თამადა "ქეიფის სამინისტროდან"

თამადა "ქეიფის სამინისტროდან"

ახალი წლის დღესასწაული - სუფრის, სუფრა კი თამადის გარეშე წარმოუდგენელია. თამადობა ხომ ხელოვნებაა... ქართულ ოჯახებში, ვაჟებს სუფრის თავკაცობის ადათ-წესებს ბავშვობიდანვე აჩვევდნენ და ასწავლიდნენ. თითოეულ თამადას მისთვის დამახასიათებელი ხელწერა, მანერა და ხასიათი აქვს. კარგი თამადა მჭევრმეტყველი, ქართული სუფრის წეს-ჩვეულებების მცოდნე, ენაკვიმატი, არტისტული, კარგი იუმორის მქონე, ამბის საინტერესოდ მთხრობელი უნდა იყოს და რასაკვირველია, სმაც უნდა შეეძლოს. ჩვენი საახალწლო ნომრის თამადად როგორც თვითონ ამბობს, "ქეიფის სამინისტროს" წარმომადგენელი - დავით როსტომაშვილი შევარჩიეთ.

- გმადლობთ, რომ ეს საპატიო მისია დამაკისრეთ.

- მსმენია, კარგი თამადობა იცისო...

- თამადობა ხშირად მიწევს. დიდი ხანია, ამ "საქმეს" ხელი მოვკიდე. სკოლის დამთავრების პერიოდში, მეგობრების დაბადების დღეებზე დავდიოდი და სუფრის თავკაცადაც ხშირად მირჩევდნენ. მანამდე "ქეიფის სამინისტროში" მერიქიფის თანამდებობა მეკავა. შეამჩნიეს, რომ კარგი მონაცემები მქონდა და მალე დამაწინაურეს.

- თამადობა ვისგან ისწავლეთ?

- მამაჩემისგან. ჩვენს ოჯახში სუფრა ხშირად იშლებოდა, ქეიფი და დროს ტარება იყო; მაშინ, ასაკის შესაბამისად, მერიქიფის "თანამდებობა" საპატიო წოდება იყო. უფროსების მოსმენა მიყვარდა, საინტერესო ამბებს ჰყვებოდნენ, მათგან ბევრ რამეს ვსწავლობდი. ქართველებს ხომ თითქმის ცხოვრების ნახევარი სუფრასთან ყოფნა გვიწევს. თამადა სუფრის სხვა წევრებისგან უნდა გამოირჩეოდეს.

- მაინც რით უნდა გამოირჩეოდეს?

- ქართული სუფრა აკადემიააო, - ეს სიტყვები თავის დროზე ბრძენმა თქვა. სუფრის თავკაცმა საკუთარი ქვეყნის ისტორია უნდა იცოდეს, არის სადღეგრძელოები, რომლებიც წარსულის ცოდნას მოითხოვს. მჭევრმეტყველი უნდა იყოს, დალევა შეეძლოს. ბავშვობიდან მიყვარს პოეზია, ცეკვა, სიმღერა... სუფრის წევრმა, შენგან რაღაც უნდა ისწავლოს...

- სუფრას რომელი სადღეგრძელოთი იწყებთ?

- პირველი ჭიქით ყოველთვის უფლის სადიდებელს ვამბობ. დასაბამიდან ასეა, ამქვეყნად ყველაფერი უფლის ნებით ხდება, ბოლოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ვახსენებ, მფარველობას ვთხოვ, ისევ უფლის დიდებას ვიტყვი და ვამთავრებ.

- თქვენი ნათამადარი სუფრა რით არის გამორჩეული?

- ყველაფერი მაინც კონკრეტულ სიტუაციაზეა დამოკიდებული. სუფრასთან ლექსის, ანეკდოტის თქმა, მიყვარს. მხიარულ ამბებს ვყვები, სუფრასთან ყოფნა მარტო დალევა ხომ არ არის? იქ ყოფნა ყველასთვის სასიამოვნო უნდა იყოს, ერთმანეთს უნდა მოვუსმინოთ.

- ერთი ანეკდოტი ჩვენც გვითხარით.

- ექიმმა მიხო გასინჯა და უთხრა, - შენი ღვინის დალევა არ შეიძლებაო, - კარგი, მაშინ, შენი დავლიოთო...

- სუფრასთან ყველაზე მეტად რამდენი ლიტრი ღვინო დაგილევიათ?

