ავტორი:

სიზმრით ნაპოვნი საქართველო - ანას ლოცვა ომის დასრულებისთვის და საკუთარი ხელით მოქარგული ხატი, რომელიც უკრაინელმა ქალმა  ლომისის ტაძარში ზურგით აიტანა

სიზმრით ნაპოვნი საქართველო - ანას ლოცვა ომის დასრულებისთვის და საკუთარი ხელით მოქარგული ხატი, რომელიც უკრაინელმა ქალმა  ლომისის ტაძარში ზურგით აიტანა

კიეველი ანა კოჟინოვა რეჟისორი, პედაგოგი და ფსიქოლოგია, მის მეუღლეს - გენადი კოჟინოვსაც რამდენიმე პროფესია აქვს. თანაკლასელები არიან და ბავშვობიდან მეგობრობენ, მერე კი - დაქორწინდნენ კიდეც. ორი ვაჟი ჰყავთ - ნიკოლოზი და ილია, ორივე დაოჯახებულია. კოჟინოვები პირველად ჩემმა მეგობარმა რეჟისორმა, დღეს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შალუტაშვილმა გამაცნო - ერთმანეთს 2010 წელს შევხვდით, ქაშვეთის ეზოში და აქედან დაიწყო ჩვენი მეგობრობა, ნათესაობა და დიდი სიყვარული. ნიკოლოზისა და მისი მეუღლე მარიამის სურვილით ჯერ მათი მეჯვარე გავხდი - ჯვარი ქაშვეთის წმინდა გიორგის ტაძარში, ანას და გენადის მოძღვარ დეკანოზ ვახტანგ სარდლიშვილთან დაიწერეს, ხოლო შემდეგ მათი ქალიშვილი - ვერაც მოვნათლე. მათი საქართველოსადმი სიყვარული კი მართლაც უსასრულოა. ადრეც დამიწერია და გენადის თავგადასავალზე - პირველად როგორ აღმოჩნდნენ საქართველოში. შეიძლება არც დაიჯეროთ, მაგრამ ფაქტია - ანას სიზმრით, შესაძლოა, ხილვაც კი ვუწოდოთ.

  • ანა და სიზმრით გაცნობილი საქართველო

- 2007 წელი იყო. დამესიზმრა, რომ ვიდექი მთის წვერზე და შევყურებდი ულამაზეს პეიზაჟს: ფერად-ფერად ყვავილებს, სიმწვანეს და მოპირდაპირე მთის წვერზე - მონასტერს. სიზმარშივე ვიცოდი, რომ ის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერი იყო. ამ დროს ჩამესმა ხმა: კიევ-პეჩორის მამათა მონასტრიდან უნდა წამოიღო ღვთისმშობლის ხატი "პოხვალა კიევსკაია“ ("კიევის დიდება") და საქართველოში, ამ მონასტერში დააბრძანო, შემდეგ კი ხატთან ილოცე, რომ საქართველოში ომი არ იყოსო... არც ეს ხატი ვიცოდი და არც დიდად ეკლესიური ვიყავი - წირვა-ლოცვებს არ ვესწრებოდი და საეკლესიო წესებსაც ნაკლებად ვიცავდი, თუმცა გულით მორწმუნე გახლდით. ინტერნეტში საქართველოზე ინფორმაცია მოვიძიე, ვერ ვხვდებოდი, რატომ უნდა დაწყებულიყო იქ ომი. პოლიტიკის ბევრი არაფერი გამეგებოდა, ამიტომ ინფორმაციების მოძიება ინტერნეტსა და გაზეთებში დავიწყე. საქართველოს რუსეთთან კონფლიქტებსა და პრობლემებზე ამოვიკითხე და სულ დავიბენი. გენას მაინც ვუთხარი, უნდა წავიდეთ-მეთქი და გაგიჟდა: სად წავიდეთ, იქ არავის ვიცნობთო. ასე რომ, არსად წავსულვარ, თუმცა სიზმარიც არ დამვიწყნია, პირიქით - ხშირად მახსენდებოდა. ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ამბებსაც ვეცნობოდი ტელევიზორით და ინტერნეტით. დავათვალიერე საქართველოს ეკლესია-მონასტრები, მაგრამ ვერსად მივაკვლიე სიზმარში ნანახი წმ. გიორგის მონასტრის ფოტოს...

სხვათა შორის, სიზმარშივე ვიღაცის ხმამ მითხრა, რომ საქართველოში უნდა ჩამოვსულიყავით და თანაც - ოთხნი. წარმოდგენა არ მქონდა, ჩემი და გენას გარდა კიდევ ვინ უნდა წამოსულიყო, ჩვენი შვილები მაშინ სკოლის მოსწავლეები იყვნენ. ვიფიქრეთ იურა-გიორგიზე, ჩემს ერთ-ერთ მოსწავლეზე, მაგრამ მას არც სამგზავრო ფული ჰქონდა და დიდად არც არსად წასვლა უნდოდა. ავუხსენი, რომ ეს მოგზაურობა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა, მაგრამ 400 დოლარი მაინც უნდა ჰქონოდა თან, რადგან მის ნაცვლად თანხას მე ვერ გადავიხდიდი. სიზმარში, რომელმაც ჩემი ცხოვრება ბევრად შეცვალა, ისიც მითხრეს, რომ ეს გზააბნეული ბიჭი იმ გორაზე, მონასტერში უნდა ამეყვანა, თორემ მას ძალიან მძიმე ცხოვრება ექნებოდა. ამიტომაც კატეგორიულად ვუთხარი, იმუშავე, მგზავრობის თანხა მოაგროვე, თორემ ვერ წამოხვალ-მეთქი. არ ვიცი, სად ვიმუშაოო, მიპასუხა. მოვლენები კი უცნაურად და იურასთვის ხელსაყრელად განვითარდა - მოახერხა და იშოვა დროებითი სამუშაო, შესაბამისად, სამოგზაუროდ საჭირო თანხაც... ერთხელ მითხრა, სასწავლებელში ჩემს ისტორიის პედაგოგს ძალიან უნდა საქართველოში წასვლა და პანტანასას ღვთისმშობლის ხატის მოლოცვა. ანა ვალერიევნა, თქვენ ხომ მითხარით, სიზმრის მიხედვით, ოთხნი უნდა გავემგზავროთო, ჰოდა, მეოთხედ ის წავიყვანოთო. რომ დავფიქრდი, მივხვდი, რომ უცნობ ადამიანთან ერთად მოგზაურობას, მით უფრო - ჩემთვის უცნობ მხარეში და უცნობ ადგილებში, ვერ შევძლებდი. ბევრი ვიფიქრე და რატომღაც ასე მენიშნა - ჩვენ ვიყავით სამნი და სიზმარში დასახელებული მეოთხე "თანამგზავრი“ კი იყო ყოვლადწმინდა სული, რომელიც გზას გაგვინათებდა და მიზნამდე მიგვიყვანდა.

ჩემი მიზანი კი იყო, შემესრულებინა ის, რაც სიზმარში დამავალეს - იურა წამეყვანა საქართველოში, მეპოვა სიზმარში ნანახი წმინდა გიორგის მონასტერი, იქვე დაგვებრძანებინა ღვთისმშობლის ხატი "პოხვალა კიევსკაია“ და სამივეს ერთად გველოცა, რომ საქართველოში ომი არ დაწყებულიყო. ჩემს სიზმარში იმავე ხმამ მითხრა, რომ თუკი მოსმენილს არ შევასრულებდით, 40 წლის ასაკში იურა ყველაფერს დაკარგავდა - არც ოჯახი ეყოლებოდა, არც მეუღლე, არც შვილი, არც სამსახური. მარტო რომ დარჩებოდა, სწორედ მაშინ გაახსენდებოდა ეს ადგილი, ავიდოდა იქ და ნახავდა იმ, ჩემს სიზმარში ნანახ ღვთისმშობლის ხატს, რომელიც 2008 წელს ჩვენ სამმა - გენადიმ, იურა-გიორგიმ და მე ავაბრძანეთ და დავტოვეთ მონასტერში. მხოლოდ ასე თუ გადაირჩენდა სულს, გარკვეული ხნით რომელიმე მონასტერშიც იცხოვრებდა და მსახურებასაც კი მოინდომებდა (როდესაც ანა და გენადი გავიცანი, იურა-გიორგი სწორედ ცხვარიჭამიის მამათა მონასტრიდან ახალი ჩამოსული იყო - ავტ.).

  • 2008 წელი - საქართველო და 2014 წ. და უკვე 2022 წლიდან დღემდე - უკრაინა!

- სიზმრად ნანახის საძებნელად მხოლოდ ერთი წლის შემდეგ წამოვედით სამნი: მე, გენა და ჩემი მოსწავლე იურა-გიორგი. ბინა დავიქირავეთ და შევუდექით ძებნას. მასპინძელი გაგიჟდა: საქართველოში წმინდა გიორგის 365 სალოცავია და თანაც - უმრავლესობა მთებში. 5 დღეში ყველას ნახვა ზღაპარიაო. სამდღიანი უშედეგო სიარულის შემდეგ თავჩაქინდრულებმა და დაღონებულებმა რუსთაველზე გავისეირნეთ. ერთი ეკლესიის წინ გავშეშდი. თავი ავწიე და მარცხნივ ტაძარი დავინახე. მივხვდი, უნდა შევსულიყავით. ტაძარში (ლაპარაკია ქაშვეთის წმინდა გიორგის სახ. ეკლესიაზე - ავტ.) საეკლესიო სამოსში გამოწყობილი ახალგაზრდა კაცი შევნიშნე და სიზმარზე დავაპირე მომეთხრო, მაგრამ შემაწყვეტინა, ხომ იცით, მართლმადიდებლებმა სიზმარს ყურადღება არ უნდა მივაქციოთო, მაგრამ მაინც დამაკვალიანა, ჩვენს მოძღვარს, მამა ვახტანგს ჰკითხეთ, ეგებ ის დაგეხმაროთო. ვტიროდი, მამა ვახტანგი რომ მომიახლოვდა. ყველაფერი ვუამბე და დამამშვიდა: რაკი ღმერთმა სწორედ წმინდა გიორგის ტაძარში მოგიყვანა, გამოსავალსაც გვაპოვნინებსო. ვილოცეთ და უცებ გაბრწყინებული სახით მითხრა: მივხვდი, ლომისის წმინდა გიორგის სალოცავი დაგესიზმრაო. 2008 წლის 21 ივლისს, გამთენიას, ღვთისმშობლის ხატით გავეშურეთ ლომისზე მე, გენა და იურა-გიორგი. ფეხით ავედით და...

სული შემიგუბდა, გულს ბაგიბუგი გაუდიოდა, დავმუნჯდი და ცხარე ცრემლით ავტირდი: ეს ის იყო, ჩემი სიზმარი! ხატი შევაბრძანეთ და ვილოცეთ, როგორც შეგვეძლო და როგორც ვიცოდით საქართველოსთვის, ადამიანების სიყვარულისთვის, მშვიდობისთვის, რომ დარიალის ხეობა და საქართველოს სამხედრო გზა სამუდამოდ ჩაკეტილიყო რუსული ტანკებისთვის. უცებ ვიგრძენი, რომ ღმერთი იქვე, ჩემ გვერდით იყო... ლომისიდან მამა ვახტანგს მივაშურეთ. თვითონაც ძალიან გაიხარა. მერე გამოგვკითხა წვრილად, ვინ ვიყავით და როდესაც შეიტყო, ჯვარი არ გვქონდა დაწერილი, ახლავე უნდა დაგწეროთო. მაგრამ საამისოდ მართლა არ ვიყავით მზად. ემოციებით დახუნძლულები შინ ტაქსით წამოვედით და მძღოლსაც კი ვუამბეთ ჩვენი თავგადასავალი. ორ დღეში კიდევ ბევრი საოცარი ამბავი გადაგვხდა და გავემგზავრეთ კიდეც კიევში. 10 დღეში კი გაზეთებიდან შევიტყვეთ, რომ საქართველოში ომი დაიწყო... მაშინ გავიფიქრე, ეგებ 2007-ში რომ ჩამოვსულიყავი, ეს ომი შეიძლება ასცდენოდა საქართველოს-თქო.

მას შემდეგ სულ ვლოცულობ საქართველოსთვის. თბილისში მხოლოდ ერთი წლის შემდეგ დავბრუნდით, უკვე 7 მოსწავლესთან ერთად და ქაშვეთში დავიწერეთ ჯვარი. ჩვენი მეჯვარეები ამირან ხიდაშელი და მამა ვახტანგის მეუღლე - დალი იყვნენ. მას შემდეგ მამა ვახტანგი და ეს ტაძარი მშობლიური გახდა ჩვენთვის. ფილმიც გადავიღეთ: "სიყვარულის ახსნა“, რომელიც მამა ვახტანგსა და საქართველოს ეძღვნება. ამ წლების განმავლობაში რამდენჯერმე ჩამოვედით საქართველოში და ბევრი მეგობარი შევიძინეთ. ბედნიერი ვარ, რომ მესამედ სტუმრობისას შენ შეგხვდით. უკვე ჩვენც დავნათესავდით - ჩემმა ნიკოლოზმა და მარიამმა სწორედ შენ და მამა ვახტანგის უახლოესი ადამიანი - არაჩვეულებრივი პიროვნება აკაკი-კუსა დოლიძე აგირჩიეს მეჯვარედ, მერე კი ჩემი შვილიშვილის, ვერას ნათლიებად. კარგა ხანია, ჩემთვის მამა ვახტანგი გამორჩეულად ძვირფასი ადამიანია...

- ანა, ჩვენი ნებისმიერი საუბრისას შეუძლებელია, ლომისის მონასტერი არ ვახსენოთ. ფიქრობ, რომ ლომისის სალოცავისგან დავალებული ხარ?

- იცი რა, მას შემდეგ, რაც 2008 წელს მე, ჩემი მეუღლე გენადი და ჩვენი მოსწავლე იურა-გიორგი ჩამოვედით საქართველოში, ბევრი რამ შეიცვალა ჩვენშიც და, ზოგადად, ჩვენ ირგვლივაც...

როგორც გითხარი, 2008 წელი იყო, საქართველოში პირველად რომ ჩამოვედით. მანამდე კი, 2 წლით ადრე, ყაზანის დედაღვთისმშობლის ხატის მოქარგვა გადავწყვიტე. სქემა მქონდა და იმის მიხედვით ვხელმძღვანელობდი. იურა კომპიუტერულ გრაფიკაში კარგად ერკვეოდა და სწორედ მას ვთხოვე დახმარება, კომპიუტერული ნაქარგების გასაკეთებლად. მახსოვს, 2006 წელს სწორედ იურა მახლდა, მაღაზიაში ხატისთვის ქსოვილი და ძაფები რომ შევიძინე. მეგონა, ერთ თვეში შევძლებდი მის დასრულებას. გამყიდველმა გაოცება ვერ დამალა, - თქვენ გგონიათ, ერთ თვეში დაასრულებთო? საშუალოდ, ამაზე პატარა ხატების მოქარგვას ქალები ერთ წელს ანდომებენო. მე მაინც მჯეროდა, რომ მალე დავასრულებდი, თუმცა... თავად ხარ მოწმე, რომ მხოლოდ ახლა - 2025 წლის ზაფხულში ჩამოვაბრძანე. ამჯერად მინდოდა, ჩემი მოქარგული საკმაოდ დიდი ყაზანის ღვთისმშობლის ხატი შემეწირა ლომისის მონასტრისთვის. სხვათა შორის, დედაჩემი ძალიან კარგად ქარგავს და შესაძლოა, ეს ნიჭი მემკვიდრეობით გადმომეცა. ყოველდღე მეხვეწებოდა დედა, მომეცი, დაგეხმარები, მე უფრო სწრაფად გავაკეთებო, მაგრამ არაფრით ვთანხმდებოდი, - არ გეწყინოს, ეს ჩემი ტვირთია, ამით ღვთისადმი ჩემს მორჩილების გამოვხატავ-თქო. არადა დედამ მაინც იწყინა, მე არ მენდობიო?! როგორ არ ვენდობოდი, მაგრამ ამ ხატის მოქარგვა ჩემი ვალი იყო! ბოლო პერიოდში, სულ ცოტა რომ მქონდა დარჩენილი ხატის დასასრულებლად, შიგადაშიგ, სროლები რომ წყდებოდა ხოლმე და კიევში ჩავდიოდით, ომის გამო ვეღარც ძაფის კონკრეტულ ფერებს ვშოულობდი და ვეღარც სპეციალურ ნემსებს. არადა ბილეთები აღებული გვქონდა, მე და გენა საქართველოში უნდა წამოვსულიყავით და ხატი ჩამოგვებრძანებინა, მე ლამის ისტერიკა დამემართა, ძალიან ვნერვიულობდი. ვისაც სადმე რამე ეგულებოდა, ჩემთან მოჰქონდათ, ეგებ ფერი დამთხვეულიყო. უფალს მადლობა, რომ მაინც დავასრულე და შვებით ამოვისუნთქე. ყაზანის ღვთისმშობლის ქარგვას 20 წელი მოვანდომე.

ბოლო 3 წლის განმავლობაში, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან ხატის ქარგვა ვეღარ გავაგრძელე, პირველივე დღეს, კიევი რომ დაბომბეს, ელვისუსწრაფესად შემოვიკრიბეთ ჩვენი ახლობლები, თავის ბავშვებიანად, ჩვენი მოწაფეები, გზადაგზა ვკრებდით დანარჩენებს ტრასაზე, ოპერატიულად მოვიმარაგეთ ათასნაირი კონსერვი, პური და ა.შ. და ყველანი კიევიდან 136 კილომეტრის დაშორებით, ჩვენს აგარაკზე წავედით. უთენია უკვე ისეთი საცობები იყო, ძლივს ჩავაღწიეთ იქამდე. შიგადაშიგ მიდი-მოვდიოდით კიევსა და აგარაკს შორის.

სამწუხაროდ, უკვე ორი მოწაფე დამეღუპა - ერთ-ერთია ბიჭი, რომელიც ჩემს თეატრალურ სტუდიაში მე-6 კლასიდან მოვიდა.... წლების შემდეგ მან ჩააბარა თეატრალურ ინსტიტუტში და კარგი მსახიობი გახდა, ფილმებშიც გადაიღეს. ანიმაციითაც დაინტერესდა და თურქეთშიც მუშაობდა ამ კუთხით, მერე კი... ომიც დაიწყო. ჟენიამ დედას გამოუცხადა, რომ ომში მიდიოდა... პატრიოტიზმით და გმირობით სახელგანთქმულ აზოვის პოლკში მოხვდა. დღეს ეს პოლკი მე-3 თავდამსხმელ ბრიგადად იწოდება. მათ საკუთარი ატმოსფერო აქვთ შექმნილი, თავისი ფიცი აქვთ, იქ ყველას არ იღებენ, ძალიან გამორჩეული ადამიანი უნდა იყო, მათი წევრი რომ გახდე, ჟენია კი - მიიღეს.

აგრესორ რუსეთთან ბრძოლისას გმირულად დაღუპული ჟენია შუმილოვი

როდესაც ვკითხე, რა პოზიციაზე ხარ ამ პოლკში-მეთქი, გავოცდი, რომ მითხრა, - უკვე ინჟინერი ვარ, მეკავშირე მენეჯერიც, ექიმიც, იმდენი რამ შევისწავლე, ვერ წარმოიდგენთო. როცა ახლომახლო სხვა არავინაა, სხვისი გასაკეთებელიც შენ უნდა გააკეთოო. ვიცი, რომ ჟენიამ ძალიან ბევრი ადამიანი გადაარჩინა, სისხლისგან რომ იცლებოდნენ, ისეთი დაჭრილები გამოჰყავდა. ვიდეოც ვნახე, სადაც ტყვიების წვიმაში გამოჰყავდათ დაჭრილი ახალგაზრდა.

ჟენია გასულ წელს დაიღუპა - ბრძოლის ველზე დაჭრილ მებრძოლს გადაეფარა. იგი დახურული კუბოთი დაკრძალეს. მისი უკანასკნელი "როლი“ იყო გადაცემა "ახალ ფოსტაში“ - ამანათებს რომ აგზავნიან ფრონტზე. ჟენია იქ ამბობს ფრაზას - "ზავტრა ბუდეტ“! ოღონდ, სამწუხაროდ, გამარჯვების დღის გათენებას თავად ვეღარ მოესწრება.

P.S.

ერთხელ ანას და გენადის მოძღვარმა, ქაშვეთის ტაძრის დეკანოზმა ვახტანგმა (სარდლიშვილმა) თქვა, - ღმერთმა ინება, რომ ანამ და გენადიმ უკრაინიდან ყაზანის დედაღვთისმშობლის ეს ხატი ჩამოაბრძანეს საქართველოში, ლომისზე უნდა ააბრძანონ - მე ვაკურთხე და უკვე იქ დაიმკვიდრებს ადგილს...

- ჩემი მეუღლე - გენადი რუსია, სანქტ-პეტერბურგიდან, მე უკრაინელი ვარ, კიევიდან. ამდენი ხანია, მიმდინარეობს რუსეთ-უკრაინის ომი, მე და გენა კი სხვადასხვა - ორი მეომარი ქვეყნის წარმომადგენლები ვართ. როგორც ჩვენმა მოძღვარმა მამა ვახტანგმა თქვა, ფაქტობრივად, ამ ომით ორი ქვეყანა და უამრავი რუსულ-უკრაინული ოჯახი, მათ შორის - ჩვენიც, ბეწვის ხიდს გადის. საბედნიეროდ, ისე მოხდა, რომ ჩემი და გენადის ურთიერთობას მცირედი ბზარიც არ შეჰპარვია. სიყვარულს ბევრი რამის გაკეთება შეუძლია და ჩვენი ოჯახი ვართ ერთობის ერთ-ერთი მაგალითი. რუსებმა და უკრაინელებმა სრულიად ხომ არ უნდა ამოხოცონ ერთმანეთი?! ხომ შეიძლება, როგორმე მოვრიგდეთ, დავმშვიდდეთ, მაგრამ საქმე ის არის, რომ ვიღაცების მოწადინებით "ომის პოლიტიკამ“ დაანგრია ყველაფერი. სანქტ-პეტერბურგში, ცენტრალურ გამზირზე - "ნევსკიზე“ არის ყაზანის დედაღვთისმშობლის ტაძარი, სადაც ამავე სახელწოდების ხატია დაბრძანებული, იქვე კი სკოლაა, სადაც ჩემი მეუღლე სწავლობდა. ეს ტაძარი და ყაზანის ღვთისმშობლის ხატი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.

კიდევ ერთხელ მქონდა ხილვა, უცნობმა ხმამ მითხრა, ხომ გინდა, ომი მალე დამთავრდესო? - ვუპასუხე, კი-მეთქი. - ჰოდა, აიღე საქარგავი და ხატი დაასრულეო. - არ შემიძლია-მეთქი, - ვუთხარი. - შეძლებ, რომ დაამთავრებ ხატს, ომი დასრულდებაო! ჩემს ერთ მოსწავლეს დავურეკე, ომის პირველი დღეებიდან იბრძოდა. მითხრა, არავინ მძულს, ორივე მხრიდან, ყველა იღუპება, ვინც სიძულვილით არის სავსე, მე მაქვს სამუშაო, მინდა, რომ ჩემი შვილები თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრობდნენ, არ მინდა, ჩემი შვილები ვიღაცის მონებად იქცნენ, მე მიყვარს ქვეყანა, სადაც დავიბადე, მინდა, რომ ჩემი შვილები სწორედ ამ ქვეყანაში ცხოვრობდნენ და - არა სხვაგანო! მერე მთხოვა, ანა ვალერიევნა, გთხოვთ, ხატი დაასრულეთო. წარმოგიდგენია? მეც კი დავიჯერე, ხატს თუ დავასრულებდი, ომიც დამთავრდებოდა.

P.P.S.

პირველად ლომისზე 2013 წელს სწორედ ანასთან, გენასთან და მათ ჩამოყვანილ მოსწავლეებთან ერთად მოვხვდი. ბერები უკვე იყვნენ ლომისის წმინდა გიორგის ტაძარში. მაშინ გავიცანი ბერი კახაბერი - კვირის წირვა მიმდინარეობდა, მე, ანა და დანარჩენები მლოცველებით სავსე ეკლესიაში რომ შევედით. უცებ ანამ გაბრწყინებული სახით ჩამჩურჩულა, ირმა, მარცხნივ, გაიხედე, კედელზე ჩემი ჩამოტანილი ხატი კიდიაო. ანას ამბავიც უკვე დაწერილი მქონდა ჟურნალ "გზაში“. წირვის დამთავრებისთანავე ვეცადე, ბერს გავსაუბრებოდი და წინ გადავეღობე, რადგან თავად ვერ შემნიშნა. ბოლოს ამომხედა და უცებ ვკითხე, მამა კახაბერ, დასავლეთის კედელზე რომ პატარა ხატია, იცით, როგორ მოხვდა ლომისზე-მეთქი? მიპასუხა, აქ ჟურნალი ამოგვიტანეს და წავიკითხე, რომ უკრაინელებს ჩამოუბრძანებიათო. - ჰოდა, მამაო, ის ჟურნალისტი მე ვარ, ხოლო ხატი ვინც ჩამოაბრძანა, ის უკრაინელები თქვენ ზურგს უკან დგანან-თქო. წამში მიტრიალდა და... ჩვენი სტუმრები რომ დაინახა (19-ნი იყვნენ), სახე გაუბრწყინდა. სასწრაფოდ ტრაპეზზე მიგვიწვია, ზემოდან გადავყურებდი დროებით დაკარგულ ახალგორს და ვცდილობდი, ცრემლი დამემალა, სტუმრებთან ერთად კი ხან საქართველოს სადღეგრძელოს ვამბობდით და ხან სტუმრებისას.

მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა...

ვიცოდი, რომ წელს ლომისზე მხოლოდ ერთი ბერი იყო დარჩენილი, სახელად გიორგი. ანამ ზურგზე დაიმაგრა ხატი და მიუხედავად საკმაოდ რთული გზისა და დიდი მანძილისა, ჩემი და გენადის შეთავაზება, რომ შიგადაშიგ დავხმარებოდით, არ მიიღო - ეს ხატი მე უნდა ავიტანო მონასტრამდეო.

გზად ცხენებიც შეგვხვდნენ, ანა მინდორზე ჩამოჯდა, წუთშესვენება ჰქონდა, მე იქვე, პირისპირ ვიჯექი და ვხედავდი, უკნიდან როგორ მოვიდნენ ცხენები, ერთი მათგანი როგორ მივიდა ანასთან და თმებზე ეფერებოდა - მსგავსი არც არასდროს მინახავს, ვიდეოც კი გადავუღე. ასე ავაბრძანეთ ყაზანის ღვთისმშობელი ლომისზე. სატრაპეზოდან ახალგაზრდა ბერი გამოვიდა, ჩავეკითხე, თქვენ ბრძანდებით ბერი გიორგი-თქო? დამიდასტურა, თან ანას და გენადის აკვირდებოდა, რომელმაც ხატი მოიხსნა და იქვე მიაყუდა. მეც ავუხსენი, რომ სტუმრები იყვნენ და ხატის შეწირვა უნდოდათ სალოცავისთვის. ერთხანს შეფიქრიანდა, მე კი უცებ კარგად დავაკვირდი და შევიცანი - სწორედ ის მორჩილი იყო, წლებით ადრე მე და უკრაინელებმა ერთად რომ გავიცანით. თვითონაც მალევე გვიცნო, ისიც კი მკითხა, ანას და გენადის ვაჟს რომ გოგონა უყვარდა, მოიყვანა ცოლადო? მეც დავუდასტურე და... უცებ ჩვენ - მისთვის და ის - ჩვენთვის მშობლიურ ადამიანად იქცა. სტუმრად რამდენიმე ახალგაზრდა ჰყავდა, მორაგბეები აღმოჩნდნენ და მათ სთხოვა კიბის მოტანა, რადგან ზემოთ სურდა ამ დიდი ხატის დაკიდება. მამა გიორგი (სამხარაძემ) დიდი რუდუნებით ჩააჭედა კედელს ლურსმანი და ხატიც დაჰკიდა.

ლამაზად მოჩანდა ყაზანის ღვთისმშობელი. გულით ვილოცეთ, სათითაოდ ჯაჭვიც შემოვატარეთ, ვიტრაპეზეთ კიდეც და მადლიერებით გამოვემშვიდობეთ ლომისს და ჩვენს მასპინძელ ბერ გიორგის. ლომისიდან დაბლა რომ დავეშვით, ორი თეთრი ძაღლი, რომლებიც ქვემოდან ამოგვყვნენ და ჩვენი ყოველი წუთშესვენებისას ჩერდებოდნენ, უკანა გზაზეც გამოგვყვნენ... აშკარად გვიცავდნენ! მთავარი მისია შევასრულეთ - ხატი წმ. გიორგის ტაძარს მივუძღვენით და ფრთაშესხმულები დავეშვით ლომისის გორიდან. გენას დაქირავებული მანქანით თბილისისკენ გამოვეშურეთ, მომდევნო დღეს კი ჩვენი საყვარელი მცხეთა და ჯვარი მოვილოცეთ. ასე მოგვადგა ანას დაბადების დღეც, რომელიც, ფაქტობრივად, ორჯერ ვიზეიმეთ - ერთხელ ჩემთან, სახლში და გამგზავრებამდე - რესტორანში, აბანოთუბამში. იმ რამდენიმე დღით, ერთად ყოფნით უბედნიერესები ვიყავით...

აბა, ვინ იცის, კიდევ როდის შევიკრიბებით, მთავარია, ეს საშინელი ომი დასრულდეს!

არ მგონია, შემთხვევითი იყოს, რომ სტატია, რომელიც დიდი ხნის წინ უნდა დამეწერა, მაინცდამაინც ახლახან დავასრულე. წარმოგიდგენიათ? სწორედ დღე არის ყაზანის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული, მე კი სტატიის წერისას უცებ არც გამახსენდა. იქნებ, უბრალო დამთხვევაც არ იყოს და ღვთის დედამ კეთილად გვისმინოს ყველას - ჩემს უკრაინელ მეგობარ-ნათესავებსაც, უკრაინასაც და ჩვენც - აქ, საქართველოში!

ავტორი: ირმა ხარშილაძე