უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს ბრალი, შესაძლოა, მკვლელობის შეკვეთის მუხლითაც წაუყენონ. ინფორმაციას ამის შესახებ "რია ნოვოსტი" უკრაინის გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის, რენატ კუზმინის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
კუზმინის თქმით, ინფორმაცია მკვლელობის საქმეში ტიმოშენკოს მონაწილეობის შესახებ აშშ-ის პროკურატურას აქვს. საქმე ეხება პარლამენტარ ევგენი შერბანის სიკვდილს, რომელიც 1996 წელს, დონეცკის აეროპორტში მეუღლესთან ერთად დაცხრილეს. უკრაინის გენერალური პროკურატურა მკვლელობის დაკვეთაში ასევე ყოფილ პრემიერს პაველ ლაზარენკოს ადანაშაულებს, რომელიც ამჟამად სასჯელს აშშ-ში, ფულის "გათეთრების" გამო იხდის.
"რია ნოვოსტი" წერს, რომ 1990-იან წლებში იულია ტიმოშენკოს ლაზარენკოსთან საქმიანი და პოლიტიკური კავშირი ჰქონდა.
"ლაზარენკოს წინააღმდეგ ამერიკის სისხლის სამართლის საქმეებში საინტერესო ინფორმაციაა. ლაზარენკოს საქმესთან დაკავშირებით, აშშ-ის პროკურატურის მიერ დაკითხულმა მოწმემ პირდაპირ თქვა, რომ შერბანის მკვლელმა ფული ლაზარენკოსა და ტიმოშენკოს საბანკო ანგარიშებიდან მიიღო. მოწმე მკვლელობის დამკვეთთან საუბარს ეყრდნობა, რომელსაც უთქვამს: "იულია გადაიხდის", - განაცხადა კუზმინმა უკრაინულ ჟურნალ "ფოკუსთან" საუბრისას.
ცოტა ხნის წინ ტიმოშენკოს მომხრეებმა ივარაუდეს, რომ უკრაინის გენპროკურატურა ტიმოშენკოს შერბანის მკვლელობასთან დაკავშირებითაც წაუყენებდა ბრალს. ისინი ასეთ ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ.
2011 წლის ივნისიდან კიევის პეჩორის სასამართლო ე.წ. გაზის საქმეს განიხილავს, რომელის მიხედვითაც, ტიმოშენკოს თანამდებობრივი ბოროტად გამოყენებაში ედება ბრალი. 5 აგვისტოს სასამართლოს უპატივცემულობის გამო, უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი დააპატიმრეს.