რუსებმა უკრაინის ჩერნიგოვის ოლქის ქალაქ პრილუკიზე დრონებით შეტევა განახორციელეს, რის შედეგადაც სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი წლის ბავშვი, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ეროვნული პოლიციის ცნობით, დაღუპულებს შორის არიან 46 წლის ქალი, მისი ქალიშვილი და 2024 წელს დაბადებული შვილიშვილი. ისინი ნანგრევების ქვეშ იპოვეს.
„წინასწარი ინფორმაციით, ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ქალი და ერთი წლის ბავშვი, რომლებიც ნანგრევების ქვეშ იპოვეს“, - განაცხადა ჩერნიგოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიაჩესლავ ჩაუსმა.
მისივე თქმით, დაჭრილია 6 ადამიანი რომლებიც ადგილობრივ საავადმყოფოებში არიან ჰოსპიტალიზებული, სადაც ისინი ყველა საჭირო დახმარებას იღებენ.
ვიაჩესლავ ჩაუსის ინფორმაციით, თავდასხმის ადგილებში პოლიცია, მაშველები და საგანგებო სიტუაციების სხვა სამსახურები მუშაობენ.
თავდასხმა განხორციელდა ხარკოვზეც.
დაშავდა 17 ადამიანი, მათ შორის ორსული ქალი, 9 წლის გოგონა, 7 წლის ბიჭი და 93 წლის ქალი.