ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე "კრისტალ ჯგუფის” ხელმძღვანელი ვლადიმერ სტეფანიანი დააკავა.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
"ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციით ატარებენ ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოებს და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ საკურორტო ზონებში მიწის მისაკუთრების თუ უკანონო მშენებლობების საკითხს, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესებს.
გუშინ, 2025 წლის 7 ნოემბერს, ჩვენმა თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, “კრისტალ ჯგუფის” ხელმძღვანელი პირი დააკავეს.
ამ ეტაპისათვის, გამოძიებით დადგენილია 1 894 925 ლარის ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი.
საქმეზე გამოძიება ინტენსიურად გრძელდება, “კრისტალ ჯგუფის” დანაშაულებრივი საქმიანობის შესწავლის და მათთან შესაძლო კავშირში მყოფი პირების, მათ შორის დანაშაულის ხელშემწყობი საჯარო მოხელეების დადგენის და მხილების მიზნით.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, 218-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით ითვალისწინებს.“,- ნათქვამია ინფორმაციაში.