ავტორი:

ტყის ხანძარი საბერძნეთში და ევაკუირებული სოფლები, "სიცხის ტალღა" იტალიასა და ესპანეთში - სინოპტიკოსები მოქალაქეებს აფრთხილებენ: როგორია პროგნოზი ევროპის მასშტაბით

ტყის ხანძარი საბერძნეთში და ევაკუირებული სოფლები, "სიცხის ტალღა" იტალიასა და ესპანეთში - სინოპტიკოსები მოქალაქეებს აფრთხილებენ: როგორია პროგნოზი ევროპის მასშტაბით

საბერძნეთში ტყის ხანძრები მძვინვარებს. ჰაერის მაღალი ტემპერატურაა ესპანეთსა და იტალიაში. შაბათს, რომსა და მადრიდში, ტემპერატურა თითქმის 40 გრადუს ცელსიუსს აღწევს, ხოლო მომავალ კვირას პარიზსა და რომში მოსალოდნელი სიცხის ტალღის გამო, გაფრთხილებებია გამოცხადებული .

  • ათენის სამხრეთით ხუთი სოფლის ევაკუაცია გახდა საჭირო - დედაქალაქის მახლობლად ძლიერი ქარის შედეგად გაჩენილი მასშტაბური ხანძარი მძვინვარებს.

საბერძნეთში ცხელი და მშრალი ზაფხულის განმავლობაში ხანძრები ხშირია. 2018 წელს, ათენის აღმოსავლეთით, ზღვისპირა ქალაქ მატში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც, 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ბოლო წლებში კლიმატის ცვლილებამ უფრო ხანგრძლივი და ძლიერი სიცხის ტალღები, ასევე ხანძრები და დამანგრეველი წყალდიდობები გამოიწვია.

მეტეოროლოგიური სამსახურის წარმომადგენლის, სტივენ დიქსონის გაფრთხილებით, სამხრეთ და დასავლეთ ევროპას სიცხის ტალღა უტევს, რომელიც კონტინენტის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილებზეც ვრცელდება.

"ევროპაში ტემპერატურა, სავარაუდოდ, ნორმაზე 5 გრადუსით მაღალი იქნება, სამხრეთ-აღმოსავლეთით კი შესაძლოა 40 გრადუსს მიაღწიოს“, - განაცხადა მან.

პარიზში, სამშაბათს ტემპერატურა 39 გრადუს ცელსიუსს მიაღწევს. სინოპტიკოსები სიფრთხილისკენ მოუწოდებენ იმ ადამიანებს, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში უწევთ გარეთ ყოფნა.

ცხელი ამინდები ელის იტალიის რამდენიმე პოპულარულ ტურისტულ ადგილს.

მომდევნო კვირის განმავლობაში, სიცხის ტალღის ჩრდილოეთით გადაადგილების გამო, სინოპტიკოსები ამბობენ, რომ გერმანიის ზოგიერთ ნაწილში ტემპერატურა 40 გრადუსამდე გაიზრდება.

წყარო