- 11 ლიტრი. ერთხელ მე და ჩემი მეგობარი ჩავუსხედით და 22-ლიტრიანი შემოგვეცალა. მაშინ 23-24 წლის ვიყავი. ახლა 5-6 ლიტრს "ვეთამაშები".

- სადღეგრძელო, რომელსაც ყოველთვის განსხვავებული სასმისით სვამთ, რომელია?

- ასეთი ამოჩემება არ მაქვს, მაგრამ განსხვავებული სასმისის გარეშე სუფრას ვერ ვუთამადებ. სიტუაციის მიხედვით ვიქცევი. განსხვავებულ სასმისად 3-ლიტრიანი ჭურჭლიდან მაქვს დალეული, ერთლიტრიანზე ლაპარაკი არ არის. ღვინო თოფის ლულით, "გრაფინით", ლამპის შუშითაც დამილევია, "შლანგითაც" - პირდაპირ 20-ლიტრიანი ბოციდან.

- გამორჩეულად რომელი სადღეგრძელო გიყვართ?

- მეგობრების. ერთმანეთისთვის ბევრი რამ გაგვიკეთებია. მჯერა, მომავალშიც ასე იქნება. ქართული მენტალიტეტით მეგობარი გამორჩეულ ადგილზე დგას, განსაკუთრებული ადამიანია. უმეგობრო კაცი არარაობაა! არ მიყვარს ოფიციალური სადღეგრძელოები, სამსახურებრივ შეკრებებზე რომ ამბობენ, - ჩვენს უფროსს გაუმარჯოსო! მერე რომ ჩამოჰყვებიან და 20-კაციან სუფრაზე ყველას სათითაოდ ადღეგრძელებენ, ასეთი სუფრა მოსაბეზრებელი არ არის?

- რა თქმა უნდა, მოსაბეზრებელია...

- ჩემმა ერთმა ქუთაისელმა მეგობარმა - კახი კაპანაძემ (ლონდონში ცხოვრობს და 21 თებერვალს არის დაბადებული. 3 წლის მანძილზე, მასთან დაბადების დღის მისალოცავად ჩავდიოდი) მთხოვა: - ბიჭო, დათოიე, ჩამოდი, რა იქნებაო. - ხომ იცი, სამსახურიდან შვებულება არ მეკუთვნის და ვერ ჩამოვალ-მეთქი, - ვუთხარი. - ჩამოდი, უშენოდ დაბადების დღეს რა ფასი ექნებაო? მოკლედ, კახის ყველა იმედი გადავუწურე, - ამ ამბავს შეეგუე, წელს შენთან ერთად ვერ ვიქნები-მეთქი. სინამდვილეში, 20 თებერვლისთვის ბილეთი აღებული მქონდა და ლონდონში გადავფრინდი. აეროპორტში მეორე მეგობარი - მამუკა ხავთასი დამხვდა (ლონდონში მამუკა და კახი ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობენ).

სანამ აეროპორტიდან მამუკას სახლში მივიდოდით, მანქანას "რემენი" გაუწყდა, კვირადღე იყო და ევაკუატორები არ მუშაობდნენ, მამუკამ იჩალიჩა და საიდანღაც ერთი ევაკუატორი მოიყვანა. წარმოიდგინე, ევაკუატორზე მამუკას მანქანა მოათავსეს, მანქანაში კი მე ვიჯექი. ძალიან სასაცილო დასანახავი ვიყავი. ლონდონში მცხოვრები ყველა ჩემი ახლობელი მკაცრად მყავდა გაფრთხილებული, კახის ჩემი იქ ჩასვლის ამბავი, არ უნდა გაეგო. 21 თებერვალი გათენდა, მამუკა იუბილართან გაეშურა... წასვლის წინ დავარიგე, კარი არ ჩაკეტოთ, ოდნავ ღიად დატოვეთ, რომ შემოპარვა შევძლო-მეთქი. ჯერ ვითომ თბილისიდან სკაიპით შევეხმიანე. მისაყვედურა, რატომ არ ჩამოხვედიო.

ამასობაში გიორგის - ჩემს შვილს თბილისში გადავურეკე და ვთხოვე, რომ კახის სკაიპით დაჰკავშირებოდნენ და დაბადების დღე მიელოცათ, რომ ლონდონში დათოიას სახლთან მისვლა მომესწრო. მის სახლს რომ მივუახლოვდი, ფანჯარასთან მისი ხმაც გავიგონე, გიორგის ელაპარაკებოდა, - სად არის მამაშენი, კომპიუტერთან მოვიდესო. - მამა გარეთ არის, მეზობელს ელაპარაკება და მალე შემოვაო და მელოდებოდა, მონიტორზე როდის გამოვჩნდებოდი. მე კი მის სასტუმრო ოთახში შევედი - არ მელოდი-მეთქი? - შევძახე ომახიანად. ჭიქა ხელიდან გაუვარდა (იცინის). მერე მთელი საღამო მჩქმეტდა, მართლა შენ ხარ თუ მეჩვენება, ეს რა მიქენი, დათოიაო. დაბადების დღის მისალოცავად, მასთან წასვლას წელსაც ვაპირებ.

- არაერთ ქვეყანაში ხართ ნამყოფი, მათი სუფრის კულტურა და ტრადიციები თქვენთვის ნაცნობია. იქნებ რომელიმე ქართულს შეადაროთ?

- რუსებმა სუფრასთან ლაპარაკის და სადღეგრძელოს თქმის კულტურა ჩვენგან ისწავლეს. ევროპულ სუფრასთან სიტყვაძუნწობენ, შეიძლება ითქვას, რომ არავინ არაფერს ლაპარაკობს. აქ მყოფი უცხოელების სუფრასთან არაერთხელ მითამადია, პირდაფჩენილები მიყურებენ, უკვირთ. ქართულ სუფრაზე ყველა სადღეგრძელოს ხომ თავისი დატვირთვა აქვს. მათ ვერ წარმოუდგენიათ, მეგობარს, მშობელს დედმამიშვილს სადღეგრძელოებით თუ შეიძლება მოეფერო.

- სმაში მოგყვებიან?

- რას ამბობ, მაგდენი სად შეუძლიათ.

- თანამეინახეს რა დატვირთვა აქვს?

- ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. საერთოდ უშუალო ვარ და ურთიერთობა არავისთან მიჭირს. უცხო საზოგადოებაში თამადობას ცოტა ვერიდები. სამეგობროში ყველაფერი ისე მიდის, როგორც კარაქში დანა. სუფრასთან ხათრის გამო კი არა, სიამოვნებისთვის უნდა იჯდე.

- იქნებ გამორჩეული ახალი წელი გაიხსენოთ.

- რამდენიმე წლის წინ, მე და ჩემი მეუღლე ახალ წელს ინგლისში შევხვდით, ლამაზი ახალი წელი იყო, ინგლისის დედოფალი ვნახეთ. წელს 31 დეკემბერსაც მინდოდა იქ წასვლა, მაგრამ ვერ მოვახერხე. ახალ წელს ყოველთვის სახლში ვხვდები, მერე დედმამიშვილებთან, მეგობრებთან მივდივარ და იწყება არდავიწყება...

- ინგლისის დედოფლის ნახვა როგორ მოახერხეთ?

- ტემზაზე სასეირნოდ გავედით და დედოფალმა გემით, დაახლოებით 3 მეტრში ჩაგვიარა. მომაძახა, - ბესო ბერულაშვილი სად არისო?

- თამადობისას კურიოზულ სიტუაციაში თუ აღმოჩენილხართ?

- ასეთი რამ - არა, მაგრამ ერთი ანეკდოტი კი მახსენდება, - მამი, საახალწლოდ ტუფლებს ხომ მიყიდიო? ეკითხება შვილი მიხოს. - გიყიდი, აბა, ჩვენი "მოსკვიჩივით" კუნძებზე ხომ არ დაგაყენებო.

- დაბოლოს ერთი სადღეგრძელოც "დავლიოთ"...

- მშვიდობას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას, ყველა თანამემამულეს, საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, უფლის დედამ მოწყალების კალთა გადმოგვაფაროს. ყველა გაჭირვებულს დალხინება მისცეს. უფალმა სასახელო და ჯანმრთელი მომავალი თაობა გაგვიზარდოს, ჩვენი დასაყრდენი ხომ მომავალი თაობაა. ყველაფერი ცუდი ძველ წელს გავატანოთ, ახალ წელს კი სიკეთე, ბედნიერება, ჯანმრთელობა, სიხარული მოეტანოს. ღმერთმა მოგვცეს შნოცა და დროც, ჯანიც, სურვილიც და შესაძლებლობაც მისვლა-მოსვლის, ჩახუტების, მოფერების, ჭიქის აწევის, სიყვარულის გამოხატვის, დალევისა და სახლში ყოჩაღად წასვლის.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება