ავტორი:

მამაკაცმა საკუთარი სიკვდილი გაითამაშა, რომ ცოლ-შვილი მიეტოვებინა, შემდეგ კი მეორედ იქორწინა - ორმაგი ცხოვრების წარმოუდგენელი ისტორია

მამაკაცმა საკუთარი სიკვდილი გაითამაშა, რომ ცოლ-შვილი მიეტოვებინა, შემდეგ კი მეორედ იქორწინა - ორმაგი ცხოვრების წარმოუდგენელი ისტორია

ოკლაჰომელმა დებ პროქტორმა შოკისმომგვრელი სიმართლე შეიტყო მამაკაცზე, რომელთანაც 14 წელი ქორწინებაში გაატარა. პოლიციის ზარით მან გაიგო, რომ მისი საყვარელი ქმარი, ჯეფ ვოლტონი, სინამდვილეში რონალდ სტენია - კანადელი მამაკაცი, რომელმაც 37 წლის წინ საკუთარი სიკვდილი გააყალბა, რათა პირველი ოჯახი მიეტოვებინა.

ეს წარმოუდგენელი ორმაგი ცხოვრების ისტორია ABC-ის ახალ დოკუმენტურ სერიალში გაცოცხლდა.

პირველი ცხოვრება კანადაში: ოჯახის მიტოვება და სიკვდილის გაყალბება

ყველაფერი 1977 წლის სექტემბერში, კანადაში დაიწყო. 32 წლის რონალდ სტენმა გადაწყვიტა, ცხოვრება სუფთა ფურცლიდან დაეწყო. მან საკუთარ ფერმაში ხანძარი გააჩინა, სადაც რამდენიმე ღორი დაიწვა, თავად კი გაუჩინარდა.

კანადაში მას პირველი ცოლი და ორი შვილი დარჩა, რომლებსაც გულწრფელად სჯეროდათ, რომ ოჯახის უფროსი ხანძარში დაიღუპა. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის ნეშტი ვერ იპოვეს, 1986 წელს სასამართლომ რონალდი ოფიციალურად გარდაცვლილად გამოაცხადა.

მეორე ცხოვრება ამერიკაში: ახალი ცოლი და ახალი ტყუილები

სინამდვილეში, „გარდაცვლილი“ მამაკაცი აშშ-ში გაიქცა, სახელი შეიცვალა, „ჯეფ ვოლტონი“ დაირქვა და 1998 წელს გაცნობის საიტით ამერიკელი დებ პროქტორი გაიცნო. ისინი 2000 წელს დაქორწინდნენ.

ამ დროს დები უკვე იყო განქორწინებული და თავისი პირველი ქორწინებიდან ორი ვაჟი ჰყავდა, რომლებსაც დამოუკიდებლად ზრდიდა.

როდესაც ჯეფს (რონალდს) ჯანმრთელობის პრობლემები დაეწყო და უფასო სამედიცინო დახმარება დასჭირდა, მან ახალ ცოლს მორიგი ტყუილი შეასაღა: უთხრა, რომ ვიეტნამის ომის ვეტერანი იყო, საიდუმლო სპეცრაზმში მსახურობდა და რადგან იქ უკანონო ბრძანებებს ასრულებდა, მისი სახელი სამხედრო ბაზებში არ ფიგურირებდა.

დებიმ ტყუილი დაიჯერა. იგი წლების განმავლობაში თავდაუზოგავად მუშაობდა ორ სამსახურში, რათა ქმრის ინფარქტის, ინსულტისა და დემენციის სამედიცინო ხარჯები დაეფარა და მას ერთგულად უვლიდა.

როგორ გაირკვა სიმართლე?

2014 წელს კანადის პოლიციამ ეს ძველი საქმე თანამედროვე ტექნოლოგიებითა და სოციალური ქსელების მეშვეობით განაახლა. დეტექტივებმა მიაკვლიეს კვალს და დაადგინეს, რომ 37 წლის წინ „დამწვარი“ რონალდ სტენი ოკლაჰომაში, სრულიად სხვა სახელით, ცოცხალი და ჯანმრთელი ცხოვრობდა.

როდესაც პოლიციამ ამერიკელ ცოლს, დების დაურეკა და სიმართლე უთხრა, ქალს თავზარი დაეცა:

"მე ის მიყვარდა, მაგრამ ეს ყველაფერი ილუზია იყო. ის არ იყო ის კაცი, ვისზეც დავქორწინდი. არაფერი ყოფილა რეალური. გაოგნებული ვიყავი, ვერ ვხვდებოდი, ვისთან ერთად ვცხოვრობდი ამდენი წელი“, - იხსენებს დები.

როგორ დასრულდა საქმე?

სიმართლის გაგებისთანავე ამერიკელმა ცოლმა სასწრაფოდ შეიტანა განცხადება განქორწინებაზე. რაც შეეხება კანონს - რონალდ სტენმა სასჯელს თავი აარიდა. კანადაში ხანძრის გაჩენის (არსონის) ხანდაზმულობის ვადა გასული იყო, ხოლო აშშ-ში იდენტობის გაყალბებისთვის სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება ძალიან დაგვიანდა.

როგორც აღვნიშნეთ, წყვილს საერთო შვილები არ ჰყოლია - რონალდი დები პირველი ქორწინებიდან ორ ვაჟს ზრდიდა. სიმართლის გაგების შემდეგ, როდესაც შოკირებულმა დებიმ განქორწინება მოითხოვა და მასთან კონტაქტი გაწყვიტა, მამაკაცი სასოწარკვეთილი ცდილობდა ოჯახზე გავლენის შენარჩუნებას. იგი გამუდმებით ურეკავდა დების, დაუკავშირდა მის ერთ-ერთ ვაჟსაც და ელექტრონული ფოსტით წერილები მის მეგობრებსა და კოლეგებსაც კი გაუგზავნა. დები იხსენებს, რომ იმ პერიოდში შიშისგან სახლიდან გარბოდა, რადგან ეშინოდა, რომ კაცი მის და მისი შვილების დასაზიანებლად ან სახლის დასაწავავდ დაბრუნდებოდა.

როდესაც სიმართლე გაირკვა, კანადელმა ცოლმა, რომელსაც 37 წლის განმავლობაში ქმარი მკვდარი ეგონა, მედიასთან კომენტარისგან თავი შეიკავა - ოჯახისთვის ეს ძველი ჭრილობების მტკივნეული გახსნა აღმოჩნდა. თავად რონალდ სტენმა კი ამერიკაში, ოკლაჰომას ერთ-ერთ მოხუცთა თავშესაფარში გააგრძელა ცხოვრება, სადაც დემენციის გამო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. მას ამერიკელი ცოლისთვის არც ბოდიში მოუხდია და არც თავისი საქციელი აუხსნია. საბოლოოდ, სტენი 2019 წელს სწორედ მოხუცთა თავშესაფარში გარდაიცვალა, რის შესახებაც დების მისმა კანადელმა შვილმა შეატყობინა.