წელს Tbilisi Open Air 24 მაისს გაიხსნა. ფესტივალი განსხვავებული ფორმატით დაბრუნდა და 24-25 მაისს ტრადიციულად Lisi Wonderland-ის ტერიტორიაზე გაიმართა. წინა წლებისგან განსხვავებით, გამომსვლელთა სიაში უცხოელი შემსრულებლები არ ყოფილან. ორი დღის განმავლობაში მსმენელი ქართველი არტისტებისა და მუსიკალური კოლექტივების გამოსვლებს ისმენდა. წლევანდელი ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი მუსიკალური კოლაბორაციებია გახლდათ.
საბოლოოდ, ფესტივალი ნაწილობრივ ხელისუფლების და რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკის წინააღმდეგ პროტესტში გადაიზარდა.
ხელისუფლების მომხრე საზოგადოების ნაწილმა ნანი ბრეგვაძე გააკრიტიკა ფესტივალზე გამოსვლის გამო.
Tbilisi Open Air-ის გარშემო ატეხილ აურზაურზე კომენტარისთვის ნანი ბრეგვაძეს დავუკავშირდით:
- არ მინდა ბევრი ვისაუბრო, რა იყო და როგორ იყო, ჩემო საყვარელო, არ გეწყინოთ... რადგან გამოვედი, ისე იგი მინდოდა და გამოვედი. მადლიერი ვარ მთელი ახალგაზრდობის, მე ვარ ახალგაზრდებთან! სიმღერა ნიჭიერად იყო გაკეთებული, ახალი რაღაც გამოვიდა და მე დამაინტერესა.
მადლიერი ვარ, ღმერთმა რომ ასეთი სიყვარული მაჩუქა ახალგაზრდების. ჩემი თაობიდან თითქმის ყველა წავიდა. ახლა ეკას, ნატალიას მეგობრები არიან, მაგრამ ეკას და ნატალიას შემდეგ კიდევ ხომ მოდის ახალგაზრდების თაობა? ეს არის ჩვენი მომავალი! ჩვენი დრო უკვე მთავრდება, მოდის ახალგაზრდების დრო!
- რომლებსაც სურთ, უყვართ ევროპა?
- ევროპა ვის არ უყვარს?! ყველას უყვარს! მე ჯერ კიდევ ძალიან დიდი ხნის წინ ვიყავი ევროპაში, ანსამბლებიდან ერთ-ერთი პირველი "ორერა" წავიდა საქართველოდან. მოსკოვში გაერთიანდნენ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქალაქებიდან ხელოვანები და საქართველოდან მე მოვხვდი.
ადვილი არ იყო, სადაც მოგინდებოდა, იქ წასულიყავი და გემღერა. ახლა ევროპა და ამერიკა სავსეა ქართველი ხელოვანებით. ადრე ძალიან დიდი შრომა სჭირდებოდა და არც ეგ კმაროდა. მიამჩნია, რომ აუცილებელია ჯერ შენმა ხალხმა მიგიღოს და მერე გააგრძელო სხვაგან შენი შემოქმედება.
ამბობენ ნანი მოსკოვში მღეროდაო და რა სისულელეა? სად უნდა წავსულიყავი სხვაგან, ეს ერთი სახელმწიფო იყო!? იცოდეთ, მაშინ თავისუფლება არ იყო! ყოველი ნაბიჯი იქვე, მოსკოვშიც კი ვიღაცაზე დამოკიდებული იყო. შემოქმედებაში - კინოში, მუსიკაში თუ რამ მთავრობას არ მოეწონებოდა, ამოჭრიდნენ. დრო ძალიან ძლიერია, ყველაფერი დროს მოაქვს და ყველას თავის ადგილს მიუჩენს ბუნებაში. სხვა თაობა მოდის, ცხოვრება წინ მიდის! სიმფონია ყველას ხომ არ ესმის?
ასევეა პოლიტიკაც! მე არ მესმის და არც არასოდეს ვერევი! ახლაც შეკითხვა რომ დამისვათ, ვერ გიპასუხებთ! ფესტივალზე პოლიტიკის გამო კი არ გამოვედი, მებრძოლი კი არ ვარ! ახალგაზრდა, გენიალურმა ბავშვმა, კომპოზიტორმა კორძაიამ დაწერა სიმღერა, ძალიან მომეწონა და ამან დამაინტერესა. ბავშვებს ახალგაზრდებს მოეწონათ კლიპი, თავიდან მე არც ვიცოდი, ფესტივალისთვის რომ მზადდებოდა...
წაიკითხეთ ასევე: