ბაადურ წულაძის ტკბილ-მწარე ბავშვობა

ბაადურ წულაძის ტკბილ-მწარე ბავშვობა

2 წლის იყო, როცა მამამისი გადაასახლეს, მისი და კი სწორედ გამოძიების დროს გაჩნდა. თურმე გამომძიებელმა მამას ქალიშვილის დაბადება მიულოცა და იქვე დასძინა: გოგონა შეგეძინათ, მაგრამ სამწუხაროდ, თქვენ მას ვერასდროს ნახავთო... გადაასახლეს და საბოლოოდ, ციმბირში დასახლებაც მიუსაჯეს, მაგრამ 10 წლის - ანუ მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ გადასახლებულთა ნაწილობრივი ამნისტია გამოცხადდა და სხვებთან ერთად, ისიც სამშობლოში დაბრუნდა, რაც თავისთავად, იმას ნიშნავდა, რომ გადასახლებას მისი ოჯახი გადაურჩა.

ახლა, წლების შემდეგ, როცა რეპრესირებულთა ოჯახებს კომპენსაციას შეჰპირდნენ, წულაძეებს ახალი პრობლემა შეექმნათ. "ამბობენ, რეპრესირებულთა ოჯახებს რაღაც თანხა უნდა გადავუხადოთო. სხვებთან ერთად, ადვოკატებთან მეც მივედი. იცით, რაშია საქმე? - მამაჩემის ერთ-ერთ საბუთში წერია "სოკრატე", მეორეში - "სოკრატი" და ამის გამო პრობლემა შემექმნა. ადვოკატებმა მითხრეს: ამ უზუსტობის გამო საბუთებს არ მიიღებენ, ეს ამბავი გასარკვევიაო. კაცო, ესენი ვერ აზროვნებენ? კაცს ამნისტია რომ შეეხო, საბუთში ჩაწერილი ერთი არასწორი ასო რომც შეემჩნია, იმას იტყოდა: არა, ბატონო, აქ რაღაც უზუსტობაა და ვიდრე არ გაასწორებთ, აქედან ფეხს არ მოვიცვლიო? სად ჰქონდა მაშინ ამის თავი? ან რომ ეთქვა, თქვენი აზრით, მის სიტყვებს გაითვალისწინებდნენ?.." - ვერ დაფარა გულისწყრომა ცნობილმა რეჟისორმა და მსახიობმა ბაადურ წულაძემ, რომელსაც მართლაც რომ საკმაოდ მძიმე წლებში მოუხდა ცხოვრება.

- დედა 24 საათის განმავლობაში მუშაობდა, მაგრამ ჩემთვის და ჩემი დისთვის დროს მაინც პოულობდა. ჩვენი აღზრდის ფუნქცია მამიდამ იკისრა, რომელმაც ძმისშვილებს მოგვიძღვნა თავი, არ გათხოვდა. ის ზღაპრებს, მხატვრულ ლიტერატურას გვიკითხავდა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჯერ კიდევ წერა-კითხვის უცოდინარმა, ილია ჭავჭავაძის შემოქმედება ლამის ზეპირად ვიცოდი; წიგნს რომ გადავშლიდი, ვიცოდი, სად რა ეწერა და ვეუბნებოდი: აი, ეს წამიკითხე-მეთქი. ახლა ამბობენ, ცხოვრება ჭირსო, მაგრამ გაჭირვება ჩვენ რომ გამოვიარეთ, ისეთი უნდა. სხვათა შორის, ომის შემდგომი პერიოდი უფრო საზარელი იყო, ვიდრე ომისდროინდელი. ომის დროს სხვა ქვეყნები გვეხმარებოდნენ, ჰუმანიტარული დახმარება ჩამოდიოდა, მაგრამ ომი დამთავრდა თუ არა, ეს დახმარებები შეწყდა და შიმშილი დაიწყო. მაშინ ქალაქი სოფელმა გადაარჩინა, ახლა კი პირიქით ხდება - სოფლის მოსახლეობას თავის გატანა უჭირს და ამიტომაცაა, რომ ქართული სოფლები დაცარიელდა, ახალგაზრდები იქ მხოლოდ გასართობად თუ ჩადიან... როგორ შეიძლება, XXI საუკუნეში ადამიანს პურის ფული არ ჰქონდეს, მით უმეტეს, რომ არც ომია და არც ომის შემდგომი პერიოდი?!

- ბათუმში დაბადებულს, ბავშვობაში თავად თუ გიყვარდათ სოფელში ჩასვლა?

- საზაფხულო არდადეგები დაიწყებოდა თუ არა, მე და ჩემი და მატარებლით სოფელში, ბებიასთან - დედის დედასთან მივდიოდით. მთელი ბავშვობა სოფელში გავატარე. ჩვენი სახლის წინ ტყე იყო და როცა ბებია მჭადის დაცხობას დააპირებდა, მე და ჩემს დას ამ ტყეში, წაბლის ფოთლების მოსატანად გვგზავნიდა; მერე ამ ფოთლებს კეცზე აფენდა და მასში გამოცხობილ მჭადსაც სულ სხვა გემო ჰქონდა... ბავშვები ტყეში ღამღამობითაც კი დავბორიალებდით და არაფრის გვეშინოდა. სხვათა შორის, სოფელში საქმე ყველას განაწილებული გვქონდა - მე და ჩემი და წისქვილშიც ხშირად მივდიოდით და წყალზეც გვგზავნიდნენ.

- ალბათ ამ ყველაფერს სიამოვნებით აკეთებდით...

- რა თქმა უნდა! მართალია, ეზოში ჭა გვქონდა, მაგრამ მაინც, წყაროს წყალს ვეზიდებოდით. სადილობის წინ "ჭარიქას" წამოვავლებდი ხელს და ე.წ. საცივის წყალი მომქონდა. სხვათა შორის, პატარა თოხიც მქონდა და ყანაში ვითომდა სამუშაოდ მივდიოდი ხოლმე. ძალიან მიყვარდა წისქვილში სიარული და იქ შეკრებილი მოხუცებისთვის ყურის გდება. რასაც იქ ამბობდნენ, ყველაფრის მჯეროდა, მათ ნათქვამში ეჭვი არ მეპარებოდა.

- მაინც, რაზე ლაპარაკობდნენ ხოლმე?

- იცოდნენ, ჰიტლერის შტაბში რა ხდებოდა, ვინ რა ილაპარაკა და ამას ერთმანეთს ისე უყვებოდნენ, ვითომ ყველაფერი საკუთარი ყურით გაეგონოთ... მაშინ ბრძენი ხალხი იყო. სტალინმა არ იცოდა, მაგრამ მათ იცოდნენ, ჰიტლერი როდის სად წავიდოდა, ვის რას ეტყოდა (იღიმის).

- ამბობენ, მაშინ უფრო განათლებული თაობა იყოო...

- კი, ამბობენ, მაგრამ მე ამას არ ვეთანხმები! მაშინაც ბევრი მოსწავლე არაფერს აკეთებდა, არ სწავლობდა, "ორიანისა" და "სამიანის" ზღვარზე "დაბოდიალობდა".

- თქვენ როგორი მოსწავლე იყავით?

- კარგად ვსწავლობდი, ყველაფერი მაინტერესებდა. მიყვარდა ალგებრა, ლოგიკური თამაშები; მაინტერესებდა ისტორია, გეოგრაფია და ლიტერატურა. საერთოდ, მიმაჩნია, რომ ლიტერატურის სწავლება ძნელია. პედაგოგმა მხოლოდ იმაზე კი არ უნდა იზრუნოს, რომ ვიღაცის მიერ დაწერილი ნაწარმოები დაგაზეპირებინოს, არამედ კითხვა უნდა შეგაყვაროს.

- თქვენ ვინ შეგაყვარათ ლიტერატურა? ვინ გირჩევდათ, რომელ ასაკში რა უნდა წაგეკითხათ?

- ლიტერატურა რომ მიყვარს, ეს რასაკვირველია, მამიდაჩემის და კიდევ, ბაბუის - ლავრენტი წულაძის (რომელიც მღვდელი იყო, მაგრამ ამავდროულად, პედაგოგიც გახლდათ) დამსახურებაა. ბაბუამ სოფელ ჭანჭათში გახსნა სკოლა, სადაც თავადვე ასწავლიდა რუსულ ენასა და ლიტარატურას, ქართულ ენასა და ლიტერატურას, საღვთო სჯულს. მას უზარმაზარი ბიბლიოთეკა ჰქონდა, მაგრამ ბოლშევიკებმა მისი წიგნები სადღაც გააქრეს. გადარჩა "ჩერდაკში", ზანდუკში შენახული წიგნები და ჟურნალები... ყოველთვის მეუბნებოდნენ: ბაბუაშენივით, კითხვა გიყვარსო. მართლაც, სადაც უნდა წავიდე, წიგნები თან მიმაქვს და ვკითხულობ ხოლმე.

- ე.წ. სამაგიდო წიგნი თუ გაქვთ?

- არა. რასაც ამწუთას ვკითხულობ, ისაა ჩემი სამაგიდო წიგნი.

- ამბობთ, რომ კარგი მოსწავლე იყავით. დავიჯერო, მასწავლებლებს არ აბრაზებდით?

- ამბობენ, ფრიადოსნები საკუთარ თავში ჩაკეტილები არიანო; ეს ტყუილია! კლასში ყველაზე უმართავი, ყველაფრის წამომწყები მე გახლდით. როცა მასწავლებელი რაღაცას ჰყვებოდა, ისეთ რამეს ვიტყოდი, კლასელები სიცილით იხოცებოდნენ. მიუხედავად ყველაფრისა, მასწავლებლებს მაინც ვუყვარდი. სხვათა შორის, რუსულ სკოლაში ვსწავლობდი. მამა რომ გადაასახლეს, 10 წელი მიუსაჯეს, მერე კი ციმბირში უნდა დაესახლებინათ. ჰოდა, ვინაიდან 10 წლის შემდეგ ჩვენც იძულებული ვიქნებოდით, მასთან ჩავსულიყავით, დედამ იფიქრა: ბავშვებმა ქართული ხომ ისედაც იციან და ციმბირში რომ არ დაიჩაგრონ, რუსული უნდა ისწავლონო. მოკლედ, რაციონალური აზროვნების ქალი იყო.

- "შატალოზე" არ დადიოდით?

- სულ "შატალოზე" არ ვიყავი? გაზაფხულზე ბათუმში ფეხბურთელები ჩამოდიოდნენ და ჩვენც სტადიონზე მივდიოდით ხოლმე. თუ მატჩები არ იმართებოდა, ახლა თქვენ რომ ბულვარს ეძახით, იქ მივდიოდით, მაგრამ მაშინ ის ტერიტორია ხეებითა და უზარმაზარი ბუჩქებით იყო დაფარული, გაუვალი ტყე იყო და ცხადია, იქ მასწავლებელი ვერ გვიპოვიდა. სხვათა შორის, სწორედ იმ ტყეში გადაიღეს შავ-თეთრი ფილმი - "რობინზონ კრუზო"... ცოტა რომ დათბებოდა, მატარებლით (რომელსაც "ელექტრიჩკის" ფუნქცია ჰქონდა) ბოტანიკურ ბაღში ან მწვანე კონცხზე მივდიოდით. მოკლედ, "შატალოზე" წასულები ვცდილობდით, კარგად დავმალულიყავით. ბათუმი პატარა ქალაქია და იქ რომ გვესეირნა, ვიღაც აუცილებლად დაგინახავდა.

- და "ჩაგიშვებდათ", არა?

- ჰო, ასე იყო...

- გაკვეთილს რომ აცდენდით, მასწავლებლები არ გსჯიდნენ?

- როგორ არა! 10 დღის განმავლობაში სკოლაში არ გვიშვებდნენ.

- ეს დასჯა იყო თუ პირიქით...

- (მაწყვეტინებს) დასჯა იყო იმ გაგებით, რომ სკოლაში თუ არ წავიდოდით, მშობლები რაღაცას მიხვდებოდნენ და სამაგალითოდ დაგვსჯიდნენ... დედა განათლების განყოფილების მთავარი ბუღალტერი გახლდათ და იმდენს არ ვფიქრობდი, რომ ის ჩემი საქციელის შესახებ ყველაფერს აუცილებლად გაიგებდა... არ მიყვარს სიტყვა "ლიდერი", მაგრამ კლასში ჩემი სიტყვა "გადიოდა". რომ ამბობენ, ფრიადოსნები დამჯერები არიან, "ოროსნები" კი ფანტაზიით დაჯილდოებულებიო, ამას არ ვეთანხმები; პირიქით, ვინც ცუდად სწავლობდა, სწორედ ის ცდილობდა, ცუდი არაფერი გაეკეთებინა. ყოველთვის ბოლო მერხზე ვიჯექი, რადგან ნაკლებად მაინტერესებდა, მასწავლებელი რას ლაპარაკობდა; მე ვკითხულობდი მხოლოდ იმას, რაც თავად მინდოდა.... ძალიან მიყვარდა მუსიკა, განსაკუთრებით - ჯაზი, მაგრამ მაშინ ამ ჟანრის მოსმენა აკრძალული იყო. თუმცა ჩუმ-ჩუმად მაინც ვუსმენდით: რადიომიმღები გვქონდა, დიდი ანტენა გავუკეთეთ და "ამერიკას ხმას" ვიჭერდით; უამრავი ფირფიტაც გვქონდა.

- უფროსებს რომ გაეგოთ, ჯაზს უსმენდით, რას იზამდნენ?..

- მაშინ ქალთა და ვაჟთა სკოლა ცალ-ცალკე იყო. ჰოდა, ვაწყობდით საღამოებს, სადაც გოგონებთან ერთად ვერთობოდით, მუსიკას ვუსმენდით და ვალსს ვცეკვავდით. პედაგოგიც ხომ ადამიანია და რომ ნახავდა, არაფერს ვაშავებდით, მარტოებს გვტოვებდა. იმის წასვლა და "პლასტინკების" შეცვლა ერთი იყო; ვიღას ახსოვდა ვალსი, როცა შეიძლებოდა ტანგოსა და ფოქსტროტის ცეკვა.

- ეს ცეკვები რატომ იკრძალებოდა?

- ბურჟუაზიული კულტურის გადმონაშთად მიიჩნეოდა და ამიტომაც. სტალინის მმართველობის დროს თითოეული ადამიანი აბსოლუტური კონტროლის ქვეშ იყო. რას ლაპარაკობდი კი არა, ისიც იცოდნენ, რას ფიქრობდი. მახსოვს, ერთ საღამოს შინ მამიდებთან ერთად ვიჯექი და ჟურნალ "ნაკადულს" ვათვალიერებდი. მასში დაბეჭდილი გახლდათ წერილი რუს იმპერატორებზე. სწორედ ამ ჟურნალის თვალიერებისას (აბა, მაშინ კითხვა არ ვიცოდი და) დავსვი პირველი პოლიტიკური შეკითხვა: კი, მაგრამ სანქტ-პეტერბურგს ლენინგრადი რატომ ჰქვია-მეთქი? სახლში საოცარი სიჩუმე ჩამოვარდა - არიქა, კედლებსაც ყურები აქვს, ვინმემ არ გაიგონოსო და მანიშნეს, - გაჩუმდიო. მართალია, მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, მაგრამ მივხვდი, რაღაც სისულელე რომ ვთქვი...

- იმ პერიოდმა თუ მოგისწროთ, როცა ქალთა და ვაჟთა სკოლები გააერთიანეს?

- არა! სასკოლო ასაკის რომ გავხდი, სწორედ მაშინ მოხდა სასწავლებლის ქალთა და ვაჟთა სკოლებად დაყოფა და დავამთავრე თუ არა, შეაერთეს.

- გოგონებთან როგორი ურთიერთობა გქონდათ?

- პატარა ქალაქში ვცხოვრობდით და ცხადია, ახალგაზრდები ერთმანეთს ვიცნობდით. შეყვარებული არ ვყოფილვარ, მაგრამ გატაცება მქონდა. ბიჭებმა ვიცოდით, რომელი გოგო ვისი იყო და ვისთვის არ უნდა შეგვეხედა. გოგომაც იცოდა, ვისი იყო (იცინის)... სხვათა შორის, ბევრი რამ ქუჩამაც მასწავლა. მაგალითად, უფროს-უმცროსობა; ისიც, რომ არ შეიძლება, ორი ადამიანი ერთს დაესხას თავს და სცემოს. ალბათ, ახლა "ქუჩის კოდექსი" არ არსებობს, მაგრამ მაშინ იყო და ვიცოდით, რისი გაკეთება შეიძლებოდა და რისი - არა.

- ვაჟკაცობად რა მიიჩნეოდა?

- საკუთარი თავის დაცვა. ორი რომ ჩხუბობდა, დანარჩენები წრეს შეკრავდნენ, რათა მათ საქმეში არავინ ჩარეულიყო.

- თუ ადამიანი იჩაგრებოდა...

- (მაწყვეტინებს) როცა მოჩხუბრებიდან ერთი მეორეს დაჯაბნიდა, მათ აუცილებლად ვაშველებდით. ჩვენ ჩხუბის არ გვეშინოდა და იცით, რატომ? დარწმუნებული გახლდით, რომ ან ის ვიღაც გვცემდა, ან მას თავად ვცემდით; ქვას არ დაგარტამდა, დანას არ გაგიყრიდა, თოფს არ გესროდა. მოკლედ, ამ ყველაფრისგან დაზღვეული ვიყავით.

- თქვენი ცემა ადვილი იყო?

- არც ისე! მერწმუნეთ, საკმაოდ ჯანიანი ვიყავი. ზოგს ჰგონია, ფრიადოსან ბიჭებს ძალა არ ერჩით, მე კი საპირისპიროს ვამტკიცებდი.

- თქვენი თაობის წარმომადგენლები ამბობენ, ახლა ბავშვებს ბევრი გასართობი აქვთ, ჩვენს დროს კი ქსოვილის ბურთიც სანატრელი გვქონდაო.

- ვინაიდან ნაკლები სათამაშო გვქონდა, ფანტაზიას მეტ გასაქანს ვაძლევდით. ჯოხი შეიძლება ყოფილიყო პისტოლეტიც, თოჯინაც და ცხენიც, ახლა კი, თუ ტელეფონი ტელეფონს არ ჰგავს, ბავშვი ხელს არ მოჰკიდებს. სათამაშო ნამდვილ თოფს თუ არ ჰგავს და პატარას ეტყვი: აიღე, ვითომ პისტოლეტიაო, აუცილებლად გიპასუხებს: ხომ არ გადარეულხარო?!. მახსოვს, ჩემი და თავად ელაპარაკებოდა თოჯინებს, ახლა "კუკლები" ელაპარაკებიან ბავშვებს. მოკლედ, ახალ თაობას არა აქვს ფანტაზიის ასპარეზი, რაც მგონი, მთლად კარგი არ უნდა იყოს.

- XXI საუკუნეში ახალ წელს მთელი მსოფლიო გრანდიოზულად ეგებება. საინტერესოა, თქვენ როგორ ხვდებოდით ამ დღესასწაულს? ალბათ, ჩიჩილაკს რთავდით, არა?

- ჩიჩილაკი ძირითადად, სოფლებში ჰქონდათ, ქალაქში კი უპირატესობას ნაძვის ხეს ანიჭებდნენ და სხვათა შორის, მისი მოსართავებიც გვქონდა. ერთხელ პროდიუსერმა მაიკლ ტოდმა, რომელიც მილიარდერი გახლდათ, თქვა: ახალგაზრდობაში მქონდა ისეთი პერიოდები, როცა ჯიბეში ცენტიც არ მქონდა, მაგრამ ღარიბი არასდროს ვყოფილვარო! აი, ეს სიტყვებია ჩემი ცხოვრების ფილოსოფიაც. ჩემს ოჯახს მატერიალურად უჭირდა, მაგრამ ღარიბები არასდროს ვყოფილვართ. შეიძლება, "დალატკული" სამოსი, "დაშტოფილი" წინდები გვეცვა, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ ყველაფერი სუფთა გახლდათ. დედა გაიჭირვებდა, მაგრამ ახალ წელს სახლში ნაძვის ხეს მაინც დადგამდა.

- თქვენთან თოვლის ბაბუა თუ მოდიოდა?

- არა... სხვათა შორის, თურმე, თოვლის ბაბუები საშიშები არიან: ინტერნეტში წავიკითხე, რომ მოსკოვში მოსახლეობა გააფრთხილეს, - თქვენი თოვლის ბაბუა შეიძლება, აფერისტი აღმოჩნდესო... ახალი წლის ღამეს მეზობლებთან დავდიოდით, ერთმანეთს დამდეგს ვულოცავდით, ყველაფერს ერთად ვზეიმობდით... ჩვენთვის ყველაზე დიდი დღესასწაული კინოთეატრში სიარული იყო. მახსოვს, დედას ახალი ფილმის სანახავად ყოველკვირა დავყავდით და საამისოდ განსაკუთრებულადაც გვაცმევდა.

- გაიხსენეთ პირველი ფილმი, რომელმაც თქვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა...

- ეს იყო "დიდი ვალსი". იმ წელს სკოლაში წავედი და მუსიკალურ სასწავლებელშიც მიმაბარეს; წესით, ფორტეპიანოზე დაკვრა უნდა მესწავლა, მაგრამ მას მერე, რაც ვნახე, შტრაუსი როგორ უკრავდა ვიოლინოზე, დედას ვუთხარი: მარტო ვიოლინოზე დაკვრას თუ ვისწავლი-მეთქი. დედა მართალია, ძალიან მკაცრი იყო, მაგრამ ერთი საოცრად კარგი თვისება ჰქონდა: შენს აზრს პატივს სცემდა. ჰოდა, ნება დამრთო, ის მესწავლა, რისი სურვილიც მქონდა.

- ძალიან ბევრს აღიზიანებს თინეიჯერების ჩაცმულობა...

- სხვების არ ვიცი, მაგრამ მე ნამდვილად არ მაღიზიანებს! ადამიანს აქვს უფლება, ის ჩაიცვას, რაც სურს; იაროს ისე, როგორც უნდა. სხვათა შორის, სამოციან წლებში მოდაში ე.წ. "ბუტილკა" შარვლები შემოვიდა და მახსოვს, "კომსომოლცები" ახალგაზრდებს უკან მაკრატლით დასდევდნენ, რათა შარვლები დაეჭრათ. გოგონებმა მინიქვედაბოლოები რომ ჩაიცვეს, ეს ბომბის აფეთქების ტოლფასი იყო. ამბობდნენ: აუფ, არ რცხვენია?! მშობელი არ ჰყავსო?!. რა შენი საქმეა, ვის რა აცვია? ყველაფერს სჯობია, საკუთარ თავს მივხედოთ. მოკლედ, მე ამ თემაზე ლაპარაკი მაღიზიანებს. ერთადერთი, არ მესმის იმ ახალგაზრდების, რომლებიც პირსინგებს იკეთებენ და ამბობენ, ეს ჩემს ინდივიდუალობას უსვამს ხაზსო. არა, ბატონო, პირსინგი თუ გაქვს, ე.ი. ამბობ: მეც თქვენნაირი ვარო. სხვადასხვა ტომის წარმომადგენლები ასეთ რაღაცებს იმისთვის იკეთებდნენ, რომ ერთმანეთი ეცნოთ. მაგრამ ეგეც არაფერი, გაიზრდებიან და მიხვდებიან, რა რას ნიშნავს.

- დაბოლოს, რას ურჩევდით ახალგაზრდებს?

- სწავლა - ეს შრომაა. ახლა ამბობენ, - მოსწავლეს და სტუდენტს ყველაფერი თამაშ-თამაშით უნდა ვასწავლოთო. მე ამის წინააღმდეგი ვარ: თამაშ-თამაშით კი არ უნდა ვასწავლოთ, არამედ უნდა იცოდნენ, რომ სწავლა დროს ტარება და "ტუსოვკა" კი არა - შრომაა. მუშაობით დაღლა კი ძალიან სასიამოვნო გახლავთ.

ლიკა ქაჯაია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება