როგორ ჩასწვდა ჰერბერტ უელსი სტალინის არსს

როგორ ჩასწვდა ჰერბერტ უელსი სტალინის არსს

მომავალ ორშაბათს "რეიტინგის" მკითხველები ჟურნალთან ერთად ბრიტანელი მწერლისა და პუბლიცისტის, ცნობილი სამეცნიერო-ფანტასტიკური რომანებისა და მოთხრობების ავტორის ჰერბერტ უელსის მოთხრობების კრებულს შეიძენენ.

ცოდნისა და პროფესიის ძიებაში

ჰერბერტ უელსი 1866 წლის 21 სექტემბერს დაიბადა ლონდონის სიახლოვეს, კენტის საგრაფოში. მამამისი ჯოზეფ უელსი და დედა სარა ნილი მდიდარ ოჯახში მებაღედ და მოსამსახურედ მუშაობდნენ, მოგვიანებით კი ფაიფურის ნაკეთობათა პატარა დუქანი გახსნეს. თუმცა ვაჭრობას პრაქტიკულად არავითარი შემოსავალი არ მოჰქონდა და ოჯახი ძირითადად იმ ფულით ცხოვრობდა, რომელსაც მამა, პროფესიონალი კრიკეტის მოთამაშე, თამაშით შოულობდა.

როდესაც ბიჭი რვა წლის გახდა, მას "გაუმართლა", როგორც თვითონ ამბობდა მოგვიანებით, და ფეხი მოიტეხა. სწორედ მაშინ მიეძალა კითხვას. იმავე ასაკში ჩააბარა "მისტერ ტომას მორლეის კომერციულ აკადემიაში", სადაც ვაჭრის პროფესიას უნდა დაუფლებოდა. თუმცა როდესაც ჰერბერტი ცამეტი წლის იყო, მამამისმა ფეხი იღრძო და ტრავმის გამო კრიკეტთან დამშვიდობებამ მოუწია. სწავლა დასრულებულად მიიჩნიეს უსახსრობის გამო და ჰერბერტს დამოუკიდებლად მოუხდა ცხოვრების დაწყება.

უმაღლესი განათლება ლონდონის უნივერსიტეტის კინგზ-კოლეჯში მიიღო, რომელიც 1888 წელს დაასრულა. 1891 წელს ბიოლოგიაში ორი სამეცნიერო წოდება მიიღო, 1942 წლიდან კი ბიოლოგიის დოქტორად იწოდებოდა.

მას მერე, რაც მოწაფედ დაუდგა მანუფაქტურით მოვაჭრეს და აფთიაქშიც იმუშავა მცირე ხანს, სკოლის მასწავლებლობაც მოასწრო და ზუსტ მეცნიერებებში ლექციებსაც კითხულობდა. 1893 წელს პროფესიონალურად შეუდგა ჟურნალისტობას.

1895 წელს დაწერა თავისი პირველი მხატვრული ნაწარმოები - რომანი "დროის მანქანა", გამომგონებლის მოგზაურობის შესახებ შორეულ მომავალში. ამ რომანმა ფართოდ გაუთქვა სახელი.

რუსული ვოიაჟები

1914 წელს უკვე მწერლის რანგში იმყოფებოდა რუსეთში. მოგვიანებით, 1920 წელს ისევ ჩავიდა და პირადად შეხვდა ლენინს. მცირე ხანს გორკის ბინაშიც ცხოვრობდა. ამ ვიზიტის შემდეგ გამოვიდა მისი წიგნი "რუსეთი ბინდში". 1934 წელს რუსეთში მორიგი ვიზიტის დროს სტალინს შეხვდა. სტალინთან შეხვედრის შესახებ მოგვიანებით წერდა: "ვაღიარებ, რომ სტალინთან გარკვეული ეჭვებით მივედი. გონებაში შექმნილი მქონდა ფრთხილი, მიზანდასახული ფანატიკოსის, დესპოტის სახე. ველოდი დაუნდობელ ადამიანთან, თვითკმაყოფილ მთიელ ქართველთან შეხვედრას, რომლის სული მთლიანად არც არასდროს მოსწყვეტია მშობლიურ მთებს... ყველა ეჭვი და ჭორი გაიფანტა სამუდამოდ მას მერე, რაც რამდენიმე წუთით დაველაპარაკე. არასდროს შემხვედრია უფრო გულწრფელი, პატიოსანი და მოწესრიგებული ადამიანი. მასში არ არის არაფერი ბნელი და ავის მომასწავებელი, სწორედ ამ თვისებებით აიხსნება ალბათ მისი უზარმაზარი ძალაუფლება რუსეთში".

პირადი ცხოვრება

უელსი ლონდონსა და რივიერაზე ცხოვრობდა, ხშირად გამოდიოდა ლექციებით და ბევრს მოგზაურობდა. ორჯერ იყო დაქორწინებული. 1891-დან 1895 წლამდე მისი ცოლი იზაბელა მერი უელსი გახლდათ, შემდეგ კი - 1927 წლამდე - ემი კეტრინ რობინსი გახლდათ მისი ცხოვრების თანამგზავრი. ამ ქორწინებიდან ორი შვილი გაუჩნდა - ჯორჯ ფილიპი და ფრენკ რიჩარდი.

მწერალი 1946 წლის 13 აგვისტოს გარდაიცვალა. მის დაკრძალვაზე ჯონ ბოინტონ პრისტლიმ უელსს უწოდა "ადამიანი, რომლის სიტყვამაც ნათელი მოჰფინა ცხოვრების ბევრ ბნელ ჩიხს".

ანდერძის თანახმად, გვამის კრემაციის შემდეგ მისმა ვაჟებმა მისი ფერფლი ლა-მანშის თავზე მოაბნიეს.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს