ადვილია თუ არა დრაკონის მოტყუება და მოხიბვლა?

ადვილია თუ არა დრაკონის მოტყუება და მოხიბვლა?

ამაყი, პატივმოყვარე, საკუთარ თავში დარწმუნებული, წარმატებული, ჯიუტი და ამავე დროს საოცრად მიმნდობი - ასე ახასიათებენ ასტროლოგები დრაკონის წელში დაბადებულ ადამიანებს. ეს მითური არსება არა მხოლოდ სიძლიერით, არამედ მზაკვრობითაც გამოირჩევა, თუმცა ერთგულება და სულგრძელობაც ახასიათებს. დრაკონის წელში არაერთი ცნობილი ადამიანია დაბადებული. ჩვენ ეკა კახიანს, გიორგი ვარდოსანიძეს, ზურაბ ცინცქილაძეს და ქეთი ორჯონიკიძეს დავუკავშირდით. ისინი საკუთარ ხასიათზე გულახდილად ლაპარაკობენ.

მსახიობი და მომღერალი ეკა კახიანი დრაკონის წელში დაბადებული თხის რქაა.

- ვიცოდი, რომ დრაკონის წელში ვარ დაბადებული, მაგრამ ცოტა ხნის წინ სადღაც წავიკითხე, - დრაკონის წელი 20 იანვრიდან იწყებაო. მართალია, 16 იანვარს ვარ დაბადებული, მაგრამ მიმაჩნია, რომ მაინც დრაკონი ვარ.

- ასტროლოგთა რჩევებს ითვალისწინებთ?

- ასტროლოგთან რჩევის საკითხავად არასდროს მივსულვარ, მაგრამ ვიცი, რომელია ჩემი ზოდიაქოს ციფრი.

- რომელია?

- 8 და ყველა ის ციფრი, რომელიც რვაზე იყოფა. ერთხელ ისე გავედი გამოცდაზე, მხოლოდ ერთი - მერვე ბილეთი ვიცოდი და ზუსტად ის შემხვდა.

- ასტროლოგები ამბობენ, რომ დრაკონს ფიცხი ხასიათი აქვს. თქვენს შემთხვევაშიც ასეა?

- ჩემი აზრით, დრაკონები ნებისყოფიანი ადამიანები ვართ; ძალიან დიდხანს ვითმენთ, ვითმენთ და ბოლოს, ვფეთქდებით. მე ასეთი ვარ!

- ის მუდამ სევდიანია და მელანქოლიაშიც ვარდება...

- ამაში ასტროლოგებს ვეთანხმები.

- ახალი საქმის დაწყებისას დარწმუნებული უნდა იყოს ყოველი ნაბიჯის უსაფრთხოებაში.

- ძალიან ფრთხილი ვარ და ისეთ საქმეს, რომელიც ან გამომივა, ან - არა, ხელს არ ვკიდებ. მიზანს თუ დავისახავ, გზიდან არ გადავუხვევ, საქმეს აუცილებლად, ბოლომდე მივიყვან.

- ჯიუტი ხართ?

- ჯიუტი ბავშვობაში ვიყავი, მერე მივხვდი, რომ ეს ცუდი თვისებაა; მელანქოლია და სიჯიუტე დროთა განმავლობაში დავძლიე.

- დრაკონზე ამბობენ, ეჭვიანიაო.

- ეჭვიანი ნამდვილად ვარ, მაგრამ ავადმყოფურად - არა. ისე, ზოგჯერ პატარა საბაბიც კი საკმარისია, ჩემში ეჭვის ჭიამ რომ გაიღვიძოს.

- თქვენი მეუღლის ზოდიაქოს ნიშანი რომელია? ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ თქვენთვის კარგი მეწყვილეა ვირთხა, მაიმუნი ან ვეფხვი; დრაკონმა ბედი ხარსა და ძაღლს არ უნდა დაუკავშიროს.

- ჩემი მეუღლე თვეების მიხედვით - კუროა, წლის მიხედვით - ტახი.

- დაშვებულ შეცდომებზე იუმორით ლაპარაკი გიძნელდებათ?

- მიჭირს. ყველაფრის გასაანალიზებლად რაღაც დრო მჭირდება. სხვათა შორის, შეცდომის გამო სასაცილო სიტუაციაშიც აღმოვჩენილვარ - ასეთ დროს მეცინება და რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს იუმორით ვუყურებ.

- დრაკონებს გადამეტებული ეგოიზმი და ამბიციურობა ახასიათებთ...

- მიმაჩნია, რომ ეს თვისებები ჩემში ზომიერადაა. გადამეტებული არაფერი მიყვარს. სიყვარულში, განცდასა და ყველანაირ გრძნობაში თავშეკავებული ვარ.

- საკმარისი პიროვნული ღირსებები აქვთ, რომელსაც ხშირად, მორიდებული ხასიათის გამო ვერ ან არ ამჟღავნებენ...

- ბავშვობაში ძალიან მორცხვი ვიყავი, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად, ზედმეტი სიმორცხვე დავძლიე. საერთოდ, ჩემს ხასიათში რაც არ მომწონს, იმას აუცილებლად ვებრძვი.

- ამაყი ბუნების გამო დრაკონს არათუ სხვებთან, საკუთარ თავთანაც კი არ შეუძლია გულახდილი იყოს.

- ეს ტყუილია, საკუთარ თავთან ყოველთვის გულახდილი ვარ.

- მას გვერდით ისეთი ადამიანი უნდა ჰყავდეს, რომელიც გამუდმებით გაუმეორებს: "თავი ასწიე, ცხოვრება არცთუ ისე ცუდია, როგორც გგონია". ის მთელი ცხოვრება დეპრესიას ებრძვის, მაგრამ სხვებს ამას არ აგრძნობინებს.

- ასეთი ადამიანი გვერდით მართლა მჭირდება და მყავს კიდეც - ეს დედაჩემია. ბავშვობიდან მოყოლებული, "მქოქავს": "ეკა, შენ ეს შეგიძლია", "ეკა, შენ ეს უნდა გააკეთო". დედამ მიბიძგა, სიმღერები დამეწერა, მსახიობი გავმხდარიყავი. ნინიც თხის რქაა და ძალიან მგავს: მორიდებული და მელანქოლიურია. რომ შევხედავ, ზუსტად ვიცი, რა სჭირს და "ვქოქავ".

- მათ ეხერხებათ, გარშემო მყოფების ჯეროვანი ყურადღება მიიქციონ.

- გააჩნია, როგორ ხასიათზე ვარ. არსებობენ ადამიანები, რომლებიც გაუთავებლად აქტიურობენ. მე ასე იშვიათად ვიქცევი, წყნარად ყოფნა და სხვისი მოსმენა მირჩევნია.

- ასტროლოგები ამბობენ, რომ დრაკონებს "საგარეო იმიჯის" ოსტატურად შექმნაც ეხერხებათ.

- მართალია, ზოგჯერ კარგ განწყობილებაზე არ ვარ, მაგრამ ვცდილობ, ლაღი ვიყო, სხვა არ შევაწუხო. ზოგჯერ შინაგანად სხვანაირად ვგრძნობ თავს, გარეგნულად კი - სხვანაირად გამოვიყურები.

- თქვენს ნიშანს ჩაცმის დახვეწილი სტილითაც გამოარჩევენ, რაზეც კითხვას არ დაგისვამთ - ფაქტია!

- გმადლობთ!

- დაბოლოს, ასტროლოგები გეკითხებიან: რად გაქციეს ვარსკვლავებმა წარმატების სახლის გამგებლად, როცა წარმატებას თითქმის არასოდეს მოაქვს თქვენთვის სრული კმაყოფილება?

- შემიძლია ვთქვა, რომ წარმატებული ადამიანი ვარ, მაგრამ მიღწეულით არასდროს ვკმაყოფილდები. შრომისმოყვარე გახლავართ და მადლობა უფალს, რომ ასე დამაჯილდოვა.

მსახიობი გიორგი ვარდოსანიძე ამბობს, რომ ასტროლოგთა რჩევებს იშვიათად ეცნობა. ის დრაკონის წელში დაბადებული კირჩხიბია. მიუხედავად იმისა, რომ ასტროლოგიის ნაკლებად სჯერა, 2012 წლის დადგომას სიხარულით ხვდება და ამბობს,

- ჩემი წელი დაიწყოო.

- გიორგი, გასული წელი შენთვის როგორი იყო?

- ძალიან კარგი. საერთოდ, ბოლო 5 წელია, ერთმანეთზე უკეთესი წლები მაქვს.

- გისურვებ, მომავალში უფრო უკეთესი წლები გქონოდეს. ასტროლოგები ამბობენ, - კირჩხიბი ძალიან მორცხვიაო.

- მორიდებული ნამდვილად ვარ. არ მიყვარს ბევრი ლაპარაკი უცნობ ადამიანებთან, განსაკუთრებით, ასაკით ჩემზე უფროსებთან. უარის თქმაც მიჭირს, რადგან არ მინდა, ვინმეს ვაწყენინო.

- პატივმოყვარე ხარ?

- არა.

- წარმატებისკენ შემოვლითი გზით სიარული გახასიათებს?

- მიზანი თუ დავისახე, თავს არ დავზოგავ, პირდაპირ "ვასკდები".

- კომფორტი შენთვის რამდენად მნიშვნელოვანია?

- გააჩნია, სიტყვა "კომფორტში" ასტროლოგები რას გულისხმობენ... ზოგჯერ რბილ საწოლში დაძინებას ტყეში, კოცონთან ღამის გათენება მირჩევნია, ტანსაცმელზე კვამლის სუნი რომ ამდის.

- ეჭვიანია და სასიყვარულო ურთიერთობებშიც იშვიათად ავლენს შინაგან "მეს".

- არც ეჭვიანი ვარ და არც შინაგან "მეს" ვმალავ!

- ადამიანებთან ხშირად "თამაშობ"?

- ხშირად - არა, მაგრამ სხვების მსგავსად, ზოგჯერ "თამაშიც" მიწევს.

- ვისთან არ "თამაშობ"?

- ჩემს საყვარელ ადამიანთან - თამთასთან (ლაპარაკია გიორგის შეყვარებულ თამთა შალამბერიძეზე. - ავტ.) და ოჯახის წევრებთან.

- კრიტიკაზე როგორ რეაგირებ?

- ჯანსაღი კრიტიკის გარეშე ვერ გაიზრდები.

- მოგზაურობა გიყვარს?

- მიყვარს - რბილად ნათქვამია, ვგიჟდები. ჩემი ნება რომ იყოს და ბევრი ფული მქონდეს, ყველაფერს მივატოვებდი და მთელ მსოფლიოს შემოვივლიდი.

- ყველაზე მეტად, რომელი ქვეყნის ნახვა გინდა?

- ძალიან მინდა, ტიბეტში ჩავიდე. ამ ზაფხულს ვაპირებ, ეს ოცნება ავიხდინო და იმედია, ამას შევძლებ. მინდა, ერთი თვით, მარტო წავიდე. დიდი ხანია, ამ ქვეყნის და მისი კულტურის შესახებ ლიტერატურას ვკითხულობ. იქ სხვა კლიმატია, სხვა კულტურაა, რადიკალურად განსხვავებული სამყაროა; ერთადერთი ადგილია, სადაც მსურს, მარტო წავიდე, სხვა ქვეყნებს კი მეგობრებთან ერთად მოვივლიდი.

- სევდიანი ხარ?

- კი.

- ბავშვობასაც ხშირად იხსენებ?

- ვიხსენებ, რადგან ნოსტალგია მაქვს. საერთოდ, ბავშვობის წლების ხიბლს მოგვიანებით ვხვდებით. ახლა ვფიქრობ, რომ მაშინ ბევრი უნდა მეთამაშა. ადრე დავიწყე "კაცობა" და დღეს ამას ვნანობ. შეიძლებოდა, ბავშვობის წლები უფრო გამეხანგრძლივებინა.

- ის იშვიათად შმაგდება, მაგრამ თუ გაშმაგდა...

- (მაწყვეტინებს) ეს ასტროლოგების ყველაზე დიდი შეცდომაა - ადვილად "ვფეთქდები"; მართალია, ხშირად სამართლიანად, მაგრამ ამის გამო რამდენჯერმე ბოდიშის მოხდამაც მომიწია. როგორც ყველა ადამიანი, მეც ბევრ შეცდომას ვუშვებ, მაგრამ მთავარია, შეცდომა დროულად გაიაზრო.

- ალკოჰოლთან "მეგობრობ"?

- ალკოჰოლი არ მიყვარს. სხვათა შორის, ეს გენეტიკურია - მამაჩემიც არ სვამს. ლუდი მიყვარს. ალკოჰოლს ვიღებ მაშინ, როცა რაღაც ძალიან კარგი ხდება, მონატრებულ მეგობრებს ვნახულობ და როცა ვიცი, რომ წინ თავისუფალი 2 დღე მაქვს. თრობის პროცესი მსიამოვნებს, მაგრამ მეორე დღეს იმდენად ცუდად ვარ, ვიქადი, - ცხოვრებაში აღარ დავლევ-მეთქი...

- ასტროლოგები გირჩევენ, ალკოჰოლის მიღებისას ზომიერება დაიცვა. რომანტიკული ადამიანი ხარ?

- ძალიან, და სხვათა შორის, ბოლო დროს სენტიმენტალურიც გავხდი. იმდენად გაცივდა ურთიერთობები, რომანტიკულობა, გრძნობების გამოხატვა სისუსტედ აღიქმება. ბოლო დროს ძალიან ემოციური ვარ. შეიძლება, ეს ჩემი პროფესიის ბრალიცაა. შიშველი ნერვივით გახლავართ და ალბათ, ნაადრევად დავბერდები.

- თავგანწირვა შეგიძლია?

- ასეთი გამონათქვამი არსებობს: ძალიან იოლია, თავი გაწირო მეგობრისთვის, მაგრამ მთავარია, ასეთი ადამიანი იპოვო.

- შენ იპოვე ასეთი მეგობარი?

- რამდენიმე ისეთი მეგობარი მყავს, რომელთა გამო ყველაფერს გავაკეთებ.

- ხასიათი ხშირად გეცვლება?

- საკმაოდ ხშირად!

- ცვალებადი ხასიათის გამო იგი შეიძლება, ჩახლართული სასიყვარულო ამბის გმირი გახდეს...

- იყო დრო, როცა ასეთ სასიყვარულო "ხლართებში" მეც ვებმებოდი, მაგრამ მსგავსი თავგადასავლები ასაკის მატებასთან ერთად, წარსულს ჩაჰბარდა.

- თუ ვინმე შეუყვარდა, არაფერია ისეთი, მისი გულის მოსაგებად რომ არ გააკეთოს.

- ასტროლოგებს ამაში ვეთანხმები.

- უმალ სიცრუის მორებს დაახვავებს, ვიდრე თავის ცოდვას აღიარებს...

- ეს ტყუილია! ვცდილობ, საქმე საბოდიშოდ არ გამიხდეს. მართალია, ბოდიშის მოხდა სირცხვილი არაა, მაგრამ გარკვეულწილად, საკუთარი თავის, საქციელის უარყოფაა.

- დაბოლოს, რას იტყვი ასტროლოგთა დახასიათებაზე?

- ბევრი რამ დაემთხვა, არა? მგონი, დროა, მათი რჩევების კითხვა და გათვალისწინება დავიწყო.

"ჩემდა სამწუხაროდ, ასტროლოგიას ნაკლებად ვაქცევ ყურადღებას, მაგრამ ვიცი, რომ დრაკონის წელში ვარ დაბადებული. ცოდნა ადამიანს არ ვნებს. ვწუხვარ, რომ ქართული კალენდარი, თვეების ქართული დასახელება დავიწყებული გვაქვს", - მითხრა მსახიობმა ზურაბ ცინცქილაძემ. თვეების მიხედვით მისი ზოდიაქოს ნიშანი კირჩხიბია.

- დრაკონები საზოგადოებაში მისაბაძი ადამიანის რეპუტაციით სარგებლობენ.

- კარგია, თუ ასეა.

- თუმცა მათი ამგვარი საპატიო სტატუსი საკუთარი თავის ფლობისა და "საგარეო იმიჯის" ოსტატურად შექმნის შესანიშნავ უნარს ეფუძნება, ვიდრე პიროვნულ ღირსებას.

- ჩემთვის ღირსება მთავარია! ღმერთს ვევედრები, ისეთი რამ არ გამაკეთებინოს, რაც ჩემს ღირსებაზე ცუდად იმოქმედებს.

- დრაკონები დახვეწილი, გემოვნებიანი ჩამცმელები არიან.

- ჩაცმას ნაკლებ ყურადღებას ვაქცევ, მაგრამ ვაღიარებ, როცა კარგად მაცვია, უფრო ამაღლებულ განწყობილებაზე ვარ.

- ამაყი ბუნების გამო ჩადენილი შეცდომების აღიარება არ შეუძლიათ.

- შეიძლება, გარკვეული დროის მანძილზე ქვეცნობიერმა სიამაყემ მძლიოს და შეცდომა არათუ სხვასთან, არამედ საკუთარ თავთანაც არ ვაღიარო. ნებსით თუ უნებლიეთ, ყველაფერი ხდება. შეცდომა გარკვეული დროის შემდეგ მაინც უნდა აღიარო, თორემ ის სადღაც ჩაიმალება, სულსა და სხეულში ავადმყოფობად დაგრჩება.

- გამოუსწორებელი რომანტიკოსი და იდეალისტია.

- ნამდვილად ასეა, უფრო მეტიც, არც მინდა, რომ გამოვსწორდე; მსურს, სიკვდილამდე ასეთი ვიყო: მიმნდობი, დამჯერი, რომანტიკოსი... ჩემთვის არაერთხელ უსაყვედურიათ, - სიკეთე რატომ გააკეთეო? იმას კი, ვინც სიავეს სჩადის, არავინ ეკითხება: ეს როგორ იკადრეო?

- იმედგაცრუებული ხშირად ყოფილხართ?

- რა თქმა უნდა! წლების წინ ერთი ბრძენის გამონათქვამი წავიკითხე და დამამახსოვრდა: "ჯობია, იყო მოტყუებული, ვიდრე - მატყუარა". იმედგაცრუების ჟამს თავს ყოველთვის ამ სიტყვებით ვიმშვიდებ.

- დრაკონები სასურველი პარტნიორის ძიებაში ხანგრძლივი დროის მანძილზე, ერთი სასიყვარულო გატაცებიდან მეორეზე ადვილად და ძალზე სწრაფად გადადიან.

- მთლად ასეც არ არის. ძალიან ახალგაზრდა, 19 წლის ასაკში დავქორწინდი და უცოლო როდის ვიყავი, აღარც მახსოვს. 17 წლის შვილიშვილი მყავს.

- ასტროლოგები დრაკონების კარგ მეწყვილედ ვირთხას, მაიმუნს ან ვეფხვს მიიჩნევენ, ხოლო ხართან და ძაღლთან ქორწინებას არ ურჩევენ.

- ჩემი მეუღლე გველის წელშია დაბადებული. ერთმანეთს რომ არ ვეწყობოდეთ, ამდენ წელს ერთად ვერ გავძლებდით.

- ხშირად დრაკონებს რთული ბავშვობა აქვთ...

- ბავშვობაში ბებიასთან ვიზრდებოდი. ვიცი, რა არის გაჭირვება, სიცივეც. თუ ჩემს სულს რაიმე კარგი ამჩნევია - სიკეთე, თავმდაბლობა, სარწმუნოებასთან სიახლოვე - ბებიასგან ვისწავლე.

- დაშვებულ შეცდომებზე ხუმრობა გიძნელდებათ?

- საკუთარი შეცდომები მტკივა. იუმორით ჩემდამი დაშვებულ სხვის შეცდომებს ვუყურებ.

- მორიდებული ადამიანი ხართ?

- ნამდვილად ასეა! რიდი ცუდი თვისება არ არის. როცა ვინმე ჩემთან დამნაშავეა, მასთან შეხვედრას ვერიდები იმის გამო, რომ არ მინდა, თავი უხერხულად იგრძნოს.

- ახალ წელს ოჯახთან ერთად შეხვდით?

- თითქმის ყოველთვის, შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად ვხვდები. ბავშვებს ბაბუის დანახვა ძალიან უხარიათ, ეს კი ჩემთვის დიდი ბედნიერებაა.

მომღერალი ქეთი ორჯონიკიძე ასტროლოგთა რჩევებს უმეტესად, რუსულ გამოცემებში კითხულობს. მისთვის ეს სფერო მეტ-ნაკლებად საინტერესოა.

- ქეთი, საკუთარ თავს როგორ დაახასიათებ?

- თვეების მიხედვით, მშვილდოსანი ვარ. ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ ზარმაცი გახლავართ, მაგრამ იმასაც ამბობენ, - ძალიან თბილი და მოსიყვარულეაო.

- ეს სიმართლეა?

- ჩემს შემთხვევაში ნამდვილად ასეა! ხასიათის ცუდი თვისებებიც ემთხვევა.

- მაგალითად?

- ფიცხი ხასიათი მაქვს; თუ "ავფეთქდი", მერე ვეღარ ვარჩევ, ვინ შინაურია და ვინ - გარეული. ვცდილობ, ნერვები არ მომეშალოს. ადამიანს თუ ვაწყენინებ, მისთვის ბოდიშის მოხდა არ მეთაკილება.

- დრაკონები სასურველი პარტნიორის ძიებაში, ხანგრძლივი დროის მანძილზე, ერთი სასიყვარულო გატაცებიდან მეორეზე იოლად და ძალზე სწრაფად გადადიან...

- პირადად მე, ხანგრძლივი ურთიერთობები მაქვს ხოლმე. ფლირტიდან ფლირტზე იოლად გადავდივარ, მაგრამ თუ სერიოზული გრძნობა გამიჩნდა, მასთან დაშორება მიჭირს.

- მერყევი ხასიათი გაქვს?

- ამბობენ, რომ ძალიან ჯიუტი ვარ. სხვისი აზრი ყოველთვის მაინტერესებს, მაგრამ დავაკვირდი და აღმოვაჩინე, - თუ სხვისი აზრი ჩემსას არ ემთხვევა, მაინც არ ვითვალისწინებ. კრიტიკაც არ მაღიზიანებს. ვფიქრობ, - თუ არავინ გაკრიტიკებს, ე.ი. არავის აინტერესებ.

- ეჭვიანი ხარ?

- ვარ, ზოგჯერ - ზედმეტადაც კი.

- სიტყვაძუნწიც?

- თუ ადამიანი არ მომწონს, მასთან არ ვურთიერთობ. ბავშვობაში ლიდერის თვისებები მქონდა, ჩემი ზეგავლენის ქვეშ ეზოს ბავშვების მოქცევა არ მიჭირდა.

- ამაყი ხარ?

- ეს თვისება ბავშვობაში უფრო მეტად მქონდა, ვიდრე - დღეს. არა მგონია, ამაყი ვიყო. უბრალოდ, საკუთარ თავს პატივს ვცემ; ზუსტად ვიცი, ვინ ვარ და როგორი ვარ.

- შეცდომის აღიარება გიჭირს?

- ძალიან მიჭირს იმის გაცნობიერება, რომ რაღაც შემეშალა და სიმართლე გითხრათ, ამას საკუთარ თავს უფრო ვერ ვუმხელ, ვიდრე სხვებს.

- 2012 შენი წელია. განსაკუთრებული შეგრძნება ხომ არ გაქვს?

- ასე მგონია, დრაკონის წელი ჩემთვის წარმატებული იქნება; "გრემი" უნდა ავიღო, ამაზე ბავშვობიდან ვოცნებობ (იცინის).

- წარმატებულ წელს გისურვებ!

- გმადლობ! ყველასთვის წარმატებული და ბედნიერი წელი ყოფილიყოს.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება