ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს, Ту-22M3 თვითმფრინავიდან კი “X-22“ ტიპის ერთი ფრთოსანი რაკეტა. ამასთან რუსებმა უკრაინას „X-59/69“ ტიპის 4 მართვადი საჰაერო რაკეტითა და 298 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს.

თავდასხმის შედეგად უკრაინის ოლქების უმეტესობა დაზარალდა, დარტყმები 22 ლოკაციაზე დაფიქსირდა.