თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა 21 წლის გიორგი მინდაძეს. სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტს ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. პროკურატურის ვერსიით, მინდაძემ 29 ნოემბერს, პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს პიროტექნიკა ისროლა, რამაც გდდ-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წევრი, შმაგი ჯაჭვაძე დააზიანა. პოლიციელმა ჯაჭვაძემ სასამართლოს ერთ-ერთ სხდომაზე დაკითხვისას თქვა, რომ პიროტექნიკის ნამწვი მოხვდა და ფეხი დაეწვა. თქვა, რომ "პიროვნება“, რომელმაც "აღნიშნული პიროტექნიკა“ წყლის ჭავლის მანქანას ესროლა და მისი ნასროლი კაფსულის გახსნისას, ნამწვი ფეხში მოხვდა, დარბაზში, ბრალდებულის სკამზე იმყოფებოდა.
სასამართლოს სხდომებზე გიორგი მინდაძის ადვოკატი აცხადებდა, რომ დაზარალებულად ცნობილ შმაგი ჯაჭვაძეს დაზიანებები არ აღენიშნებოდა. მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა, თინათინ ნინიაშვილმა, სასამართლოში განაცხადა, რომ 2 დეკემბერს ჩატარებული ექსპერტიზისას, დაზიანება, სავარაუდოდ, ორი-ოთხი დღის ხანდაზმული იყო. ექსპერტი საუბრობდა მარჯვენა ბარძაყის მიდამოში დამწვრობითი სახის დაზიანებაზე.
გიორგის დედამ, ნანი წულაიამ, რომელსაც დაბადების დღე შვილის განაჩენით "მიულოცეს“, სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან შვილის წერილი და ნახატი გამოიტანა.
"არ გავტყდეთ! ბიჭებს სჭირდებათ თქვენი დახმარება, მე მაგრად ვარ, თქვენც მარგად იყავით. არცერთ დაბადების დღეზე ასეთი სტუმრები ცხოვრებაში არ მეყოლებოდა", - უთხრა სასამართლოს ეზოში შეკრებილ გულშემატკივრებს ნანი წულაიამ.
სანამ მოსამართლე სათათბიროდ გავიდოდა, გიორგი მინდაძემ სიტყვის უფლება ითხოვა და მის მხარდასაჭერად მისულ მოქალაქეებს განაჩენის მშვიდად მიღება სთხოვა.
“მინდა, რომ რამდენიმე წუთით მივმართო ხალხს, საზოგადოებას, თუ მომცემთ ნებას… მოგახსენებთ, რომ ამ შედეგს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია თქვენი კარგად ყოფნა და უსაფრთხოება, ამიტომ ნებისმიერი შედეგის გამოცხადების შემთხვევაში, გთხოვთ, მშვიდად და წყნარად შეხვდეთ განაჩენს. ნუ დატოვებთ ბიჭებს მხარდამჭერების გარეშე დღევანდელი თქვენი გადაწყვეტილებით. ბიჭების 99% თვლის, რომ “ლელომ” არ უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა… ჩვენ არავის ვივიწყებთ და საკუთარ ბედს თვითონ გადავწყვეტთ”, - განაცხადა გიორგი მინდაძემ.
ambebi.ge გიორგი მინდაძის დედას - ნანი წულაიას ესაუბრა, რომლის ემოციური ნაამბობიც მკითხველს გულგრილს ვერ დატოვებს.
"საქმეში არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომელიც ჩემი შვილის დანაშაულს დაამტკიცებდა, ვიდეოში გიორგის სახეც არ ჩანს... კი, ბატონო, დავუშვათ იდგა და ხელშიც ეჭირა პიროტექნიკა, საერთოდ არ ჩანს, ვის მოხვდა ან მოხვდა თუ არა ვინმეს, ვინმე თუ დაზიანდა - არც ის. გიორგი 29 ნოემბერს იყო აქციაზე და 1-ლ დეკემბერს დააკავეს, "ფეისბუქის“ დათვალიერებით მოიძიეს, მერე ლოკაციით მოგვაგნეს და წილკანში მოგვაკითხეს (ძმისშვილთან ვიყავით დედა-შვილი სტუმრად). გიორგი აიყვანეს სამოქალაქო ფორმიანებმა, მათ ჯერ ფოტო გადაუღეს, მერე ვიღაცას გადაუგზავნეს, ჩაჰკიდეს ხელი და ისე, რომ ადგილიდან არ ააყენეს, ჩასვეს ავტომანქანაში. არც ის თქვეს, ვინ იყვნენ, რა უნდოდათ და სად მიჰყავდათ, გაოგნებულები დავრჩით... არა და, იმ დაზიანებულ პოლიციელს 1-ლ თუ 2 დეკემბერს ჰყავს გამოძახებული სასწრაფო დახმარება. მან თუ 29-ში მიიღო დამწვრობა, 1-ლ დეკემბერს როგორ გამოიძახა? გიო 29 ნოემბრის მერე არ ყოფილა აქციაზე, 30-ში წილკანში წავედით და როცა პოლიციელმა ჯაჭვაძემ დამწვრობა მიიღო, ის საერთოდ არ ყოფილა იმ ტერიტორიაზე. ვნახე ექსპერტიზის დასკვნები და ყველაფერი, იმ დასკვნაშიც ისეთი არაფერი წერია, მსუბუქ დაზიანებაზეა საუბარი. ვითხოვდით, პოლიციელს სასამართლოზე ჩვენთვის ეჩვენებინა დაზიანება, რაზეც უარი გვითხრეს. ეს გიოს ჩადენილი არ არის. მოსამართლე გალუსტაშვილს რაც შეეხება, ის პოლიტიკური ნების შემსრულებელია და არა სიმართლის მსახური. ამათ ყველაფერი წინასწარ აქვთ გათვლილი და გაწერილი. გიორგი ამბობს, რომ არავისთვის უსვრია პიროტექნიკა და მე მისი მჯერა.
ყველაზე მეტად მაძლიერებს ჩემი შვილის შემართება, მისი კარგად ყოფნა, გიო აქეთ გვამხნევებს. ციხიდან წერილი რომ გამოგზავნა და ხალხს მიმართა, გეცოდინებათ, ნახატებიც გამოაგზავნა... მისი ბოლო სიტყვაც გექნებათ მოსმენილი... გიორგის შემართებაც მაძლიერებს, ისიც, სინდისის პატიმრების დედებს რომ თანადგომა გვაქვს და ხელჩაკიდებულები დავდივართ, უკან რომ არაფერზე დავიხევთ. კიდევ, უფრო ის მაძლიერებს, რომ ჩემი ერთადერთი ვაჟკაცი სამშობლოს სიყვარულისთვის და პატრიოტიზმისთვის ისჯება. გიორგის გულს არაფერზე ვატკენ, ის იმდენად სათნო, თბილი, ტკბილი და მოსიყვარულეა ყველას მიმართ, ამ სიყვარულს ვერ დავუკარგავთ, ყველანაირად გვერდში დავუდგებით.
დღეს გიორგი 22 წლის გახდა. წუხელ 12 საათზე მივედით ციხის კედლებთან, შორიდან მივულოცეთ დაბადების დღე, დღეს კი რუსთავში გავმართავთ დიდ აქციას, გიოს ბანერებით მოვივლით ქუჩებს, შორიდან მივეფერებით, ამ გამძლეობით უნდა ვიარსებო... დღეს ყველაფერი აკრძალული გვაქვს, მედიასაც კრძალავენ, სიტყვის უფლებას გვართმევენ, რეპრესიული კანონები შემოაქვთ, მაგრამ რაც უნდა შეიცვალოს და გამოვიდეს, დედის გულს ვერავინ შეცვლის და ვერ აჯობებს".
"გიორგი მინდაძე ჩემი კარის მეზობლის შვილია. გიორგის დედა და ბებია (დედის მამიდა, ვის სახლშიც დედა-შვილი ცხოვრობდა) როდესაც გადმოვიდნენ ჩვენთან, რუსთავში საცხოვრებლად, მაშინ პირველ სართულზე ვცხოვრობდით. გიორგი როცა დაიბადა, საავადმყოფოდან გამოყვანის დღიდან მე და ჩემი კარის მეზობელი დედამისს ყველაფერში ვეხმარებოდით. გიორგი პატარაობიდან რაღაცნაირად სათნო და ბუნჩულა ბავშვი იყო, ვერ ველეოდით, მივატოვებდით სახლის საქმეებს და მარტოხელა დედას გიოს ვაზრდევინებდით. მართალია, ვეხმარებოდით, მაგრამ მაინც გაუჭირდათ და დედის მამიდამ გადაწყვიტა დედა-შვილის სოფელში წაყვანა, ძლიერი მეზობლები გვყავს, რძის ნაწარმით, პროდუქტებით დაგვეხმარებიან და იოლად გავალთო. იქ 5 თვე გაძლეს და ისევ რუსთავში დაბრუნდნენ. გიოს დედას გულზე პრობლემები ჰქონდა, არ მუშაობდა, მერე მეზობელს ჩააბარეს ბავშვი, ძიძად აიყვანეს, თან საზღვარგარეთ წასასვლელად ემზადებოდნენ. რამდენჯერაც ავიდოდნენ გიოს სანახავად, ბავშვს სულ ეძინა. ერთ დღეს დაუყარაულეს და გამოიჭირეს, რომ ცუდად ექცეოდა ბავშვს. მათ ბინა უკვე ჩადებული ჰქონდათ ბანკში, უცხოეთში წასასვლელი ფული რომ ჰქონოდათ. ჩვენ შვილი არ გვყავდა და მეუღლეს ვუთხარი, ცოტა ხანს დავეხმარები, მათ ჩამოსვლამდე ბავშვს მივხედავ - მეთქი. დავიტოვე გიო...
დედა და ბებია 1 წელში უნდა ჩამოსულიყვნენ, მაგრამ მოხდა ისე, რომ ვერ მოახერხეს, ვერ აეწყვნენ, ხელი არ შეეწყოთ. გიორგი 3, 5 წლის იყო, დედის მამიდა რომ ჩამოვიდა პირველად. როცა ჩამოდიოდა გიორგი ძალიან ცუდად გამიხდა, მაღალი ტემპერატურა ჰქონდა, გამოვიკვლიეთ და არაფერი ცვლილება არ ჰქონია, ექიმმა ბოლოს გვითხრა, რამეს ხომ არ განიცდისო. ვუთხარი, არაფერი აქვს სანერვიულო, ბებო ჩამოსდის-მეთქი და ალბათ ამაზე ნერვიულობსო. იქიდან რომ გამოვედით, რუსთავში სასტუმროს წინ შადრევანია, მანდ უყვარდა გიოს სეირნობა, წყალში თევზებს უყურებდა და ერთობოდა. ჩამოხტომა უყვარდა მოაჯირიდან და როცა ხტებოდა, ვუთხარი, მოდი, დედიკო, ისე ჩამოხტი, ჩამეხუტე, სახლში წავიდეთ და ხვალ ისევ მოვიდეთ - მეთქი?.. პატარა გიომ კითხვა დამისვა - ხვალ მე და შენ ისევ ერთად ვიქნებით? დედა-შვილი ყოველთვის ერთად იქნება, რატომ არ უნდა ვიყოთ-მეთქი, მივუგე და არაფერი მიპასუხა ბავშვმა. სახლში ავედით და გიოს სიცხემ დაუწია. ანუ ბავშვს ეშინოდა, ვაი, თუ წამიყვანონო და ამიტომ ჰქონდა სიცხეები. ბებია რომ ჩამოვიდა (მათი ბინა ვინც იყიდა, იმ ქალმა გასაღები მე დამიტოვა), ორივეს იქ გავუშალე საწოლი, გიორგიც გავიყვანე პიჟამოთი, ისე მოვაწყვე ყველაფერი, როგორც ჩვენს სახლში ხდებოდა, ბავშვს რომ არ ეუცხოვა. გიოს არ დაუძინია და არც ეს ქალბატონი დააძინა და შუაღამით იძულებული გახდა, ჩემთან გამოეყვანა. მთელი ღამე თურმე ჩემზე ელაპარაკებოდა - ჩემი დედიკო ასეთია, ჩემი დედიკო ისეთია, ჩემს დედიკოს ასეთი თმა აქვს, ასეთი სუნი აქვს... მერე ამ ქალმა მითხრა, კი ვიცოდი, თბილი იყავი, მაგრამ ახლა რაც ამ ბავშვს ვუყურე, მის ცოდვაში არასოდეს ჩავდგები, გვარი გამოუცვალეთ და ყველა საბუთი გავაფორმოთო. იქიდან მოყოლებული გიო დარჩა თავის დედიკოსთან და მამიკოსთან.
ჩემმა მეუღლემ, მურმანმა გიორგი მონათლა, ბავშვი სულ ახლოს რომ გვყავდესო. გიო მამამისს ნათლია მამიკოს უძახდა, მე კი დედიკოს. გიორგი მე-6 კლასში იყო, დედა რომ გულით გარდაეცვალა. გიო იმდენად თბილი, იმდენად გონიერი იყო... სულ მეუბნებოდა, მე შენთვის უფლისგან მოვლენილი განსაცდელი ვარო. იმდენად კარგი შვილი იყო, ისიც ვერ შევკადრე, მისთვის გვარი გამომეცვალა (მეუღლე გოგალაძე მყავს), ჩავთვალე, დაე, დედის გვარი ჰქონოდა. მე თუ 3 მარტს იის კონას მომიტანდა, იმავე დღეს ხელჩაკიდებულები ვარდებით ავდიოდით დედამისის საფლავზე. ამაში არანაირი დაბრკოლება არ იყო.
დედამისი სანამ ცოცხალი იყო, გიო მინდობილობით მყავდა, მერე, სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება და გიორგის მეურვეობა მომანიჭა. 18 წლის როცა გახდა, ის უფლებაც ჩამომართვეს. დედის მამიდას სანამ შეეძლო, თურქეთში მუშაობდა, როცა ვეღარ შეძლო და დაძაბუნდა, ჩავედი თურქეთში, ჩამოვიყვანე და ახლა ფოლადაანთკარში, ჩვენს კერძო სახლში მყავს, მასაც ვუვლით. ის გიორგისთვის საუკეთესო ბებოა, სანამ თურქეთში იყო, თუ რამეს მოინდომებდა, გიოს ყველაფერს უგზავნიდა, არაფერს აკლებდა, ძალიან კარგი ბებო გვყავს...
გიორგი ბრწყინვალედ სწავლობდა, არაფერი დაჰკლებია, დამყავდა მუსიკაზე, ხალხურ საკრავებზე, ცეკვაზე, მესამე კლასში რომ იყო, თურქეთში ფესტივალი გახსნა სალამურზე დაკვრით. რაგბიზეც დაგვყავდა და ცხვირი დაუზიანდა, მამამისმა - შვილი დამიმახინჯდებაო და აღარ გამაშვებინა სპორტზე. დადგა პროფესიის არჩევის დრო და გიომ სამედიცინოზე გადაწყვიტა სწავლის გაგრძელება, ყველა საგანში მოვამზადეთ და ჩემმა ყოჩაღმა ბიჭმა პირველივე წელს ჩააბარა დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში. თავიდან სტომატოლოგია ჩაწერა და მესამე კურსიდან უნდოდა ყბა-სახის ქირურგიაზე (რამდენჯერმე დაესწრო ოპერაციას და ძალიან დააინტერესა)".
"ჩვენ სამივეს განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს, მთელი ცხოვრება ხელჩაკიდებულები და ჩახუტებულები მოვდივართ. არაფერი გვაკლდა ოჯახს, ყველანი ვშრომობდით, შაბათ-კვირას გავდიოდით ნათესავებთან, ახლობლებთან, მეგობრებთან, დროსაც ვატარებდით და ასე სიამტკბილობაში ვცხოვრობდით. ერთ მშვენიერ დღეს ეს ბედნიერება თავზე ჩამოგვაქციეს... გიო მანამდეც, ზაფხულში დადიოდა აქციებზე, რუსულ კანონს აპროტესტებდა, რეზინის ტყვიაც მოხვდა და ერთი თვე გვერდები გაშეშებული ჰქონდა, დიდი შავი ლაქა ჰქონდა სხეულზე, ძლივს გაუარა. მიუხედავად ამისა, მისთვის არაფერი დამიშლია და არც დავუშლიდი იმიტომ, რომ თავისი სამშობლო უყვარს, პატრიოტია და ამაში ხელს როგორ შევუშლიდი? - პირიქით. ახლა გიო ვეღარ დადის აქციებზე, სამაგიეროდ, მე დავდივარ, არ გავჩერდები. დილით დედა რომ ადგება, შვილის საწოლს გახედავს და ცარიელია, რომ ენატრება და ახლოს ვერ მიდის, რა მდგომარეობაში ვიქნები? გამწარებულ დედას წინ ვერაფერი დაუდგება...
მისი განაჩენიც რომ 3-ში, ჩემს დაბადების დღეს დამიმთხვიეს, ამან მთლად გამამწარა. ეს გიომ ძალიან განიცადა... მადლობა გიოს იმისთვის, ამდენი ახლობელი რომ შემძინა, 3 ივლისს რუსთაველზე იმხელა სიყვარული მქონდა, სხვა შემთხვევაში ამდენი კარგი სტუმარი ხომ არასდროს მეყოლებოდა? დარწმუნებული ვარ, გიორგის არ მოუწევს 5 წლით საკანში ყოფნა. თვეში ტელეფონით 1 საათის ლაპარაკის უფლება აქვს და წუთებად გადაანაწილა, ხშირად მირეკავს, როგორ ვართ, წამალი თუ დავლიე, სათითაოდ გვამოწმებს და კითხულობს მშობლების ამბავს, იქიდანაც ზრუნავს ჩვენზე. ახლა გიომ საკანიც შეიცვალა და ონისე ცხადაძესთან, რეზო კიკნაძესთან და თორნიკე გოშაძესთან ერთად ზის. ალბათ მალე მომეცემა მისი ნახვის და ჩახუტების საშუალება. აუცილებლად გავიმარჯვებთ და კეთილ დასასრულამდე მივალთ!"