ავტორი:

“ნუ შეიტანთ კანონში ისეთ ცვლილებებს, რომელიც ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობისათვის ესოდენ საფრთხის შემცველია“ - რას წერს  მოსამართლე  ქეთი მესხიშვილი?

“ნუ შეიტანთ კანონში ისეთ ცვლილებებს, რომელიც ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობისათვის ესოდენ საფრთხის შემცველია“ - რას წერს  მოსამართლე  ქეთი მესხიშვილი?

სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე ქეთი მესხიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებებს და წერს, რომ კანონპროექტი “არ არის თავსებადი მოსამართლის თავისუფლების იდეასთან“.

“მეგობრებო, გავეცანი საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებებს.

  • კანონპროექტთან დაკავშირებით გეტყვით ჩემი, როგორც ერთი ჩვეულებრივი მოსამართლის აზრს, რომლისთვისაც მოსამართლეობა არ არის პანაცეა, არამედ თავისუფალი მოსამართლეობაა იდეა, რომლისთვისაც ამ პოზიციაზე ყოფნა ღირს.

საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებების ნაწილი არ არის მოსამართლის თავისუფლების იდეასთან თავსებადი.

თუ აღნიშნული ცვლილებების “ლეგიტიმური“ მიზანი ის არის, რომ მოსამართლეების მხრიდან ლექცია სემინარებში მონაწილეობამ, კონფერენციებზე აზრის გამოთქმამ, სამეცნიერო საქმემ და ა. შ. არ გააჩინოს სასამართლოს გაჯანსაღების, მეტი დემოკრატიული პროცესის წარმართვისა და ინდივიდუალური მოსამართლის კიდევ უფრო გაძლიერების საჭიროების განცდა, მინდა დაგარწმუნოთ, რომ სასამართლოში მიმდინარე ჯანსაღი, თუ არაჯანსაღი პროცესის ინდიკატორი ჩვენი, მოსამართლეების გადაწყვეტილებებია. ჩვენი გადაწყვეტილებებით ჩვენ თავად ვწყვეტთ სხვასთან ერთად ჩვენივე ბედს და ვაჩვენებთ, თითოეული მოსამართლის მხრიდან თავისუფალი სუნთქვის მასშტაბს. და ეს უფრო ხმამაღლა მეტყველებს ყველა მოვლენაზე, ვიდრე კონფერენციასა, თუ სემინარებში გამოთქმული რაიმე მოსაზრება.

ამიტომ, ამ ცვლილებებით ვერ მიიღწევა ის მიზანი, რაც შეიძლება ამ კანონპროექტს ჰქონდეს. სამაგიეროდ, მივიღებთ უამრავ შეზღუდვას, დაწესებულს თავისუფალი მოსამართლეებისთვის, ჩემი უამრავი საუკეთესო კოლეგისთვის.

ერთი რამ, რაც შეიძლება დაბეჯითებით გითხრათ, საკუთარი საქმის განსახილველად ყველა ისეთ მოსამართლეს ისურვებს, რომელიც თავისუფალი და მამაცია. თუ დღეს ვინმე ფიქრობს, რომ არ სჭირდება და მას კანონში ხანგრძლივი მივლინების ჩანაწერით დააშინებს, ხვალ მასაც აუცილებლად დასჭირდება ასეთი მოსამართლე.

ამიტომ, ნუ შეიტანთ კანონში ისეთ ცვლილებებს, რომელიც ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობისათვის ესოდენ საფრთხის შემცველია. არ გამოადგება ეს ხალხს, ქვეყანას და არც თქვენ, ამ კანონპროექტის ინიციატორებს გრძელვადიან პერსპექტივაში,“ - წერს ქეთევან მესხიშვილი.