კაილი მინოუგი: "ვარსკვლავს დარდის უფლება არ აქვს"

კაილი მინოუგი: "ვარსკვლავს დარდის უფლება არ აქვს"

ბრიტანეთში 2008 წელს სტატისტიკის მიხედვით, ახალშობილ გოგონებს მშობლები ყველაზე ხშირად კაილის არქმევდნენ. ეს იშვიათი ავსტრალიური სახელი უზომოდ პოპულარული იყო. ეს კაილი მინოუგის წარმატების ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია.

ავსტრალიაში ყველაზე პოპულარული გოგონა

წარმატებისკენ მიმავალი გზა მაშინ დაიწყო, როცა დედამ კაილი თავის დასთან, დენისთან ერთად სერიალის ქასტინგზე მიიყვანა. მშობლები იმედს დენიზე ამყარებდნენ, მაგრამ სერიალის მესვეურებმა კაილი აირჩიეს, რომელიც სტუდიაში დის მხარდასაჭერად მივიდა. სერიალის პრემიერის შემდეგ კაილის ცხოვრება ერთ დღეში შეიცვალა - მან პოპულარულმა გაიღვიძა.

ავსტრალიაში ყველაზე ცნობილ გოგონას, ცნობილი მეგობარი ბიჭი ჰყავდა, მას ჰქონდა ყველაზე ლამაზი კაბები და მრავალ ფოტოსესიაშიც იწვევდნენ. ერთი სიტყვით, ყველაფერი, რაზეც კი შეიძლება იოცნებო. კაილის ბევრ ფულს უხდიდნენ და მისმა სამსახიობო კარიერამ წარმატებული სტარტი აიღო.

როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ბედნიერი პირადი ცხოვრება კარიერულ წინსვლასთან ერთად დასრულდა.

ერთხელ ახალგაზრდა მსახიობი საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობის მისაღებად მიიწვიეს და უბრალო სიმღერის შესრულება სთხოვეს. კონცერტის შემდეგ 2 კვირაში კაილიმ ბარგი ჩაალაგა და ბრიტანეთში გაემგზავრა: მოულოდნელად მისი სიმღერა ჰიტად იქცა.

ინგლისში კაილი "Spice Girls"-ის პროდიუსერებთან შესახვედრად ჩავიდა.

ვარსკვლავის ბრიტანული ცხოვრება

ახალგაზრდა მსახიობმა სიმღერა დაიწყო და სულ მალე პირველი ალბომი სახელწოდებით "კაილი" გამოუშვა. ფირფიტა 2 მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა. ერთ-ერთ კონცერტზე მინოუგი თავის მომავალ სიყვარულს, როკ-მუსიკოსს მაიკლ ჰატჩენსს შეხვდა.

მასთან ერთად კაილიმ ახალი, გიჟური ცხოვრება დაიწყო. კაილი მაიკლისთვის ყველაფერზე მიდიოდა. ანტიდეპრესანტებსაც სწორედ მასთან ცხოვრების პერიოდში მიეძალა. ერთ დღეს კი, საყვარელ მამაკაცს საწოლში სექსუალურ ტელეწამყვანთან ერთად შეუსწრო.

კაილიმ განშორება ღირსეულად გადაიტანა. ორ თვეში კი ტოკიოს ერთ-ერთ სასტუმროში საუზმისას დილის გაზეთში წაიკითხა, რომ მაიკლმა სიდნეიში სასტუმროს ნომერში თავი ჩამოიხრჩო. კაილიმ ყველა კონცერტი გადადო და სახლში დაბრუნდა.

ამ ტრაგედიამ ვარსკვლავს ბევრი რამ ასწავლა. ის მიხვდა, რომ ვარსკვლავის სტატუსი არა მხოლოდ წვეულებებზე სიარულსა და თაყვანისმცემლების ყოლას, არამედ ემოციების გაკონტროლების ცოდნასაც ნიშნავს. ამასთან, კაილიმ გაიაზრა, რომ საკუთარ თავზე უფრო მეტი უნდა ემუშავა. ის ყოველ დღეს საყვარელ საქმეს უძღვნიდა. საცეკვაო დარბაზში იკეტებოდა და მანამ ცეკვავდა, სანამ პირდაპირ იატაკზე არ დაეძინებოდა.

მტრების ჯინაზე

კაილისთვის ექსპერიმენტების დრო დადგა. მისი დონის ვარსკვლავები პროდიუსერის შეთავაზებებას ფრთხილად ეკიდებიან. მინოუგი კი ყველა ავანტიურას თანხმდებოდა. იმღერა ნიკ ქეივთან, რობი უილიამსთან... ითამაშა საკმაოდ საეჭვო პერსპექტივის მქონე ფილმში "ქუჩის მებრძოლი", სადაც მისი პარტნიორი ჟან კლოდ ვან დამი იყო.

მინოუგს კარიერაში უმართლებდა, პირად ცხოვრებაში კი არა. რობი უილიამსს ხვდებოდა, მაგრამ წყვილი მალევე დაშორდა.

ყველაზე დიდი ხანი კაილიმ მოდელთან, ჯეისონ გუდინგთან დაჰყო, მაგრამ ის მეტისმეტად ახალგაზრდა და უდარდელი იყო. თანაც კაილისგან გაცილებით უფრო მეტს მოითხოვდა, ვიდრე თვითონ აძლევდა. შემდეგ კი ახალგაზრდა საყვარელიც გაიჩინა და კაილის ხასიათის ცუდ თვისებებზე ჟურნალისტებს გულახდილ ინტერვიუებს აძლევდა. ისინი დაშორდნენ.

კაილის ჰოლივუდში სათამაშოდ ხშირად იწვევდნენ. მან ნიკოლ კიდმანთან ითამაშა "მულენ რუჟში" და შემდეგ სერიალში - "ექიმი ვინ" მიიღო მონაწილეობა.

მას ურიცხვი ჯილდოები და გაყიდული ალბომები აქვს, შედეგად გარეთ დაცვის გარეშე გამოსვლა წარმოუდგენელი გახდა. მის მანქანაში ხან ბომბს ამონტაჟებდნენ და ხანაც დილის გაზეთებთან და წერილებთან ერთად ფოსტით ციმბირული წყლულის სპორებს უგზავნიდნენ.

ცხოვრებაზე შეყვარებული ადამიანი

კარიერასა და ოჯახს შორის კაილი ყოველთვის პირველს ირჩევდა. ერთ დღეს კი მოულოდნელად განაცხადა, რომ საქორწინო კაბის მორგებასა და ბავშვის გაჩენას აპირებს. პირველად ცხოვრების მანძილზე ხანგრძლივი სასიყვარულო პარტნიორი გამოუჩნდა - ლამაზი, ახალგაზრდა და უცოლო ოლივიე მარტინესი.

სწორედ ოლივიე იყო ის ადამიანი, ვინც კაილის ურჩია ექიმისთვის მიემართა, როცა შენიშნა, რომ კაილი თითქმის არ ჭამდა და წონაში კატასტროფულად იკლებდა. მინოუგი ყველაფერს დაძაბული ცხოვრების რეჟიმს აბრალებდა. ექიმთან გაიგო, რომ მკერდის კიბო ჰქონდა, მას გოლფის ბურთის ზომის სიმსივნე აღმოუჩინეს.

ოპერაციამდე რამდენიმე დღით ადრე კაილიმ გადაწყვიტა სიცოცხლისთვის ბოლომდე ებრძოლა.

კაილის ოპერაცია გაუკეთეს და ხანგრძლივი რეაბილიტაციის კურსიც გაიარა. საავადმყოფოში თავისი სიძლიერით მან მთელი პერსონალი მოხიბლა. უამრავი თანაგრძნობის წერილი მიიღო, ერთ-ერთი მათგანი პოპ-დედოფალს მადონას ეკუთვნოდა.

იმ დროს ექიმები "კაილის ეფექტზე" ალაპარაკდნენ, რადგან მსოფლიოში მილიონობით ქალმა მკერდის კიბოს პროფილაქტიკა დაიწყო.

ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, კაილი გადარჩა, შემდეგ ოლივიეს მის გვერდით ყოფნა აღარ უნდოდა.

ოპერაციის შემდეგ კაილი საზოგადოების წინაშე მოკლე ვარცხნილობითა და მომხიბვლელი ღიმილით გამოჩნდა. ასე მხოლოდ ის ადამიანები იღიმიან, რომლებმაც ცხოვრების დაფასება ისწავლეს და ბედნიერი მომავლის სჯერათ.

მომზადებულია lady.mail.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება