ავტორი:

ეკრანული სიყვარული რეალობად იქცა: ცნობილი თურქი მსახიობისა და მისი რჩეულის გრანდიოზული ქორწილი უზბეკეთში (ფოტო)

ეკრანული სიყვარული რეალობად იქცა: ცნობილი თურქი მსახიობისა და მისი რჩეულის გრანდიოზული ქორწილი უზბეკეთში (ფოტო)

თურქული სერიალების ვარსკვლავმა, 35 წლის ემრე ქივილჯიმმა და მისმა რჩეულმა, პოპულარულმა უზბეკმა მსახიობმა იულდუზ რაჯაბოვამ, ურთიერთობა ქორწინებით დააგვირგვინეს. წყვილმა მოკრძალებული ოფიციალური ხელმოწერის შემდეგ, ამჯერად გრანდიოზული და ტრადიციული საქორწილო ცერემონია პატარძლის სამშობლოში - უზბეკეთში, კერძოდ კი ტაშკენტში გადაიხადა.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა კადრებმა თაყვანისმცემლების დიდი აღფრთოვანება გამოიწვია და ინტერნეტსივრცეში ვირუსულად გავრცელდა.

საკულტო სერიალი, სადაც ნამდვილი გრძნობები დაიბადა

წყვილის სიყვარულის ისტორია განსაკუთრებით საინტერესოა მათი ფანებისთვის. ემრემ და იულდუზმა ერთმანეთი 2020-2021 წლებში, მასშტაბური თურქულ-უზბეკური ისტორიული სერიალის, „მშვიდობის ლომი ჯალალედინი“ გადასაღებ მოედანზე გაიცნეს.

ამ პროექტში ემრე ქივილჯიმი ხვარაზმშაჰების სახელმწიფოს უკანასკნელი მმართველის, ჯალალედინ მანგუბერდის მთავარ როლს ასრულებდა, ხოლო იულდუზ რაჯაბოვა - მის საყვარელ ქალს, ქუთლუბეკას ანსახიერებდა. სერიალში დაწყებული ეკრანული სიყვარული მალევე რეალურ გრძნობებში გადაიზარდა და წყვილმა მრავალწლიანი ურთიერთობა ქორწინებით დააგვირგვინა.

საიდუმლო ხელმოწერიდან ტაშკენტის გრანდიოზულ ქორწილამდე

შეგახსენებთ, რომ წყვილის ოფიციალური ნიშნობა 2026 წლის 15 თებერვალს, ვიწრო საოჯახო წრეში შედგა, სულ რაღაც ორ დღეში - 17 თებერვალს, მათ მოკრძალებულად მოაწერეს ხელი.

მაშინ მსახიობმა მედიასთან ინტერვიუში აღნიშნა:

„ოჯახურ გარემოში პატარა ხელმოწერა გვქონდა. გვინდოდა, ნამდვილი ქორწილი ტაშკენტში გადაგვეხადა, ამიტომ ზედმეტად არ გავახმაურეთ, თუმცა მაინც გადაგვიღეს და ინტერნეტში გავრცელდა. დიდ ქორწილს რამდენიმე თვეში ვგეგმავთ“.

წყვილმა პირობა შეასრულა - მაისის შუა რიცხვებში გამართული საქორწილო ცერემონია პომპეზური და სტუმრებით დატვირთული აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ ტაშკენტში გამართულ საღამოს უზბეკური შოუბიზნესის ვარსკვლავებთან ერთად, ქვეყნის კულტურის მინისტრი, ოზოდბეკ ნაზარბეკოვიც ესწრებოდა, რომელმაც ახალდაქორწინებულებს სიტყვით მიმართა და ბედნიერება უსურვა.

კარიერული მიღწევები

ემრე ქივილჯიმი ქართველმა მაყურებელმა ის ჯერ კიდევ პოპულარული სერიალიდან „ელიფი“ გაიცნო სელიმის როლით. მოგვიანებით კი ისეთ რეიტინგულ პროექტებში ითამაშა, როგორიცაა ტელეკომპანია Kanal D-ის დრამა "წერილი“.

იულდუზ რაჯაბოვა უზბეკეთის კინოსა და თეატრის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და მოდური მსახიობია, რომელმაც საერთაშორისო აღიარება სწორედ თურქულ-უზბეკური ერთობლივი ისტორიული პროექტებით მოიპოვა.