Greenpeace-ის აქტივისტებმა პარიზის მუზეუმიდან საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ცვილის ფიგურა მოიპარეს და რუსეთის საელჩოსთან მიიტანეს.
როგორც მედია წერს, სამმა აქტივისტმა გრევინის ცვილის ფიგურების მუზეუმის თანამშრომლების ფორმები ჩაიცვა და ადგილზე ასე შეაღწიეს, შემდეგ დაახლოებით 40 ათასი ევროს ღირებულების ფიგურა ნაჭრის ქვეშ დამალეს და საგანგებო გასასვლელიდან გაიტანეს.
ფიგურა პარიზში რუსეთის საელჩოს შენობაში მიიტანეს და დიდი ბანერის წინ დადგეს, სადაც ეწერა: "უკრაინა იწვის, ბიზნესი გრძელდება“.
“ამით აქტივისტებმა გააპროტესტეს მაკრონის დამოკიდებულება ფრანგული კომპანიების მიმართ, რომლებიც უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთთან საქმიან ურთიერთობას აგრძელებენ,“ - წერს bbc.
Greenpeace-ის საფრანგეთის ხელმძღვანელმა ჟან-ფრანსუა ჟულიარმა AFP-ს განუცხადა, რომ პარიზი "ორმაგ თამაშს თამაშობს“ უკრაინის მხარდაჭერით, ამავდროულად კი ფრანგული კომპანიები რუსეთიდან გაზისა და სასუქების იმპორტს აგრძელებენ.
მისი თქმით, მაკრონი "ამ ორმაგ დისკურსს განასახიერებს“ და "პირველი უნდა იყოს“ ევროპელ ლიდერებს შორის, ვინც რუსულ კომპანიებთან სავაჭრო კონტრაქტებს დაარღვევს.
როგორც BBC წერს, მაისის ანალიზმა აჩვენა, რომ რუსეთი აგრძელებს მილიარდობით დოლარის გამომუშავებას დასავლეთში, მათ შორის ევროკავშირში წიაღისეული საწვავის ექსპორტიდან.
ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის კვლევის ცენტრის (CREA) მონაცემებით, 2022 წლიდან (უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან), რუსეთმა წიაღისეული საწვავის ექსპორტიდან 883 მილიარდ ევროზე მეტი შემოსავალი მიიღო, მათ შორის 228 მილიარდი ევრო იმ ქვეყნებიდან, რომლებმაც სანქციები დააწესეს.
ლომის წილი, 209 მილიარდი ევრო ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან მოდის, საიდანაც 17.9 მილიარდი ევრო საფრანგეთიდანაა.
კიევისთვის სამხედრო დახმარების გაწევის გარდა, საფრანგეთმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთისა და რუსეთის მოქალაქეების მიმართ სანქციების სერიაც დააწესა.