უბრალოდ, მიშა თუმანიშვილი...

უბრალოდ, მიშა თუმანიშვილი...

"სასწაული მოვლენაა, რომელიც ბუნების საზღვრებს იქით არსებობს. და განა თეატრი კი არ არის სასწაული? - როდესაც სცენაზე არასოდეს არსებული ცხოვრება, ტანჯვა, სიხარული, ადამიანები, ხასიათები იბადება?! თეატრი - სასწაულია!." - მიხეილ თუმანიშვილი.

ოთახი მას ჯერ კიდევ აცოცხლებს, მისი სურნელი, ნივთები, აურა და კიდევ ის რაღაც, რაც აუხსნელია, რასაც მხოლოდ შეიგრძნობ და უნებური რიდიც კი გიჩნდება. საუბრის ნაცვლად ჩურჩულს იწყებ, გეშინია, არ დააფრთხო მისი სული, რომელიც დროდადრო ამ ოთახს სტუმრობს. იქნებ ახლა, ამწუთას აქაა... ხის ნაკეთობები, წარწერები, ნახატები, ფოტოები. აქ ის ცოცხალია, მიხეილ თუმანიშვილის ცხოვრება ხომ სიკვდილის შემდეგაც გრძელდება...

ბავშვობაში დრამატულ თეატრში არ დაჰყავდათ. ოჯახი ოპერას უფრო ეტანებოდა. შინ სხვადასხვა ოპერიდან არიებს მღეროდა, ბიძამ მუყაოს თეატრი გამოუჭრა. მიშა დეკორატორი იყო, "ალადინის ჯადოსნური ლამპრისა" და სხვა სპექტაკლების დეკორაციებს აკეთებდა. მერე რატომღაც ცირკმა გაიტაცა, მეზობელი ცირკის ორკესტრში უკრავდა და მას დაჰყავდა ცირკში. 13 წლისამ რუსთაველის თეატრში ახმეტელის "ყაჩაღები" ნახა და დრამატული თეატრი აღმოაჩინა. მიღებულმა შთაბეჭდილებამ ყველა და ყველაფერი დაჩრდილა. ეზოს ყველა კედელი "ყაჩაღების" მიზანსცენებით მოხატა. მეზობლის ქალი ჩხუბობდა, შლიდა. მეორე დღეს ნახატები ისევ ჩნდებოდა. სანდრო ახმეტელის სპექტაკლებს ზედიზედ ნახულობდა, აფორიაქებდა, მოსვენებას არ აძლევდა. ყველაფერი ისე ვერ აეწყო, როგორც თვითონ ისურვებდა, თეატრის ნაცვლად თვრამეტი წლის მიხეილ თუმანიშვილი ჯარში წაიყვანეს, მერე ომიც დაიწყო... უკან დახევა დასავლეთის საზღვართან... მედდა კატია. საშინელი ღამე და გერმანელების თვითმფრინავებიდან გადმოყრილი შუშხუნები, დაბომბვა. საუბარი კატიასთან. კატია მსახიობობაზე ოცნებობს. ისევ უკან დახევა. ირგვლივ ყველაფრის ნგრევა. ცხედრები, დამწვარი მანქანები, დანგრეული გზა. ტალახი. ქარი. უსიტყვოდ, ჩუმად სვლა. ისევ ბრძოლა. ალყა ტანკებით. ბომბები ციდან. რომელიღაც პატარა სახლის დერეფანში ნაპოვნი კატიას გვამი, ცოცხში თავჩარგული: "მე და ის მაშინ ოც-ოცი წლისანი ვიყავით"... ომი დამთავრდა. მიშა დაბრუნდა. თეატრალურ ინსტიტუტში ჩაბარება გადაწყვიტა.

ერთმა დეიდამ მეგობრის დახმარებით გაიგო, რას მოითხოვდა ტოვსტონოგოვი აბიტურიენტებისგან. ბიცოლამ ლიზა ჩერქეზიშვილთან წაიყვანა. ქართულ სამოსელში გამოწყობილმა, 70 წლის ელისაბედ ჩერქეზიშვილმა ხელი გაუწოდა და ინსტიტუტამდე ფეხით ატარა. მერე სასწავლო ნაწილის გამგეს, აკაკი ფაღავას წარუდგინა: "შეხე, შეხე, რა სალდათი მოგიყვანე, ორდენებიანი, მედლებიანი"... ინსტიტუტში ჩაირიცხა. პედაგოგი გიორგი ტოვსტონოგოვი იყო, ახალგაზრდა, თეატრალური პრინციპებისადმი უსაზღვრო რწმენით სავსე, სტანისლავსკის მოძღვრების მქადაგებელი. შთამაგონებელი საუბრები, ლოგიკური მსჯელობები ყოველ მეცადინეობას დღესასწაულად აქცევდა.

კოტე მახარაძე, ბადრი კობახიძე, გოგი გეგეჭკორი, მედეა ჩახავა, ეროსი მანჯგალაძე, ნოდარ ჩხეიძე, მერაბ გეგეჭკორი, რამაზ ჩხიკვაძე, გურამ საღარაძე... "ეს ჩემი არმია მზად იყო შტამპების წინააღმდეგ გასალაშქრებლად, შტამპებისა და... ჩვენ გვაწვალებდა სიყალბე სცენაზე და ვოცნებობდით ახალ ხერხებსა და საშუალებებზე..". მარცხიან დასაწყისს მოჰყვა პირველი სპექტაკლი და "ადამიანებო, იყავით ფხიზლად". წაიკითხა გესტაპოელთა ციხეში ნაწამები ჩეხი კომუნისტის, იულიუს ფუჩიკის სიკვდილის შემდეგ გამოცემული ჩანაწერები "რეპორტაჟი სახრჩობელადან". ჩანაწერებმა ააღელვა. მთელი ღამე არ დააძინა. "პირველად მომწყურდა, გულით დამედგა რაღაც"... ამის შემდეგ მის ცხოვრებაში იყო ტრიუმფი, ტაში, ბრავო, შემდეგ ისევ დაღმასვლა და ბოლოს რეჟისორი თეატრიდან წავიდა...

პირად ცხოვრებაზე არასდროს ჰყვებოდა, ჩაკეტილი იყო, თან სტკიოდა ომი, საყვარელი ადამიანების დაკარგვა... "სცენაზე, სპექტაკლის დროს, სულ უნდა გქონდეს იმის შეგრძნება, რომ ადამიანებს შენი ცხოვრების, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანის შესახებ მოთხრობებს უამბობ. ცხოვრების გამჭოლი ხაზი უნდა ითამაშო, გმირთა ქცევებითა და განცდებით თხრობა. მხოლოდ ამ შემთხვევაში გამოვა სპექტაკლი კარგი. ქცევით თხრობა მსახიობის შესრულებას მტვრის ტილოსავით ჩამოაცილებს მსახიობური ოინების და "ხრიკების" წლობით დადებულ მტვერს. უნდა ისწრაფვოდე მთავარისკენ, რისი გულისთვისაც გამოდიხარ სცენაზე, რისი გულისთვისაც ხარ ამ ჩვენი სამარცხვინო საქმით დაკავებული". არ საუბრობდა, მაგრამ ამას კი წერდა, ალბათ საკუთარ განცდებზე, ემოციებზე, ტკივილზე, სიხარულზე ის ყველა სპექტაკლით ჰყვებოდა. "როდესაც რაღაც მტანჯავს, როდესაც ვეძებ, ეს როგორ გამოვხატო, მაშინ მჭირდება პიესა. მაგრამ სად არის, სად ვეძებო? ეს ტანჯვა სიყვარულს ჰგავს, შიგნით დაგროვებული, დაბერილი, აფეთქებული გარეთ გამოსვლას ლამობს. ეს მინდა გამოვხატო. ამისთვის მჭირდება დრამა, სიტყვები, სიტყვები, სიტყვები, რომლებსაც საკუთარი შინაარსით, ემოციებითა და შთაგონებით ავავსებ".

არ უყვარდა ხალხმრავლობა, სუფრა, არც თავისი დაბადების დღე - 6 თებერვალი, უფრო სიმშვიდე და მოსვენება მოსწონდა. "57 წლისა გავხდი. რატომღაც მილოცავენ, იმის მაგივრად, რომ კიდევ ერთი დაკარგული წელი მომისამძიმრონ".

ლიკა თუმანიშვილი იხსენებს, რომ ის არასდროს ისვენებდა, ოთახში ჩაკეტილიც კი სულ ფიქრობდა, წერდა, კითხულობდა, თავში სულ მიზანსცენები უტრიალებდა. მასთან ერთად ბევრს სეირნობდა, უყვარდა ძველი თბილისი, ვერაზე თითქმის ყველა სახლი, ყველა აივანი ზეპირად იცოდა, სეირნობის დროსაც აკვირდებოდა, ეძებდა ტიპაჟებს, ქცევებს, ხასიათებს და შემდეგ სცენაზე გადაჰქონდა. "შინ მარტო ვარ. სტუდიაში დღეს უქმეა. გაბმულად ჭიკჭიკებენ ჩვენი ჩიტები, სიმღერად არიან ქცეულნი, მთელ ბინაში დაფრინავენ - გეგონება, თავიანთი ბინა იყოს, ერთმანეთს დასდევენ. რატომ მღერის ჩიტი? რატომ წერს ადამიანი ლექსს? რატომ თამაშობს მსახიობი სპექტაკლს? იმიტომ, რომ გამოხატოს თავისი აღტაცება სიცოცხლით. ის ხომ მშვენიერია! სიცოცხლე ბედნიერებაა! ბედნიერია ამქვეყნად მოსული, მაგრამ ეს არ უწყის. ჩიტმა კი იცის. მას არანაირი კომპლექსი არ აწუხებს. აი, ლოჯიაში მზემ შემოანათა და ჩიტიც ტრელებად დაიღვარა, მისი მეგობარიც შეეხმიანა. სცენაზე იმისთვის უნდა ითამაშო, რომ სიცოცხლის მიმართ შენი აღტაცება გამოხატო, სიხარული შენი არსებობის გამო, მყოფობის ბედნიერება! ყოველ ჯერზე, სცენაზე კვდომისას, მყოფობის, არსებობის სიხარული დაბადო. რა ბედნიერებაა ყოფნა! ქუჩაში კაცი მიდის. კოჭლობს. სიარული უჭირს. გაქცევა რომ შესძლებოდა - მასზე ბედნიერი, ალბათ, არავინ იქნებოდა. ჩვენ შეგვიძლია ვირბინოთ, ვწეროთ, ვხატოთ, ვითამაშოთ, დავინახოთ, გავიგონოთ, შეგვიძლია სიყვარული, სუნთქვა - ბოლოს და ბოლოს, და რატომღაც, არ მივიჩნევთ თავს ბედნიერად. ჩიტი კი მღერის და ამით გამოხატავს თავის სიხარულს, იმ სასიამოვნო მღელვარებას, მის გულსა და სულს რომ ავსებს. რა უნდა ვიღონოთ იმისთვის, რომ მაყურებელთა დარბაზიც ჩიტსავით მღელვარებდეს?!" სიცოცხლეში ყველას ეგონა, რომ მიშა თუმანიშვილი თეატრისთვის ცხოვრობდა, ხალხისთვის, იმისთვის, რომ შეექმნა და დაეტოვებინა... თუმცა სიკვდილის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ქალიშვილს ყველაზე ძვირფასი რამ, საკუთარი ცხოვრება, ჩანაწერები დაუტოვა...

...ცხოვრების რაღაც ეტაპზე გადაწყვიტა და თეატრიდან წავიდა. მთელი თავისი შესაძლებლობები თეატრალურ ინსტიტუტსა და ტელევიზიას მიუძღვნა. შემდეგ კი მისი ოცნება ახდა: ჯერ კინოსტუდიის სახელოსნო და შემდეგ კინომსახიობთა თეატრი. "ვაშა-ა-ა-ა! სავარძლები მოიტანეს. ჩვენ ჩვენი თეატრი გვაქვს. მალე, სულ მალე გაიხსენება ჩემი თეატრი! როგორი იქნება, ნეტავ? როგორც დედა ელოდება მის სხეულში მცხოვრები პატარა არსების დაბადებას, ისე ელოდა მაესტრო ყოველი სპექტაკლის დადგმას და შემდეგ ეს თეატრი - მისი განხორციელებული ოცნება. ლიკა სინანულით იხსენებს იმას, როგორ ჰქონდა აკრძალული მამისგან რეპეტიციებზე დასწრება, შემდეგ გული კი სტკიოდა, როდესაც სხვებისგან იგებდა, რომ რეპეტიციას ესწრებოდნენ, მაგრამ მამის თხოვნას წინ ვერ აღუდგა, ჩუმად რეპეტიციაზე შეპარვა აზრადაც კი არ მოსვლია. ამიტომ ის რეპეტიციას არასდროს დასწრებია. ის, რასაც ყოველთვის აუცილებლად ესწრებოდა, პრემიერა იყო. მიშა ვერ იტანდა სცენაზე გასვლას, ზედმეტ აჟიოტაჟს, პრემიერის წინ ასე ამბობდა: "ეს სამი დღე გადამატანინა, მეტი არაფერი მინდა". სადაც უნდა მჯდარიყო ლიკა, სცენაზე მდგარი დაპატარავებული დიდი რეჟისორი შვილს თვალებით ყოველთვის პოულობდა და ის რამდენიმე წუთი, მხოლოდ ლიკას უყურებდა. მერე ისე გაძვრებოდა სცენიდან, ამას ვერავინ ამჩნევდა. ლიკა ხედავდა ყველაფერ იმას, რაც ხდებოდა წარმოდგენისას სცენაზე და მამას სახლში მუშაობისას... წარმოდგენის დაწყებამდე თურმე: " სპექტაკლის ყველა მონაწილე, დაწყებამდე ხუთი წუთით ადრე, მობილიზებული, მაქსიმალურად ყურადღებამოკრებილია, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. მსახიობები ფოიეში შუქს აქრობენ, სანთელს ანთებენ, მის ირგვლივ მუქ სილუეტებად იკრიბებიან, ვიღაც მუხლებზეც კია დაჩოქილი. მურმან ჯინორია ჩუმად იწყებს: - "გაიხსენეთ, რისთვის გამოდიხართ სცენაზე? აქტიურად ვიფიქროთ ჩვენს როლებზე, რატომ და რისთვის გავდივართ სცენაზე.

რა ფუნქცია აქვს ჩვენს როლს. გაიხსენეთ, რომ ჩვენ ყველაზე ბედნიერი ადამიანები ვართ დედამიწის ზურგზე, საშუალება გვაქვს, ჩვენი სათქმელი ვთქვათ სცენიდან. მოემზადეთ, გაიხსენეთ, ვის და როგორ თამაშობთ..". ყოველ ჯერზე ეს სიტყვები ახალია, კონკრეტული, განწყობის შექმნაში გეხმარება. მერე, ოდნავ გასაგონად მღერიან (მზია იწყებს) თავის ჰიმნს და ვიღაც აქრობს სანთელს. ამ დროს კი მაყურებელთა დარბაზში უამრავი ხალხია. მათ რომ იცოდნენ, ამ წუთებში კულისებში რა ხდება, ყველანი იქ შემოცვივდებოდნენ ამ ჭეშმარიტი რიტუალის სანახავად - სხვაგან რომ არსად არსებობს, ისეთი თეატრის რიტუალისა, რომელიც გაცილებით საინტერესოა, ვიდრე თავად სპექტაკლი. ის უნიკალურია!"

ლიკას სმენია, რომ რეპეტიციებზე ის მკაცრი იყო, გაბრაზებაც იცოდა, სახლში კი საოცრად თბილი და მოსიყვარულე იყო. როდესაც შვილიშვილები შეეძინა, მისთვის ახალი სიცოცხლე დაიწყო თითქოს. რომელიმე შვილიშვილის ავად გახდომა, მისთვის წამხდარ დღეს და ჩავარდნილ რეპეტიციას ნიშნავდა. ფაქიზი სული ჰქონდა, ყველაფერს განიცდიდა. ამასთან, დროს აყოლილი და თანამედროვედ მოაზროვნეც იყო, სულ საქმის კურსში იყო, რა ხდებოდა ირგვლივ, როგორ იცვლებოდა ღირებულებები, როგორ აზროვნებდნენ ახალგაზრდები... ხშირად უთქვამს, რომ ღრმა ძილით არასდროს სძინებია, თითქოს სულ ფიქრობდა და ტვინის რომელიღაც ნაწილი სულ მუშაობდა. თეატრალურში ჯგუფი ჰყავდა, ყველა სტუდენტს ეგონა, რომ სწორედ მასთან ჰქონდა განსაკუთრებული ურთიერთობა, ნიჭი ჰქონდა, ყველასთან გაება ურთიერთობის თავისებური ძაფი. ყველას ცხოვრებაში, ვისთანაც კი ურთიერთობა ჰქონია, უმნიშვნელოვანესი ადამიანი გამხდარა. ის ასწავლიდა თავისუფლად აზროვნებას, ფრთების გაშლას და ცხოვრებას... აუდიტორიაში, დარბაზში ყველა ყოველთვის მონუსხული უსმენდა, აჯადოებდა თავისი უბრალოებით და ამ უბრალო საუბარში დებდა დიდ სიბრძნეს, გაფიქრებდა...

არ უყვარდა სახლიდან შორს დიდხანს ყოფნა, ესპანეთში გასტროლებიდან დაბრუნებულმა გულში ჩაიკრა შვილიშვილი და ეს თქვა: "ქუჩებში სეირნობისას ჩემს ხელში მიშოს პაწაწინა ხელი მაკლდა, სახლში მომეჩქარებოდა"... სეირნობა უყვარდა, ბუნება უყვარდა, ტყეში, მდინარის პირას მარტო სეირნობდა და ხის ლამაზ ტოტებს ან ფესვებს აგროვებდა, შემდეგ სახლში მოიტანდა, ოთახში განმარტოვდებოდა და თლიდა. ამ პროცესზე თვითონ ამბობდა, რომ ზედმეტს აცილებდა და ბუნებრივი სილამაზის წარმოჩენაში ეხმარებოდა. ახლაც სავსეა მისი სახლი ხის ხელნაკეთი არაერთი ბუნებრივი სილამაზით.

ცხოვრების ბოლო წლებშიც კი მუშაობდა, ახლა ის თეატრი მისი სახელობისაა, დღესაც იდგმება იქ სპექტაკლები, "ალუბლის ბაღიც" კი დადგეს, ის, რაც მან ვერ შეძლო... გარდაიცვალა 75 წლის ასაკში, საზოგადოებამ ის ტაშით გააცილა, სწორედ ისე, როგორც ეკადრებოდა მაესტროს...

ქეთი მიქანაძე

ყოველთვიური ჟურნალი ”ბომონდი”

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება