მაისის ბოლოს "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერს ნინო ბურჯანაძეს დააპატიმრებენ. ინფორმაციას ამის შესახებ რამდენიმე საინფორმაციო საშუალება გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკაზე" დაყრდნობით ავრცელებს.
გაზეთის წყაროს ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლება "სახალხო კრების" საქმიანობით უკმაყოფილოა და შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი ბურჯანაძის დასაპატიმრებლად შესაძლო ვარიანტებს განიხილავს.
როგორ გაზეთი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, ერთ-ერთ ვერსიად ფარული ჩანაწერებით დადგმული სპექტაკლი განიხილება. ფარულ ჩანაწერებს უკანონო საქმიანობის მტკიცებულებების სახით გამოიყენებენ, რათა ბურჯანაძესა და ბადრი ბიწაძეს გადატრიალების მომზადებაში დასდონ ბრალი. წყაროს ინფორმაციით, ეს სცენარი უკვე მზადდება.
"ადამიანებს, რომლებიც საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ, ბურჯანაძის "მხილებაში" დახმარების სანაცვლოდ სოლიდურ ანაზღაურებასა და დასაქმებას დაპირდნენ", - წერს გაზეთი.
გარდა ამისა, როგორც გაზეთი იტყობინება, მმართველი პარტია 2 მაისისთვის დაგეგმილი "სახალხო კრების" აქციის ჩაშლას ოპოზიციურ გაერთიანებაში თავისი კონტაქტების გამოყენებითაც შეეცდება.
"დემოკრატიული მოძრაობის" პრესსამსახურში გაზეთის გავრცელებულ ინფორმაციაზე აცხადებენ, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა ნინო ბურჯანაძის და "სახალხო კრების" განეიტრალება მოახერხონ.
"ხელისუფლებისთვის ყველაზე რეალური საფრთხე სწორედ ბურჯანაძე და სახალხო კრებაა", - აღნიშნეს პრესსამსახურში.