ზაზა კოლელიშვილმა ქართლოს მარადიშვილს ჰონორარი არ გადაუხადა

ზაზა კოლელიშვილმა ქართლოს მარადიშვილს ჰონორარი არ გადაუხადა

პირველად კინო მინდორში, დიდ ხეზე გაკრულ ზეწარზე გაშვებული ნახა. შინ დაბრუნებული დიდხანს ფიქრობდა იმ გმირებზე, რომლებსაც გაფართოებული თვალებით უყურებდა. ცხენზე მჯდარი მხედარი და მისი განუყოფელი ატრიბუტები: ფარი, ხმალი, მათრახი და სხვა ნივთები განსაკუთრებით მოსწონდა. კინოსეანსებს სისტემატურად ესწრებოდა და მსახიობის პროფესიამ ნელ-ნელა გაიტაცა. ბავშვობის წლები სოფელ ტყვიავში გაატარა, სკოლაც იქ დაამთავრა, კულტურის სახლში მუშაობდა, თუმცა სულ კინოში გადაღებაზე ოცნებობდა. თეატრებში რამდენიმეწლიანი მუშაობის მიუხედავად, ამბობს, რომ თავს ყველაზე კარგად კამერის წინ გრძნობს. კამერა რომ ირთვება, ყურადღებას არ აქცევს და პირდაპირი კავშირი აქვს პარტნიორთან. თურმე, ფოტოსაც რომ უღებენ, ობიექტივს ისე უყურებს, როგორც მეგობარს, რომელსაც რაღაცას ელაპარაკება. მიუხედავად იმისა, რომ აღიარებს, მსახიობობა რთული და სხვაზე დამოკიდებული პროფესიაა, არჩევანს მაინც არ ნანობს. სხვადასხვა ჟანრს შორის ისტორიული ფილმები ყველაზე მეტად იტაცებს. მოსწონს, როცა ერის გამორჩეული წინაპრის სახეს ეკრანზე აცოცხლებს. საოცნებოდ ვაჟა-ფშაველას როლი აქვს, მისი შემოქმედება ბავშვობიდან უყვარდა და დღესაც სიამოვნებით კითხულობს.

თეატრისა და კინოს მსახიობ ქართლოს მარადიშვილს სასაუბროდ შინ ვეწვიეთ...

-  მამაჩემი მხატვარ-მოქანდაკე და ფიროსმანის პრემიის პირველი ლაურეატი გახლდათ. ოჯახში ოთხი დედმამიშვილი ვართ: მე - ქართლოსი, ფატმანი, ივერია და ვაჟა. მამას ვაჟა-ფშაველა ძალიან უყვარდა და მეც ასე ვარ. ვაჟა ჩემთვის მთის ნაგლეჯია. მისი შემოქმედება ზეპირად ვიცი, ძალიან მიყვარს, ვაჟას გიჟი ვარ! მამა მეუბნებოდა, როცა ვმუშაობ, ჩემ გვერდით იჯექი და მიყურეო. ბევრი მიკიჟინა, უნდოდა, მის გზას გავყოლოდი, მაგრამ ასე არ მოხდა. თუმცა ხეზე ჭრა მიყვარს. გორის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ჩემი გაკეთებული ორი პატარა, შოთა რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას ქანდაკება ინახება. მიუხედავად იმისა, რომ მამის მსგავსად მხატვარი არ გავხდი, შემდეგში ჩემით ძალიან ამაყობდა. როცა პირველ ფილმში - "დაისში" მალხაზის როლი შევასრულე, ჩემი ფოტო ჟურნალიდან ამოჭრა, ჯიბით ატარებდა და სადაც კი მოხვდებოდა, ყველას სიხარულით უჩვენებდა - ეს ჩემი შვილიაო.

-  როგორც ვიცი, თეატრალურში სწავლის პერიოდში ჯარში გაგიწვიეს, სად მსახურობდით?

-  აქვე ვიყავი, უჯარმაში. მამაჩემს პატივი სცეს და შორს არ გამიშვეს. ყოველ კვირა სახლში ვიყავი, ჯარისკაცის ფორმა საერთოდ არ მცმია. ჯარში ცეკვის ანსამბლი გვქონდა. მამამ ჩოხა-ახალუხი გამომიგზავნა და სულ იმით დავდიოდი.

-  პირველი ფილმი გავიხსენოთ, თქვენი კინოდებიუტი...

-  "გლახის ნაამბობში" სულ პატარა, უმნიშვნელო ეპიზოდი მქონდა. კადრში მე და ნოდარ მგალობლიშვილი ვჩანვართ. ის ამბობს, "რა კარგი გოგო ჰყავს პეპიას", მე ვპასუხობ: "მაშ" და სულ ესაა (იღიმის). ამ ფილმში ჩემი თავი რომ დავინახე, მსახიობობამ საბოლოოდ მომწამლა. პატარა ეპიზოდი შემხვდა "დიდოსტატის მარჯვენაშიც", სადაც ფხოველს ვთამაშობდი. იმხანად თბილისში ახალი ჩამოსული ვიყავი, ჭირდა ცხოვრება და ფიქრებზე ვიცოდი გადართვა. ერთხელ, გადაღებების შუალედში, ვიღაც მოვიდა და მითხრა, ძია ვასო გეძახისო. ვასო გოძიაშვილს გულისხმობდა. მაშინვე მასთან მივედი. ის ჩემი ვინაობით, ჩემი პედაგოგით დაინტერესდა და მკითხა, სადმე თუ ვმუშაობდი. ვუთხარი, რომ ჩემი პედაგოგი ლილი იოსელიანი იყო; ნამუშევარი მქონდა გორის თეატრში და იმხანად უკვე რუსთაველის თეატრში ვიყავი. ამ საუბრიდან მესამე დღეს ვასო გოძიაშვილმა მარჯანიშვილის თეატრში დამიბარა. ის და რამდენიმე მსახიობი შენობასთან გარეთ დამხვდნენ და დოდო ალექსიძესთან შემაგზავნეს. მან კი ლექსის თქმა ან ეტიუდის გაკეთება მომთხოვა. არაფერი ვიცი-მეთქი და გამოვბრუნდი.

-  ასე რატომ მოიქეცით?

-  ალექსიძე ვასო გოძიაშვილმა გააფრთხილა, იცოდა, ჩემი პედაგოგი ვინ იყო და რა ეტიუდი და ანეკდოტი უნდოდა?! ალექსიძის ოთახიდან გამოსულს ბატონმა ვასომ მკითხა, რა ქენი, ბიჭოო. როგორც მოვიქეცი, ვუთხარი. გოძიაშვილი ალექსიძეზე გაბრაზდა, მაგრამ იქვე დამამშვიდა, კარგი, არა უშავსო. მას შემდეგ ჩვენ ძალიან დავმეგობრდით. ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს, ერთხელ თავისი ახალგაზრდობის ფოტოც მაჩუქა წარწერით, ჩემს ახალგაზრდა მეგობარს ქართლოსს, ძია ვასოსგანო.

-  თავადური გარეგნობა გაქვთ, მეფის როლიც გიხდებათ, არაერთი ასეთი როლი გქონიათ...

-  კი, მქონდა. გიგა ლორთქიფანიძის "წიგნი ფიცისაში" დავით მეფე ვითამაშე, ნიკოლოზ სანიშვილის "მევლუდში" - თავადი ლევან მიქელაძე. საერთოდ, შენი გარეგნობა თავისთავად წაგიყვანს კონკრეტული როლისკენ, თუმცა მე ქურდიც მითამაშია, უსინათლოც "ოქროს ობობაში" და სვანიც განვასახიერე სოსო ჯაჭვლიანის ფილმში.

-  ახლა რაიმე ფილში ხომ არ ხართ დაკავებული?

-  სამი წელიწადია "ქართულ ფილმში" სამუშაო აღარ მქონია. ბრწყინვალე ვაჟკაცი და უნიკალური რეჟისორია გიორგი შენგელაია, მას სდევნიან და ავიწროებენ იმის გამო, რომ "ქართული ფილმის" აღორძინებას ითხოვს. ასეთ კაცს ძიძგნა დაუწყეს, ის რომ "ქართულ ფილმში" მოვიდეს, არა მარტო მე, არამედ ბევრ მსახიობს გაუჩნდება საქმე და დავსაქმდებით. მსახიობი გუთანივითაა, თუ არ ამუშავე - დაჟანგდება. გუთანი როცა ხნავს, მაშინ პრიალებს. ვიბრძვით, რომ გიორგი შენგელაია "ქართულ ფილმში" მოვიდეს. ის ყველაფერს იქით წაიყვანს, რომ ქართულ ფილმს ღირსება დაუბრუნდეს.

-  თქვენი აზრით, რა არის ქართული ფილმის ღირსება?

-  იყვნენ რეჟისორები და მსახიობები, დღესაც არიან, ვინც ეს ღირსება დღემდე მოიტანა და ქართულ ფილმს მსოფლიო კინემატოგრაფიაში გამორჩეული ადგილი დაუმკვიდრა. ასეთი უამრავი მაგალითია. ჯერ მარტო გიორგი შენგელაიას "ფიროსმანზე" სული მეკეტება. ასევეა რეზო ჩხეიძის ფილმები. სამი წლის წინ მან "მაცხოვრის საფლავზე ანთებული სანთელი" გადაიღო. ფილმში მეც სერიოზული სამუშაო მქონდა. დღეს შეიძლება წარსული სიკეთის დაბრუნება, თუკი ამას სერიოზული პატრონი გამოუჩნდება. არადა, პატრონი არის, მაგრამ არ უნდათ. კინოსტუდია აქციეს სოფლის მეურნეობის სამინისტროდ. გახსნეს, გააქირავეს ფართები. ჩასხდნენ არაპროფესიონალები და რეგვენი ხალხი და მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, რა მოიპარონ. რა უნდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს კინოსტუდიაში?! ორი სართული დაიკავეს და ახლა პირველ სართულზეც დაუთმეს გარკვეული ფართი. როგორც ჩანს, ხუთი თითიდან რომელიღაც ბოლომდე გასალოკი დარჩათ. სანამ ბოლომდე არ დაქცეულა ქართული ფილმი, მივხედოთ, ხალხო, ერთად დავდგეთ.

-  ნიკა ხომასურიძის ფილმის "დავიწყებული მეფის" გადაღებები დასრულებულია. იქ თქვენ სტალინის როლს ასრულებთ...

-  საინტერესო სურათია. სტალინის გარდა, იქ შოთა რუსთაველს, თამარ მეფეს, ილია ჭავჭავაძეს, ჰიტლერსა და სხვა პერსონაჟებს შეხვდებით. მისი პრემიერა შემოდგომაზე იგეგმება. ნიკას უნდა, რომ პრემიერა 2011 წლის მეთერთმეტე თვეს, თერთმეტ რიცხვში დაამთხვიოს. ფილმი კანის ფესტივალზე ჰქონდა წაღებული და კარგი გამოხმაურება მოჰყვა.

სამუშაო როცაა, თავს არ ვზოგავ. მინდა, ვაჟა-ფშაველა ვითამაშო, ძალიან მინდა. მისი შემოქმედებიდან გამომდინარე, კარგად ვიცი ვაჟას ბუნება. სხვათა შორის, გიგა ლორთქიფანიძეს სურდა ალექსანდრე ყაზბეგის ყველა ნაწარმოების გადაღება, მაგრამ ეს პროექტი არ განხორციელდა. იქ ერთ-ერთ სერიაში ვაჟა-ფშაველას სახე უნდა შემექმნა. ამას წინათ ერთმა ქალბატონმა დამირეკა და მითხრა, რომ ფილმს იღებენ. შეხვედრაზე შევთანხმდით, მაგრამ არ მოსულა. როცა დავურეკე, მითხრა, ახლა ფოტოსესიაზე ვარ და დაგირეკავთო. მართალია, ჯერ არ დაურეკავს, შეიძლება გამოჩნდეს კიდეც, მაგრამ მისი ასეთი საქციელი მეწყინა. საერთო ახლობელმა დაგვაკავშირა, რომელიც მე ავად სახსენებელი რეჟისორის ზაზა კოლელიშვილის ფილმში გადაღებისას გავიცანი. ზაზამ "ომი და ქორწილი" რომ გადაიღო, ჰონორარი არ გადამიხადა. ასე არა მარტო მე მომექცა, არამედ რამდენიმე სხვა მსახიობსაც.

-  როგორია თქვენეული სტალინი "დავიწყებულ მეფეში"?

-  მას მსოფლიო იცნობდა, როგორც სტალინს, მაგრამ მას ჰქონდა მეორე მხარეც. ის იყო პოეტი და კარგად მღეროდა. სტალინი მხეცად არ ვაქციეთ, ძალიან "დავარბილეთ". ერთ სცენაში წაიმღერებს კიდეც და ლოყაზე ცრემლიც ჩამოუგორდება. წითელ ღვინოს ჭიქაში ასხამს, მაღლა ასწევს და ამბობს: "ბრძოლაში გაგვიმარჯოს!" იცი, რა კარგი რამეა?! ნახავთ, ძალიან საინტერესოა (იღიმის).

-  ბოლო წლებში არაერთი ახალი ქართული ფილმი გამოვიდა. მათ როგორ აფასებთ?

-  მე მაგ ფილმებს ფილმებს ვერ დავარქმევ. ადამიანები ეკრანზე ერთმანეთს რა სიტყვებს არ ჰკადრებენ, კარგი, რა. სად არის სული, გმირობა, ვაჟკაცობა, თავდადება, მაგიდასთან ნაღდ კაცთან ერთად ჯდომა და მასთან ერთად ღვინის სმა. პირისპირ საუბარი დოქი ღვინის თანხლებით და არა ისეთი დალევა, მწყერები რომ გაგიფრინდება და ვეღარ იჭერ. ეს ცხოვრებაშიც კარგია და ეკრანზეც. "ღვინის ქურდები" გაიხსენეთ. ღვინის მოსაპარად შევიდნენ, მაგრამ კაცობამ არ მისცა ამის საშუალება, იქვე დალიეს, იქვე იმღერეს და სახლის პატრონიც ამ ფერხულში ჩაითრიეს. სად არის ახლა ეს ყველაფერი ფილმებში?!

-  რეჟისორები გეტყოდნენ, რომ დღევანდელობას, რეალობას იღებენ. თუნდაც ჟარგონები, რომელიც ფილმებიდან გვესმის, ყოველდღიურ მეტყველებაშია დამკვიდრებული...

-  მაშინ ამას ნუ დაარქმევ ქართულ ფილმს, დაარქვი დღევანდელი ცხოვრების ქრონიკა. ქუჩაში ვიღაცამ ვიღაცას დედა შეაგინა, გააუპატიურა, ეს არ არის ქართული ფილმი და შემოქმედება. ეს არის მათი უბნის "შანტრაბების" ყოველდღიური მოქმედებები. ნუ მიწყენთ და ეგრეა.

-  როცა ტელევიზიით თქვენი მონაწილეობით გადაღებული ფილმი გადის, უყურებთ?

-  კი, როცა ტელევიზიით გადის ვუყ­ურებ, მაგრამ როცა პრემიერაა, ვერიდები. აი, ახლა "დავიწყებული მეფის" პრემიერა რომ იქნება, იცი, როგორ მიჭირს მისვლა?! შეიძლება თავიდან რამდენიმე წუთით დარბაზში გავჩერდე, მაგრამ ფილმის ჩვენების დროს გამოვალ, იქ ვერ გავჩერდები.

-  და მიზეზი? ღელავთ?

-  არ შემიძლია (იღიმის). ამას თავის ახსნა აქვს. შუშის ქილაში ხომ არ ჩაგსვამენ, ზიხარ ვიღაცის გვერდით, ირგვლივაც მაყურებლები არიან. ეკრანზე შენ რომ გამოჩნდები, ხალხი შენ გიყურებს და უხერხულია.

-  ხშირად რეჟისორსა და მსახიობებს წარმატებულ პრემიერას ულოცავენ, ნამუშევარს უქებენ, ზურგს უკან კი დასცინიან და ბოროტად საუბრობენ...

-  კი, ასეა. თუ არ მოგეწონა, ფარისევლურად ნუ მოხვალ და ნუ მაქებ.

-  და ასეთ დროს ცნობთ, რომელია ყალბი და რომელი გულწრფელი შეფასება?

-  თვალებში ეტყობა ადამიანს! მართალ ადამიანს მაშინ ვგრძნობ, როცა ვუყურებ და ვხედავ მისმენს. თუ ფეხსაცმელზე იყურება, ტანსაცმელზე ხელს დაისვამს, ესე იგი ტყუის. მომისმინე, რა! არ შემიძლია ატანა, როცა კაცს ველაპარაკები და ის კი სადღაც იყურება. ადამიანი რომ გაიცნო, ორი ფუთი მარილი უნდა ჭამოო, - ნათქვამია, მაგრამ ორი ფუთი მარილი ნამდვილად არ არის საჭირო. ადამიანს რომ შეხედავ, მაშინვე ხედავ და გრძნობ ვინაა.

-  ვაჟაზე როცა ვლაპარაკობდით, არ გვითქვამს, მისი რომელი ნაწარმოები გიყვართ გამორჩეულად...

-  ვიცი, რომელ ვაჟკაცსა და რომელ მანდილოსანს მოუხდება ესა თუ ის ლექსი. ამოკრეფილი მაქვს ის ლექსებიც, რომელიც ჭირის სუფრას უხდება და ლხინისას. ერთხელ, პატრიარქთან შეხვედრაზე მთხოვეს, უწმინდესისთვის ლექსი წამეკითხა. პატრიარქს ვაჟა-ფშაველა ძალიან უყვარსო. სცენაზე გამოვედი, გამომაცხადეს, ვიცოდი პატრიარქი სად იჯდა და მიმართულება იქით ავიღე. ასე დავიწყე: "ნაწყვეტს "ბახტრიონიდან" ვუძღვნი მთისა და ბარის უსაყვარლეს შვილს, ჩვენს პატრიარქს, ჩვენს მწყემს ილია II-ს" და ამას პოემის ნაწყვეტი მოვაყოლე. შეხვედრის ბოლოს პატრიარქს შევხვდი. მოვიდა და მითხრა, როგორ ამატირეო. მეტი არ მინდოდა, სულ დამბურძგლა (იღიმის). ვაჟას გამო პატრიარქის ასეთი სიტყვები დავიმსახურე და ასეთი შემოქმედი როგორ არ შეგიყვარდება?!

ანა კალანდაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება