“რუსეთს არ შეიძლება „ქაღალდის ვეფხვი“ ვუწოდოთ, რადგან ის, ფაქტობრივად, მთელ ნატო-ს ებრძვის და თავდაჯერებულად გრძნობს თავს“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
„ქაღალდის ვეფხვი. მე უკვე ვთქვი, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში რუსეთი ებრძვის არა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ან უკრაინას, არამედ. პრაქტიკულად. ნატო-ს ყველა ქვეყანას. თუ ჩვენ ვებრძვით მთელ ნატო-ს ბლოკს და წინ მივდივართ, თავდაჯერებულად ვგრძნობთ თავს, ეს ქაღალდის ვეფხვია? მაშინ რა არის თავად ნატო? რას წარმოადგენს ის?“ - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ რუსეთი თავდაჯერებული იყოს. „და ჩვენ თავდაჯარებულები ვართ“, - აღნიშნა პუტინმა.
რაც შეეხება აშშ-ის მიერ, უკრაინისთვის ამერიკული Tomahawk-ის რაკეტების მიწოდებას, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ეს ესკალაციის თვისობრივად ახალი ეტაპი იქნება.
„დააზიანებს თუ არა ეს ჩვენს ურთიერთობებს, რომელშიც გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა? რა თქმა უნდა, დააზიანებს, მაგრამ როგორ შეიძლება არ დააზიანოს? Tomahawk-ის ტიპის რაკეტების გამოყენება ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების პირდაპირი მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია. ეს ესკალაციის სრულიად ახალი, თვისობრივად ახალი ეტაპი იქნება, მათ შორის რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებში“, - განაცხადა პუტინმა.
სექტემბრის ბოლოს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნიუ-იორკში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დახურული შეხვედრის დროს შეერთებულ შტატებს Tomahawk-ის ტიპის რაკეტები სთხოვა. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა კვირას განაცხადა, რომ ვაშინგტონი განიხილავს უკრაინის მოთხოვნას შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების, Tomahawk-ის შეძენის შესახებ. აღსანიშნავია, რომ Tomahawk-ის რაკეტების მოქმედების რადიუსი 2 500 კმ-ია.