ავტორი:

ისრაელის პირველი ოფიციალური დახმარება უკრაინას და ელჩის აღიარება - "ამაზე საჯაროდ თითქმის არავინ საუბრობდა"

ისრაელის პირველი ოფიციალური დახმარება უკრაინას და ელჩის აღიარება - "ამაზე საჯაროდ თითქმის არავინ საუბრობდა"

უკრაინამ ოფიციალურად მიიღო Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემები ისრაელისგან. ინფორმაცია პირველად დაადასტურა ისრაელის ელჩმა უკრაინაში, მიხაელ ბროდსკიმ, ჟურნალისტ მარისკა დოვბენკოსთან ინტერვიუში. მისი თქმით, საუბარია იმ სისტემებზე, რომლებიც ისრაელმა 1990-იან წლებში აშშ-სგან მიიღო და რომელიც წლების განმავლობაში მის არმიას ემსახურებოდა.

"ეს Patriot-ის სისტემები ახლა უკრაინაშია. ჩვენ დავთანხმდით მათ გადაცემას, თუმცა, სამწუხაროდ, ამაზე საჯაროდ თითქმის არავინ საუბრობდა. როცა ამბობენ, რომ ისრაელმა არ გაუწია უკრაინას სამხედრო დახმარება — ეს უბრალოდ სიცრუეა" — აღნიშნა ბროდსკიმ.

პირველი ოფიციალური სამხედრო დახმარება

ეს განცხადება მნიშვნელოვანი გარდატეხაა ისრაელ-უკრაინის ურთიერთობებში, რადგან ამ დრომდე იერუსალიმი თავს იკავებდა კიევის სამხედრო მხარდაჭერის ოფიციალურად აღიარებისგან. სწორედ ეს განცხადება გახდა პირველი საჯარო დამოწმება იმისა, რომ ისრაელის მთავრობამ რეალურად მიაწოდა უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემა — ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული საშუალება რუსეთის საჰაერო თავდასხმების წინააღმდეგ.

Patriot-ის ეს ბატარეები თავდაპირველად აშშ-ს ეკუთვნოდა და ისრაელმა ისინი 1990-იან წლებში მიიღო ამერიკული სამხედრო დახმარების ფარგლებში. სისტემები 2024 წელს ისრაელში ჩამოწერეს და ახლა, განახლებისა და ტექნიკური შემოწმების შემდეგ, გადაეცა უკრაინას — იმ მომენტში, როცა კიევს სასწრაფოდ ესაჭიროება ეფექტიანი თავდაცვითი იარაღი რუსული ბალისტიკური რაკეტებისა და ირანული დრონების წინააღმდეგ.

პოლიტიკურად სენსიტიური ფონზე

ისრაელის მხრიდან სამხედრო დახმარების თემას ახლავს დიდი სიფრთხილე, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ქვეყანა ცდილობს ბალანსის დაცვას დასავლეთსა და რუსეთს შორის.

თუმცა, როგორც ჩანს, მზარდი ზეწოლა აშშ-დან და სხვა დასავლური პარტნიორებიდან, ასევე რუსეთის მიერ გამოყენებული ირანული ტექნოლოგიები და მათი გავრცელება რეგიონში, გავლენას ახდენს ისრაელის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე.

ცნობილია, რომ ისრაელმა ჯამში 8 ასეთი ბატარეა ჩამოწერა და ამოიღო ექსპლუატაციიდან. თუ ეს ყველა მიეწოდება კიევს, უკრაინის საჰაერო თავდაცვა სერიოზულად გაძლიერდება.

ავტორი: მიხეილ ხაჩიძე