ის, რასაც თინა ბოკუჩავა ამბობს, უნიჭო სპექტაკლია, მაგრამ ამავე დროს, სიბოროტის ის დონე ახლავს, რომელიც ახასიათებდა „ნაცმოძრაობას" - რასაკვირველია, კოტიკოს უნდა დაუძახონ, გამოკითხონ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.
"მე ვფიქრობ, უნდა დაიბარონ მისი ქმარი, კოტე. ადამიანი, რომელიც ჩვენ გვახსოვს იქიდან, როდესაც ამბობდა, რომ იესო ქრისტეს 30 ვერცხლი ჩაუდეს ჯიბეში და ჩადებული 30 ვერცხლის გამო გაასამართლეს და ჯვარზე გააკრეს. მისი რაღაც უტიფარი განცხადებებიც გვახსოვს, მაგრამ ის, რასაც თინა ბოკუჩავა ამბობს, რასაკვირველია, ზღაპარი უნდა დავარქვათ, თან ბოროტი ზღაპარი. აქ არის ერთი ამოცანა - შეურაცხყოფა მიაყენოს უშიშროების სამსახურს, გამოიყვანოს ისე, რომ საბავშვო ბაღის ბავშვების დახოცვით დაემუქრნენ კოტიკოს, თუ არ აღიარებდა, რომ სისულელე თქვა 8 წლის წინ. რასაკვირველია, პირადად ხელმძღვანელობაზეა შეტევა. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალ მინისტრზე განახორციელა შეტევა. მე ვფიქრობ, მაინც უნიჭო სპექტაკლია, მაგრამ ამავე დროს, სიბოროტის ის დონე ახლავს, რომელიც ახასიათებდა „ნაცმოძრაობას" მაშინ როცა ბოკუჩავა იყო ერთ-ერთი ლიდერი და დღესაც რჩება, უბრალოდ, მართვის ბერკეტი არ გააჩნია ხელში.
დღეს ასეთი ბოროტი ზღაპრის მოყოლა უკავშირდება კონკრეტულ ამოცანას, რომ შეურაცხყოფა მიაყენოს უშიშროების სამსახურს, ახალ ხელმძღვანელობას, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს. მახსოვს გარკვეული დღეების წინ, გეგელიამ განაცხადა, რომ მასაც დაესხნენ თავს. რასაკვირველია, ეს ვიღაცებს აინტერესებთ, მაგრამ მე მგონია, გულუბრყვილო სანჩეს ამორის გარდა, ამას არავინ დაიჯერებს არც საზღვარგარეთ“, - განაცხადა ვოლსკიმ.
მისივე თქმით, გამტაცებლები, მის მეუღლეზე 8 საათის განმავლობაში ზეწოლას ახორციელებდნენ და ემუქრებოდნენ ბავშვების უსაფრთხოებით. როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, ვარაუდობენ, რომ კოტე იოსელიანი "მრავალი საათის განმავლობაში იმყოფებოდა ე.წ მოდულის შენობაში". ამასთან, ბოკუჩავას თქმით, მომხდარის რეალური მიზეზი მისი დაშინება და გაჩუმებაა.
შეგახსენებთ, გუშინ კოტე იოსელიანმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ბოდიშს უხდის ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილის, რამდენიმე წლის წინ მისი მისამართით გაკეთებული განცხადების გამო.
წაიკითხეთ ასევე: