ავტორი:

“რუსეთი არა მხოლოდ მეზობლებთან, არამედ დედამიწაზე ყველა ერთან მეგობრობისკენ ისწრაფვის“ - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა და ბირთვული რაკეტის შემქმნელები დააჯილდოვა

“რუსეთი არა მხოლოდ მეზობლებთან, არამედ დედამიწაზე ყველა ერთან მეგობრობისკენ ისწრაფვის“ - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა და ბირთვული რაკეტის შემქმნელები დააჯილდოვა

“რუსეთი დედამიწაზე ყველა ერთან მეგობრობისკენ ისწრაფვის,“ - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 2005 წელს დაარსებული „ეროვნული ერთიანობის დღესთან“ დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

„სირთულეების, პრობლემებისა და ტრაგედიების მიუხედავად, რაც სამწუხაროდ, დღეს ბევრია, რუსეთი მეგობრობისა და თანამშრომლობისკენ ისწრაფვის ყველასთან, არა მხოლოდ ჩვენს მეზობლებთან, არამედ დედამიწაზე ყველა ერთან“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მისი თქმით, „რუსეთი უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთსასარგებლო კონტაქტებისთვის ღიაა“.

„ყველას მადლიერები ვართ, ვინც რუსეთს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს და ყოველთვის ღია ვართ ახალი ურთიერთსასარგებლო კონტაქტებისთვის, მრავალმხრივი კავშირების განვითარებისა და კულტურების ურთიერთგამდიდრებისთვის“, - აღნიშნა პუტინმა.

  • ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კრემლში „ბურევესტნიკის“ რაკეტისა და „პოსეიდონის“ წყალქვეშა აპარატის შემქმნელები დააჯილდოვა.

„ჩვენი ქვეყანა არავის ემუქრება. რუსეთი, ისევე როგორც ყველა სხვა ბირთვული სახელმწიფო, თავის ბირთვულ და სტრატეგიულ პოტენციალს ავითარებს“, - განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, რუსეთში „ბურევესტნიკის“ მსგავსი ბირთვული ძრავით აღჭურვილი ფრთოსანი რაკეტების ახალ თაობაზე მუშაობა დაიწყო.

„უკვე დაიწყო ბირთვული ძრავით აღჭურვილი ფრთოსანი რაკეტების შემდეგ თაობაზე მუშაობა. მათი სიჩქარე ბგერის სიჩქარეზე სამჯერ მეტი იქნება და პერსპექტივაში შეიძლება ისინი ჰიპერბგერითი რაკეტები გახდნენ “, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.