კადიროვი ბიზნესმენების კმაყოფაზე მეფურად ცხოვრობს

კადიროვი ბიზნესმენების კმაყოფაზე მეფურად ცხოვრობს

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი, მიუხედავად მოკრძალებული ხელფასისა (330 000 რუბლი), იმდენად ხელგაშლილი ყოფილა, ამის თაობაზე უკვე ლეგენდები დადის.

ამასთან, საშემოსავლო დეკლარაციაში კადიროვს მითითებული აქვს, რომ არ გააჩნია საკუთარი ბინა და ავტომობილი.

თუმცა ივლისის ბოლოს ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა ოჯახთან ერთად ანტალიის ხუთვარსკვლავიან სასტუმრო Mardan Palace-ში დაისვენა, რომელიც ცნობილ რუს ბიზნესმენ ტელმან ისმაილოვს ეკუთვნის. თურქეთში კადიროვი 2 მლნ დოლარად ღირებული Rolls Royce Phantom Cabrio-თი დასეირნობდა, ზვიგენებით სავსე აკვარიუმით გაფორმებულ უზარმაზარ საცურაო აუზში ნებივრობდა და ოქროთი მოპირკეთებულ აბანოში ბანაობდა.

ისმაილოვმა კადიროვის სამსაძინებლიანი და კინოდარბაზიანი საპრეზიდენტო აპარტამენტები დაუთმო. ჩეჩნეთის ლიდერის მეგობრები 50 ნომერში იყვნენ დაბინავებულნი, სადაც ერთი ღამის გატარება 17 000 დოლარი ღირს.  სწორედ კადიროვის მხარდაჭერის წყალობით შეძლო კომპანიების ჯგუფ АСТ-ის მფლობელმა და მოსკოვის დახურული ჩერქეზული ბაზრის ყოფილმა ხელმძღვანელმა ისმაილოვმა შარშან რუსეთში დაბრუნება. გავრცელებული ხმებით, ისმაილოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტაში დახმარების სანაცვლოდ, ბიზნესმენი კადიროვს ჩეჩნეთში ფულის ჩადებას დაპირდა.

რამზან კადიროვი მეგობრობს მდიდარ ბიზნესმენებთან, რომლებიც ნდობისთვის მას გულუხვად ასაჩუქრებენ. ხუთი წლის წინ უმარ ჯაბრაილოვმა და რუსლან ბაისაროვმა 30 წლის იუბილეზე ჩეჩნეთის ლიდერს 450 000 დოლარად ღირებული Ferrari Testarossa აჩუქეს. კადიროვი ფირმა Bovet-ის თეთრი ოქროს საათს ატარებს, რომლის ღირებულებაც 300 000 დოლარს შეადგენს, მშობლიურ სოფელში კი უზარმაზარ რეზიდენციას იშენებს.

მილიონობით დოლარად არის შეფასებული კადიროვის კუთვნილი "ავტომობილების კორტეჟი". სხვადასხვა წლებში მის კორტეჟს ცხრა BMW, ათი Porsche Cayenne, ორი Mercedes-Benz S-klasse, რამდენიმე Mercedes G-klasse, რვა Lexus LX 470, ხუთი Mercedes E350 4Matic, Hummer-ი და Lamborghini-ის მარკის სპორტული ავტომობილები შეადგენდა.

კადიროვი ასევე ფლობს ძვირადღირებული ცხენების მთელ ჯოგს. 2006 წელს მისი თითოეული ცხენი 300 000-დან 2,5 მლნ-მდე დოლარად იყო შეფასებული. 2007 წელს რამზან კადიროვმა 1 მლნ ევროდ არაბული ულაყი შეიძინა. კადიროვის ცხენები რეგულარულად მონაწილეობენ სხვადასხვა შეჯიბრში და ხშირად იმარჯვებენ კიდეც.

ცხენოსნობის გარდა ჩეჩნეთის პრეზიდენტი ფეხბურთითაც არის გატაცებული. რუსეთის პრემიერ-ლიგის გუნდი "ტერეკი" აჰმედ კადიროვის სახელობის ფონდიდან ფინანსდება.

კადიროვი რეგულარულად იწვევს ჩეჩნეთში კონცერტებზე რუსეთის ესტრადის ვარსკვლავებს. 2005 წლის იანვარში გროზნოში გამართულ კონცერტზე, რომელშიც გლუკოზა, ქსენია სობჩაკი და ჯგუფი "ზვერი" მონაწილეობდნენ, ორგანიზატორებმა 5,5 მლნ ევრო დახარჯეს. დაახლოებით, იგივე თანხა დაჯდა გროზნოში სილამაზის კონკურს "მის მსოფლიო 2007"-ის მონაწილეთა მასპინძლობა.

მომზადებულია kommersant.ru-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა