ავტორი:

"არსად არ ვარ გადამალული... ბოლო 4 წელია ვმუშაობდი მიმტანადაც, საერთაშორისო ორგანიზაციებშიც, გერმანულ ბანაკებშიც" - პაატა მანჯგალაძის ქალიშვილი ბრალდებებზე

"არსად არ ვარ გადამალული... ბოლო 4 წელია ვმუშაობდი მიმტანადაც, საერთაშორისო ორგანიზაციებშიც, გერმანულ ბანაკებშიც" - პაატა მანჯგალაძის ქალიშვილი ბრალდებებზე

პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე, მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერებთან (პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა) და სხვა ოპოზიციონერებთან (ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე) ერთად, 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრობის გამო დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ ბრალად სდებს საქართველოს კონსტიტუციური წყობის ძალადობრივად შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას, ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას. პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება) წარედგინა, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მანჯგალაძის მიმართვა დაკავებამდე

დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე გადაღებულ ვიდეომიმართვაში პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ ის ხალხს იმედს ვერ გაუცრუებდა.

"აქ ვარ, ველოდები. გაქცევას არ ვაპირებ. ხალხს ვერ გავუცრუებდი იმედს. ისინი ჩვენგან ელოდებოდნენ, რომ ვიღაც გასძღოლოდა ამ დიდ საქმეში. გავაგრძელოთ ბრძოლა. არ ვაპირებ ერთი ნაბიჯითაც უკან დახევას. მე ვარ მართალი საქართველოსა და ისტორიის წინაშე," - აღნიშნა მან.

დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ოქტომბერს, 10:00 საათზე გაიმართება.

პაატა მანჯგალაძის შვილის ემოციური პასუხი კრიტიკას

პაატა მანჯგალაძის დაკავებას სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით გამოეხმაურა მისი შვილი, ნინი მანჯგალაძე, რომელიც ლიეტუვაში ცხოვრობს და სწავლობს. მას შემდეგ, რაც ნინიმ "ფორმულასთან" ინტერვიუში მამის გამო სიამაყე გამოხატა, ტროლებისა და კრიტიკის ტალღა დაატყდა თავს, რომელიც მის საზღვარგარეთ ყოფნას უკავშირდებოდა.

ნინიმ დეტალური განმარტება გაავრცელა, რითაც უპასუხა ბრალდებებს მისი „გადამალვის“ შესახებ:

ნინი მანჯგალაძემ პირდაპირ უარყო ბრალდება, თითქოს ის "ოცნების მაღალჩინოსნების შვილების მსგავსად" არის სადმე გადამალული. მან აღნიშნა, რომ იმალებოდეს, ეთერში ვერ გამოჩნდებოდა.

"ძალიან ბევრი ტროლია ამ პოსტზე, განსაკუთრებით ჩემს “საზღვარგარეთ გადამალვასთან” დაკავშირებით თითქოს პაატამ გადამმალა სადმე, დარწმუნებული ვარ ჩემს ექაუნთსაც შემოსეული ჰყავს ახლა ბოტები ამიტომ პატარა განმარტებას გავაკეთებ.

1. ოცნების მაღალჩინოსნების შვილების მსგავსად არსად ვარ გადამალული, რომ ვიმალებოდე ამ ეთერშიც ვერ მნახავდით.

2. ზრდასრული ადამიანი ვარ, რომელმაც თვითონ აირჩია ევროპული განათლება ჩემი შრომით შევძელი აქ ყოფნა ევროკავშირის სხვადასხვა დაფინანსებით, ბოლო 4 წელია ვმუშაობდი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში, გერმანულ ბანაკებში ზაფხულის არდადეგებზე და ასევე მიმტანადაც.

3. არსად არ ვიმალებით, მე თუ ვარ ევროპაში ჩემი 15 წლის და იდგა აქციაზე პაატასთან ერთად.

4. აქციებზეც ბევრჯერ ვდგავარ პაატას გვერდით თბილისში და ევროპის სხვადასხვა ქალაქებში სხვა ემიგრანტებთან ერთადაც.

პაატა ერთ-ერთია იმ უამრავი ადამიანიდან, რომელსაც თავისი ქვეყანა ძალიან უყვარს, მას არასდროს შეშინებია სამშობლოს სადარაჯოზე ყოფნა. დღეს კი, ისე, როგორც არასდროს მჯერა მისი და ვიცი რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ! ვერანაირად ვერ გახდება ჩვენი ქვეყანა რუსეთის ფილიალი".

პაატა მანჯგალაძე სამი ქალიშვილის ნინოს, თამარისა და ანასტასიას მამაა. ჰყავს მეუღლე ექიმი-ალერგოლოგი ელენე კაკაბაძე.