ვლადიმირ პოზნერი: "მე არ ვარ რუსი”

ვლადიმირ პოზნერი: "მე არ ვარ რუსი”

ცნობილი რუსი ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის, ვლადიმირ პოზნერის მემუარები 1990 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიბეჭდა. წელს მისი შევსებული ვერსიის რუსულ ენაზე გამოცემაა დაგეგმილი. გაზეთ "კომსომოლკაში" კი უკვე დაიბეჭდა ნაწყვეტები მემუარებიდან, რომლის ავტორმაც საკმაოდ საინტერესო ცხოვრების გზა განვლო.

ბერლინური რომანი

..ნიუ-იორკი გამოუცდელმა თინეიჯერმა დავტოვე (საუბარია ამერიკიდან ბერლინში გადასვლაზე, სადაც მამამისმა "სოვექსპორტფილმში" სამსახური მიიღო): გოგოსთვის ნაკოცნიც არ მქონდა, უფრო "სერიოზულ" ურიერთობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ასე რომ, ჩვიდმეტი წლისა "გასარყვნელად" სრულიად მზად ვიყავი. ასეც მოხდა. ეს მისია "სოვექსპორტფილმის" ერთ-ერთი თანამშრომლის ცოლმა წარმატებით შეასრულა. 30 წლისა იყო და საკმაოდ კარგადაც გამოიყურებოდა - ქმარი 24 საათი სამსახურში იკარგებოდა, მას კი მოწყენილობა კლავდა. სწორედ ამ დროს, ჩემი სახით მის გვერდით აღმოჩნდა ახალგაზრდა შეყვარებული, ხბოს თვალებით რომ უმზერდა. არდადაგების დროს ყოველდღე მიწევდა მასთან შევლა, ვინაიდან მამაჩემს შეჰპირდა, რუსულ ენას ვასწავლიო.

იმ "ღირსშესანიშნავ" დღეს აბრეშუმის პრიალა პენუარში გამოწყობილი დამხვდა, რომელიც კიდევ უფრო უსვამდა ხაზს, მის ისედაც მშვენიერ სხეულს. "იცი დღეს რა ზეიმია?", - მეკითხება სასტუმრო ოთახში შესულს. "არა", - ჩავილუღლუღე. მაშინ თვალებში ჩამხედა და მითხრა: ”დღეს აღდგომაა. ამ დღეს რუსეთში ერთმანეთს ულოცავენ, შემდეგ კი კოცნიან." მივულოცე და ვაკოცე, როგორც შემეძლო. "ასე კი არა, აი ასე" - არ მოეწონა ჩემი "მილოცვა", ხელები მომხვია და თავად მასწავლა. შემდეგ, აღარაფერი მახსოვს.. ამ დღეს, კოლუმბის მსგავსად, ჩემთვის სრულიად უცნობი მატერიკი აღმოვაჩინე.

ჩვენი მხურვალე, მაგრამ ხანმოკლე რომანი ასე დასრულდა: ერთი თვის თავზე თავისთან მიმიხმო და გამომიცხადა, ფეხმძიმედ ვარო. მაშინ მე, როგორც შეყვარებულ რაინდს შეეფერება, ქმართან დაშორება და გული და ხელი შევთავაზე. იმან კი გაიცინა და მომიგდო: "თავიდან მომწყდი." ასე დასრულდა ეს ამბავი.

პირველი ქორწინება

ვალენტინა ნიკოლოზის ასული ჩემბერჯი - ასე ერქვა ჩემს პირველ ცოლს.

მას შემდეგ, რაც ხანგრძლივი ცხოვრების გზა განვვლე, მივედი დასკვნამდე, რომ ადამიანმა ჯერ კარგად უნდა გაარკვიოს, მისთვის რა არის კარგი და მხოლოდ შემდეგ შეირთოს ცოლი ან გათხოვდეს. ჩვენ 1958 წელს დავქორწინდით. მე მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტზე ვსწავლობდი, ის - ფილილოგიურზე. ერთად 9 წელი ვიცხოვრეთ. მე რომანი გავაჩაღე და შინიდან წავედი. ამან ვალენტინას უმწვავესი ტკივილი მიაყენა. მე ლამის თვითმკვლელობამდე მივედი. ბოლოს ბოდიში მოვიხადე და ოჯახში დავბრუნდი, მაგრამ ჩვენს შორის გაჩენილი ნაპრალი მაინც ვერ გამთელდა. მახსოვს ერთად გატარებული ბოლო საღამო: სტენლი კრამერის "სულელების ხომალდის" დახურულ ჩვენებაზე ვიყავით.

როდესაც შინ დავბრუნდით, ჩვეულებისამებრ სამზარეულოში დავსხედით ჩაის დასალევად. ფილმის არსზე ჩემი აზრი გამოვთქვი. მან კი შემომხედა თავისი ჭკვიანი ყავისფერი თვალებით და მიპასუხა: "ჰო ვალოდია, მართალი ხარ, ჩვენ თავს ვიტყუებთ." მივხვდი, რომ ის ფილმზე კი არა, ჩვენზე ლაპარაკობდა.

დავშორდით. მას შემდეგ დიდი ხანი გავიდა. ვალენტინა გათხოვდა - ერთ არაჩვეულებრივ ადამიანს, უნიჭიერეს მათემატიკოსს გაჰყვა ცოლად. ამჟამად ბარსელონაში ცხოვრობს. ახლა ვმეგობრობთ, რაც პირველ რიგში ჩვენი საერთო შვილის კატიასთვისაა კარგი. ძალიან მიყვარს ვალენტინა.

მამის ღალატი

1957 წელი, საბჭოთა კავშირში გატარებული პერიოდიდან, ჩემთვის ყველაზე მძიმე იყო. იმიტომ, რომ იმედი დავკარგე, დავნებდი. დავიწყე სმა. არ მახსოვდა, სად ვიყავი და რას ვაკეთებდი. ხმამაღლა ავლაპარაკდი ემიგრაციაზეც, ვინაიდან მძულდა ყოველივე საბჭოური, ვგრძნობდი რომ აქ უცხო ვიყავი. ამ დროს მამაჩემთან ურთიერთობა ჩემთვის სულ უფრო მძიმე გახდა. როდესაც ამერიკაში გამგზავრების შესახებ ჩემი განზრახვა გავანდე, ის დემემუქრა - ამაზე კგბ-ს ვაცნობებ და შენს დაპატიმრებას მოვითხოვო. ამან ის შედეგი გამოიღო, რომ შინაგანად უარვყავი მამა.

ის არაჩვეულებრივად მიმხიბვლავი და მიმზიდველი მამაკაცი იყო. ქალები გიჟდებოდნენ მასზე, ისიც მაინც და მაინც არ სწყვეტდა მათ გულს. 1961 წელს კი გავიგე, რომ თავისზე ორჯერ უმცროს ქალიშვილთან ჰქონდა რომანი. ეს იყო იმ დროისათვის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საბჭოთა კინორეჟისორის შვილი, მელასავით ეშმაკი და ჭკვიანი ქალი. ამან ძალზე მატკინა გული. ცოტა ხანში კი მამამ დამირეკა და შეხვედრა მთხოვა. შევხვდით. "ხალხს უყვარს ენის ტარტალი, ეს გასაგებია, მაგრამ შენ როგორ აჰყევი მათ, როგორ გაბედე და ეჭვი შეიტანე ჩემს წესიერებაში, დედაშენისადმი ჩემს სიყვარულში", - საყვედურით მომმართა მან.

მისი სიტყვების მერე საშინელ დღეში ჩავვარდი. ვამბობდი: "მართლაც, როგორ გავბედე ასეთის გაფიქრება." საკუთარი თავი შემზიზღდა. ამ შეხვედრიდან ერთი კვირის შემდეგ კი ფოსტაში მივედი ამერიკიდან მეგობარი გოგონას მიერ გამოგზავნილი წერილის ასაღებად. "პოზნერი"- ვუთხარი ჩემი გვარი ფოსტის თანამშრომელს. მანაც გადმომცა წერილი. ფოსტიდან გამოვედი და როდესაც კონვერტს კარგად დავაკვირდი, აღმოვაჩინე, რომ ჩემი ინიციალების ნაცვლად, მამაჩემის ინიციალები ეწერა, როგორც ჩანს, აერიათ. შავი ზღვისპირა კურორტიდან იყო გამოგზავნილი, ცხადია იმ ქალისაგან. გავხსენი და წავიკითხე. დავრწმუნდი, რომ მამამ მომატყუა. მას ამ ქალთან რომანი ჰქონდა. იმ წუთში ჩემს გვერდით რომ ყოფილიყო - მოვკლავდი. იმიტომ კი არა, რომ ვიღაც ქალთან იწვა. უკვე საკმაოდ მოწიფული ვიყავი იმისათვის, რომ ასეთებზე არ გადავრეულიყავი. ის ვერ ვაპატიე, რომ მომატყუა, მეტიც, დამაჯერა, რომ მამის გამყიდველი, ნაძირალა ვიყავი. იმ წუთში შევიძულე და დავიფიცე, რომ ერთ მშვენიერ დღეს ვაჩვენებდი ამ წერილს და ვეტყოდი: "აბა, ახლა რაღას იტყვი!"

თუმცა, მუქარა ვერ ავუსრულე. 1968 წელს სტუდია დაუხურეს, ამასობაში 60 წლისაც გახდა და პენსიაზე გავიდა. ნახევარი წლის შემდეგ კი ინფარქტმა დაარტყა. გვიანღა იყო ანგარიშსწორება, მითუმეტეს, რომ ჩემი მეორე ცოლის ეკატერინე ორლოვას წყალობით, მასთან ურთიერთობა კვლავ აღვადგინე.

კანჩალოვსკი და მიხალკოვი

1987 წელს ჰოლივუდში მოვხვდი, იქ მიწვეულ საბჭოთა კინემატოგრაფისტებთან ერთად. დელეგაციის ხელმძღვანელმა, კინორეჟისორმა ელიმ კლიმოვმა მოითხოვა ჯგუფში ჩემი ჩართვა, როგორც ამერიკის საუკეთესო მცოდნისა. იქ ბანკეტზე კლიმოვმა საჯაროდ განაცხადა უარი ანდრეი მიხალკოვ-კანჩალოვსკისთან მისალმებაზე, რომელიც რამდენიმე წლის წინ შტატებში დარჩა და იქ იღებდა ფილმებს. როდესაც მოგვიანებით კლიმოვს მისი ამგვარი ქცევის მიზეზი ვკითხე, მიპასუხა: "კანჩალოვსკიმ იოლი გზით არჩია სიარული. სანამ ჩვენ ვიბრძოდით, მართალი ფილმების გადასაღებად და ამისათვის თავშიც გვარიანად გვირტყამდნენ, ამან ფრანგი შეირთო და აქედან მოუსვა. შეეშინდა, ახლა კი, როდესაც დრო შეიცვალა, გვეტმასნება და იჩემებს, რომ ჩვენთან ერთად იბრძოდა ცვლილებებისათვის". როგორც ჩანს, კანჩალოვსკის უმტკივნეულოდ წასვლასა და მობრუნებას მამამისმაც, სერგეი მიხალკოვმაც შეუწყო ხელი. ის სძულდა ყველა ჩემს ნაცნობ ინტელიგენტს, სამაგიეროდ დიდად დაფასებული იყო ხელისუფლებისაგან, მათ მიმართ თავისი უპრინციპო და მაამებლური დამოკიდებულების გამო. ალბათ შვილიც ამის წყალობით დაიფარა. 

მე რუსი არა ვარ

მაინც როგორია რუსი ერი - ბოლო წლებში ხშირად ვფიქრობ ამაზე. ასეთი აზრიც მსმენია, რომ რუსებსა და ამერიკელებს ბევრი საერთო აქვთ. არა მგონია, ვინაიდან მათი ისტორიული გამოცდილება სრულიად განსხვავებულია. დამისახელეთ თუნდაც ერთი ევროპელი ერი, რომელიც მასზე ბევრად უფრო ჩამორჩენილი ხალხის უღელს აიტანდა 3 საუკუნის მანძილზე, ანდა სრულიად დამონებულ მდგომარეობას მე-19 მეორე ნახევრამდე.. ახლახან უძველესი რუსული ხატები ვნახე. განცვიფრებული დავრჩი. ვფიქრობ, რა იქნებოდა "აღორძინებით" "დაფეხმძიმებულ" რუსეთს მონგოლები რომ არ დატყდომოდნენ თავს, "მშობიარობა" არ შეეწყვიტათ და ევროპისთვის აგვეწყო ფეხი, ანდა მართლმადიდებლობის ნაცვლად კათოლიციზმი რომ მიგვეღო, ხოლო ბატონყმობის უღლის გაუქმებიდან 50 წლისთავზე საბჭოთა მონობაში არ ამოგვეყო თავი.

ჩემს ცხოვრებაში იყო წუთები, როდესაც ამაყად ვაცხადებდი: "მე რუსი ვარ". მაგალითად, როდესაც წითელმა არმიამ ფაშიზმი გაანადგურა, როდესაც ბერლინში გადავედით საცხოვრებლად, ხოლო შემდეგ მოსკოვში ჩამოვედით. მაშინ მკითხეს, რომელი ეროვნება ჩაეწერათ პასპორტში - დედის, რომელიც ფრანგი იყო, თუ - მამის. არც დავფიქრებულვარ, ისე ჩავაწერინე რუსი. დროთა განმავლობაში კი მივხვდი, რომ ვცდებოდი. რუსული ხასიათი, თავისი სისასტიკით, ძალმომრეობისადმი ლოიალური, გულგრილი დამოკიდებულებით, ზემდგომთა მიმართ თაყვანისცემით და ქვემდგომთა დამცირებით, არასრულფასოვნების კომპლექსით, რომ ამქვეყნად ყველაზე უკეთესნი ვართ, - ყოველივე ეს ჩემი არ არის და როგორც არ უნდა მიყვარდეს პუშკინი, დოსტოევსკი, ტოლსტოი, ბლოკი, ბულგაკოვი, იძულებული ვარ გავიაზრო: მე არა ვარ რუსი.

კგბ-ს დოსიედან

ვლადიმერ პოზნერი დაიბადა 1934 წელს ნიუ-იორკში ფრანგი და ებრაელი ემიგრანტების ოჯახში. 1949 წლამდე ცხოვრობდა ბერლინში, ხოლო 1952 წლიდან - მოსკოვში. დაქორწინებული იყო სამჯერ. პირველი ქორწინებიდან ჰყავს ქალიშვილი.

მოამზადა დავით შალიკაშვილმა.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს