ახალი კვლევის თანახმად, ღარიბი ოჯახების ბავშვები უფრო სწრაფად ბერდებიან, ვიდრე მათი თანატოლები, რომლებიც უზრუნველ ოჯახებში იზრდებიან.
Theguardian-ის ინფორმაციით, ლონდონის იმპერიული კოლეჯის მეცნიერებმა ევროპის მასშტაბით, 6-დან 11 წლამდე ასაკის 1160 ბავშვის მონაცემები შეისწავლეს.
ბავშვები შეფასდნენ საერთაშორისო ოჯახის კეთილდღეობის შკალით, რომელიც ეფუძნება სხვადასხვა ფაქტორს, მათ შორის ფაქტორებს: აქვს თუ არა ბავშვს საკუთარი ოთახი და რამდენია ოჯახში მანქანები რაოდენობა.
ტელომერები ქრომოსომებში არსებული სტრუქტურებია, რომლებიც უჯრედების სიცოცხლისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. მათი დეგრადაცია დაკავშირებულია დაბერებასთან. ამასთან, ტელომერები ადამიანების ასაკის მატებასთან ერთად მოკლდებიან.
ტელომერების სიგრძესა და ქრონიკულ დაავადებებს შორის კავშირი არაერთმა კვლევამ დაადასტურა. დადასტურდა ისიც, რომ მწვავე და ქრონიკულმა სტრესმა შეიძლება ტელომერების სიგრძე შეამციროს.
კვლევამ აჩვენა, რომ მაღალი შემოსავლის მქონე ჯგუფის ბავშვებს ტელომერები საშუალოდ 5%-ით გრძელი ჰქონდათ, ვიდრე დაბალი შემოსავლის მქონე ჯგუფის ბავშვებს.
გოგონებს ტელომერები საშუალოდ 5.6%-ით გრძელი ჰქონდათ, ვიდრე ბიჭებს, ხოლო უფრო მაღალი სხეულის მასის ინდექსის (BMI) მქონე ბავშვებს ცხიმოვანი მასის ყოველ 1%-იან ზრდაზე ტელომერები 0.18%-ით უფრო მოკლე ჰქონდათ.
საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე ჯგუფებში ბავშვებს კორტიზოლის დონე 15.2%-დან 22.8%-მდე დაბალი ჰქონდათ, ვიდრე დაბალი შემოსავლის მქონე ჯგუფის ბავშვებს.
ავტორების თქმით, კვლევა არ უნდა მივიღოთ როგორც გარანტირებული მოცემულობა. ანალიზმა უბრალოდ გამოავლინა გარემოს არაპირდაპირი გავლენა დაბერებისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების მაჩვენებლებზე.
„კვლევა აჩვენებს, რომ დაბალი შემოსავლის მქონე ჯგუფში ყოფნა იწვევს დამატებით ბიოლოგიურ ცვეთას. “ღარიბ“ ოჯახში გაზრდილი ბავშვისთვის ეს შეიძლება ექვივალენტური იყოს უჯრედების დაახლოებით 10 წლით დონეზე დაბერებისა, მაღალი შემოსავლის მქონე ჯგუფის ბავშვებთან შედარებით“, - განაცხადა კვლევის უფროსმა ავტორმა და იმპერიალის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლიდან, დოქტორმა ოლივერ რობინსონმა.
იხილეთ ასევე: