ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველი სპორტსმენი ტატო მოსახლიშვილი სავარაუდოდ, ტატამზე გასვლას ვეღარ შეძლებს. მიზეზებზე მან "ფორმულასთან" ისაუბრა.
როგორც აღმოჩნდა, მოსახლიშვილმა ბოლო ოლიმპიადის დროს ტრავმა მიიღო და მკურნალობა საქართველოს ერთ-ერთ კლინიკაში გადაწყვიტა. მისი თქმით, კლინიკაში მას ოპერაცია და ინექციები ჩაუტარდა, რის შემდეგაც, როგორც ძიუდოისტი ამბობს, ტკივილები და შეშუპება დაეწყო.
ტატო მოსახლიშვილი ახლა ისრაელში აპირებს სამკურნალოდ წასვლას. ასევე ამბობს, რომ კლინიკის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას დაიწყებს.
"ძალიან ვწუხვართ, ჩვენი ბრალი არ არის ის, რომ ეს გჭირს, ჩვენ არაფერ შუაში არ ვართ, კი ჩვენი მხრიდან გაგიკეთდა ინექცია, მაგრამ ეგ შეიძლება ნებისმიერ ადამიანს დაემართოსო. არ ვიცი, ისეთი მდგომარეობაა დღეს, მათ თუ არა, ვის უნდა მოვთხოვო პასუხისმგებლობა. მათ გამიკეთეს ის ორი ინექცია და ის ბოლო ინექციაც მუხლი რა მდგომარეობაშიც მქონდა, რომ ვერც დავდიოდი და ვერც ვხრიდი.
მაქვს მაგის ყველა ვიდეომასალა. ერთ კვირაში მივდივარ ისრაელში სამკურნალოდ, თუმცა არ ვიცი რამდენად იმოქმედებს ის მკურნალობა, რაც მითხრეს, რომ ჩვენი მხრიდან მაინც ვცადოთო. არ ვაპირებ ჩუმად ყოფნას, აუცილებლად სამართლებრივად მოვთხოვ პასუხს" - ამბობს მოსახლიშვილი "ფორმულასთან".
ტელეკომპანიაში განმარტავენ, რომ მათ კლინიკა "მედიქლაბის" სამედიცინო დირექტორს დავით სერგეენკოს მიმართეს კომენტარისთვის, რა დროსაც მან თქვა, რომ ამ ფაქტით ყველა შეწუხებულია და ასეთი მანიპულაციების დროს დაზღვეული არავინაა.